"იბერია სტარი" და სერჟიო ბენატი - მსოფლიოს საუკეთესოებში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "იბერია სტარი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნომინაციაშია წარდგენილი, გუნდის ბრაზილიელი დამრიგებელი, სერჟიო ბენატი კი - მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატია.

ეს ამბავი კლუბის მენეჯერმა, გიორგი დარჯანიამ გვითხრა:

"2 თებერვალს ცნობილი გახდება 2012 წელს 8 ნომინაციაში მსოფლიო მასშტაბით საუკეთესოების ვინაობა. გამოკითხვას ატარებს ფუტსალში ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა "ფუტსალპლანეტ", რომელსაც ხორვატები და იტალიელები გამოსცემენ.

"ფუტსალპლანეტ" საუკეთესოებს ავტორიტეტული სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით დაასახელებს.

"იბერია სტარი" წლის საუკეთესო კლუბის ნომინაციაზეა წარდგენილი, სერჟიო ბენატი კი - წლის საუკეთესო მწვრთნელის".

2012 წელი "იბერია სტარისთვის" მართლაც ზღაპრული გამოდგა.
მაისში კლუბმა საქართველოს ჩემპიონატში ისე გაიმარჯვა, ყველა, 14 შეხვედრა მოიგო, თანაც თითოეულ მატჩში საშუალოდ 12,9 გოლი გაიტანა!

ბოლო წლებში, "იბერია სტარი" ევროპაშიც ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, მაგრამ 47 წლის ბრაზილიელი სერჟიო ბენატის ხელში გუნდმა მართლაც იმას მიაღწია, რაც მთავარმა მწვრთნელმა ჩამოსვლისთანავე მიზნად დაისახა.

ბენატი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში 1989 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მწვრთნელობის დროს კი ყველაზე დიდი ტიტული 2005 წელს მოიპოვა, როდესაც ბელგიური "შარლერუა" ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებამდე აღაზევა.

ბრაზილიელმა "იბერია" წინა წლის ივლისში ჩაიბარა და მისმა დარიგებებმა საქართველოს ჩემპიონს 2012 წლის აგვისტოში, პირველივე ტურნირზე წარმატება მოუტანა. ლვოვის თასზე, სადაც წინა წლებში გუნდის საუკეთესო მაჩვენებელი მეორე ადგილი იყო, საქართველოს ჩემპიონმა 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა - უკრაინულ "კარდინალს" 4:1 მოუგო, ასევე უკრაინული "ლემბერგს" - 7:0, პოლონური "რეკორდს" - 3:0, ფინალში კი "იბერიამ" რუსულ "გაზპრომ-იუგრას" 3:2 სძლია და პრესტიჟული გათამაშების გამარჯვებული გახდა.

ოქტომბერში კი უეფას თასის ელიტრაუნდში, რომელიც თბილისში გაიმართა, ბენატის გუნდმა გაიბრწყინა: იტალიური "ლუპარენსე" 6:1 გაანადგურა, უნგრულ "დიორ ეტოსთან" 2:2 ითამაშა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლისაბონის "ბენფიკა" 7:4 დაამარცხა და ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალში მოხვდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საკლუბო დონეზე, საუკეთესო შედეგი იყო.

6 დეკემბერს ლოზანაში, უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2013 წლის ფუტსალის ევროპის თასის ოთხთა ფინალის მასპინძელ ქალაქად თბილისი დასახელდა. საქართველოს დედაქალაქს ესტუმრებიან "ბარსელონა", ყაზახური "კაირათი" და მოსკოვის "დინამო" და "იბერიასთან" ერთად, ფუტსალში ევროპის ყველაზე პოპულარული გათამაშების გამარჯვებულს გამოავლენენ.

ამ მართლაც არარეალურ წარმატებას სათავე "იბერიას" პრეზიდენტმა, ვახო წერეთელმა დაუდო. მისი დამსახურებაა, საქართველოში არც ისე პოპულარული ფუტსალი ჩვენს გულშემატკივარს რომ შეუყვარდა და პოპულარული გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი დადგინდა
უეფას საკლუბო რეიტინგში "იბერიამ" "ბარსელონა" ჩამოიტოვა
"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალშია!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული