ჯგუფის პირველადგილოსანი აპრილში ჰოლანდიაში ელიტრაუნდში ითამაშებს, სადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალისტის ვინაობას B ჯგუფის (ჩეხეთი, ბელორუსი, ჰოლანდია) გამარჯვებულთან გაარკვევს.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 12 საუკეთესო გუნდის მონაწილეობით 2014 წელს ბელგიაში გაიმართება.
17 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა პრესკონფერენცია გუნდის კაპიტანთან, ჯაბა ჯამბურიასთან ერთად გამართა.
მთავარი თემა მალტაში გასამართი შესარჩევი ეტაპი იყო; აგრეთვე, მანამდე მალტის საერთაშორისო ტურნირზე გუნდის გამოსვლა და ერთთვიანი
ავთანდილ ასათიანი:
- საკმაო ხანია, რაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ვემზადებით. მალტის ტურნირის ჩათვლით, ლამის ერთთვიანი შეკრება გამოგვივიდა. ტურნირიდან დაბრუნების შემდეგ ბიჭებმა ორიოდე დღით დაისვენეს და ვარჯიშები ისევ განვაახლეთ.
იმედია, ეს შესარჩევი ეტაპი ჩვენთვის წარმატებული გამოდგება და ერთხელ და სამუდამოდ დავაღწევთ თავს დაბალი რანგის შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობას.
ჩვენი მიზანი ევროპის საუკეთესო ნაკრებებს შორის დამკვიდრებაა. შარშან, ოქტომბერში პორტუგალიასთან გასვლაზე მოგებამ დაგვარწმუნა, რომ ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია და ევროპული ფუტსალის ელიტაში დამკვიდრება შეგვიძლია.
- მალტის ტურნირზე რას იტყოდით?
- ძალიან სასარგებლო ტურნირი იყო და მიმაჩნია, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი თამაში გვჭირდება, გუნდი და თითოეული მოთამაშე რომ გაიზარდოს და უფრო თავდაჯერებული გახდეს. ბიჭებმა დიდი გამოცდილება შეიძინეს. ასეთი ტურნირები ჩვენთვის, მწვრთნელებისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს, გაზრდა და გამოცდილება კი ყველას ესაჭიროება.
მეორე ადგილი დავიკავეთ, საბერძნეთთან წავაგეთ, მალტას მოვუგეთ და ინგლისთან ფრედ ვითამაშეთ.
ვერ ვიტყვი, რომ გუნდის გამოსვლით დიდად კმაყოფილი ვარ, მაგრამ იყო რამდენიმე მომენტი, რომელმაც დაგვანახვა, რომ ჩვენს ბიჭებს თამაში შეუძლიათ. ასე იყო საბერძნეთთან, რომელიც მოსაგები იყო და წავაგეთ. ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის პოტენციალი გამოჩნდა.
იმედია, შესარჩევ ციკლში ყველა მოთამაშე საკუთარ შესაძლებლობებს გამოავლენს და საქართველოს ასახელებს. საერთოდ, მძიმე თამაშები გველის და მობილიზაცია გვჭირდება.
- შემადგენლობა ოპტიმალურია?
- ყველა ვარჯიშობს, "იბერიას" ლიდერის, გოგა ალთუნაშვილის გარდა, რომელსაც ტრავმა აწუხებს და ბოლო 2 დღე არ უვარჯიშია, მაგრამ გვაიმედებენ, რომ მომჯობინდება, მალტაში გამოგვყვება და იქ სათამაშოდ 100 პროცენტით მზად იქნება.
- შესარჩევი ციკლის მეტოქეებზე რას გვეტყვით?
- მალტას 10:1 მოვუგეთ და რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესარჩევში მოგება გარანტირებული გვაქვს. ზერელე დამოკიდებულება არ წაგვადგება. ამიტომ ბიჭებს მძიმე ბრძოლისთვის განვაწყობთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველი შეხვედრა სწორედ მასპინძლებთან გვაქვს და თავს შეგვაკლავენ; ჩვენ კი, რაც შეიძლება, მეტი სხვაობით მოგება გვჭირდება.
რაც შეეხება მოლდოვის ნაკრებს, ის 2011 წლის შესარჩევი ეტაპიდანაც გვახსოვს. მებრძოლი გუნდია. მაშინ ვერ დავამარცხეთ, მერე კი გახსოვთ, გვიჩივლეს და ამ ყველაფრის გამო პირადი ანგარიშებიც გასასტუმრებელი გვაქვს.
სხვათა შორის, მატჩებს შორის ჩვენ ერთდღიანი პაუზა გვაქვს და იმედია, ძალების აღდგენასა და ქულების მაქსიმუმის დაგროვებას მოვახერხებთ.
- ეს ერთდღიანი პაუზა მეტოქეებზე უპირატესობას ხომ არ გაძლევთ?
- ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან გადაბმული კალენდარი სჯობდა. მაგრამ რაც არის, არის, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და დაბალ ზონას თავი დავაღწიოთ. და ვიმეორებ, მოლდოვასთან რევანში უნდა ავიღოთ.
- თუ შესარჩევი ეტაპიდან ელიტრაუნდში გადახვედით, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას კიდევ დაგეგმავთ?
- ჯერ ეს ეტაპი გადავლახოთ და ამ თემაზე მერე ვილაპარაკოთ. საერთოდ, ოფიციალურ შეხვედრებზე არ არის დამოკიდებული ნაკრების სპარინგების დაგეგმვა. თამაშები ყოველთვის საჭიროა. ისე, ჩვენი ჯგუფიდან ელიტრაუნდში გასულს ძლიერი მეტოქეეები დაუპირისპირდებიან: ჰოლანდია, ბელგია და ჩეხეთი. ცხადია, მათთან სერიოზული ბრძოლები იქნება.
ჯაბა ჯამბურია:
- ძალიან რთული შეხვედრები გველის, სადაც ფეხის დაცდენის უფლება არ გაგვაჩნია.
ვეთანხმები ასათიანს, რომ მოლდოვა ძლიერი გუნდია და რევანშის აღება ჩვენთვის პრინციპული საკითხია, მაგრამ მათი წინააღმდეგობის დაძლევის იმედი გვაქვს და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავაკეთებთ.
იმავე მალტასთან სერიოზული დამოკიდებულება გვმართებს, რადგან ფეხბურთში სიურპრიზები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც მეტოქეს არ აფასებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"