დღეს თბილისში უეფას თასი ჩამოდის

AutoSharing Option
27 მარტს თბილისში, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის კენჭისყრა გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

ამ დღეს საქართველოში გვესტუმრებიან უეფასა და ოთხთა ფინალში მონაწილე გუნდების ("ბარსელონა", ალმატის "ქაირათი", მოსკოვის "დინამო") დელეგაციები და საპატიო სტუმრები, ღონისძიებას კი ძმები - შოთა და არჩილ არველაძეები გაუძღვებიან.

"იბერია სტარის" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ გვაცნობა, რომ უკვე საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან მოსკოვის "დინამოსა" და ალმატის "ყაირატის" წარმომადგენლები, "ბარსელონას" ხალხს კი 26 მარტს უეფას დელეგაციასთან ერთად ელიან, რომლებიც ფუტსალის უეფას თასს ჩამოიტანენ.

კენჭისყრაში მონაწილეობის გარდა,
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაათვალიერებენ თბილისის სპორტის სასახლეს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიას", სადაც მონაწილე გუნდების დელეგაციები დაბინავდებიან და უსაფრთხოების ნორმებსა და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ მატჩები 26 და 28 აპრილს გაიმართება, წილისყრაზე კი ნახევარფინალური წყვილები დადგინდება. შეხვედრების რეპორტაჟებს "ევროსპორტი" გეგმავს - ევროპელმა მაუწყებლებმა ამის თაობაზე "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" თანამშრომლობა უკვე დაიწყეს და დიდი ხანია, რაც ხარისხიანი რეპორტაჟის წასაყვანად კონსულტაციები აქვთ.

განაცხადის წარდგენის ბოლო თარიღი 18 აპრილია. "იბერიაში" ახალწვეულები ისევ ბრაზილიელები არიან - კუმანო, ფაბიო და მარსელო.

"ლელო" უკვე წერდა, რომ მოსკოვური შეკრებიდან დაბრუნებული "იბერია სტარის" პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა ახალწვეულების ნაწილით უკმაყოფილება გამოთქვა და ახალი მოთამაშეების დამატებას აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დედაქალაქში შეკრებისას საქართველოს ჩემპიონმა სამი საკონტროლო მატჩი გამართა და მხოლოდ ერთი დაასრულა ფრედ, ორში კი დამარცხდა.

წერეთელს ოთხთა ფინალში ქართველი გულშემატკივრის გახარება სურს, რაც მოსკოვში ნაჩვენები თამაშის ხარისხით შეუძლებელი იქნება. კლუბის მენეჯერის, გიორგი დარჯანიას თქმით, კლუბის პრეზიდენტს მსოფლიო დონის ვარსკვლავის ჩამოყვანა სურდა, მაგრამ სასურველ მოთამაშეთა გვარები არ დაუკონკრეტებია.

შევიტყვეთ, რომ საქართველოს ჩემპიონი ფუტსალის მესის, პორტუგალიის ნაკრების ლიდერ რიკარდინიოს ელაპარაკებოდა, რომელიც ამჟამად იაპონიის "ნაგოია ოუშენსში" თამაშობს. სხვათა შორის, მან 2012 წლის ოქტომბერში ლისაბონში საქართველოს ფუტსალის ნაკრების წინააღმდეგ ის მატჩი ითამაშა, რომელშიც "ჯვაროსნებმა" სენსაციური გამარჯვება (4:2) მოიპოვეს.

რიკარდინიოს "იბერია სტარი" დაელაპარაკა, რომელიც თავიდან კი დაინტერესდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ იაპონიაში მოთამაშე პორტუგალიელს ოთხთა ფინალში ჩვენი მეტოქე "ბარსელონა" დაელაპარაკა, პირობები შეუთანხმა და მაისიდან კატალონიაში გადადის.

რადგან სეზონში მესამე კლუბის შეცვლის უფლება არ ჰქონდა, "იბერია სტარში" მისი ტრანსფერი გამოირიცხა - საქართველოში თამაშს ესპანეთში გამოსვლა რომ ურჩევნია, ესეც არ არის სალაპარაკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული