25 და 26 მარტს ავთანდილ ასათიანისა და ბესიკ არველაძის შეგირდებმა "ტოპსპორტცენტრუმარენაზე" უკვე ივარჯიშეს.
ჯერ უცნობია, პირველ შეხვედრას ჩაატარებს თუ არა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბობოხიძე, რომელიც აზერბაიჯანთან საკონტროლო შეხვედრაში დაშავდა.
ამასობაში უეფამ იმ ოფიციალური პირების ვინაობა დაასახელა, ვინც როტერდამში გაირჯება: დელეგატი გაბორ კოვაჩი (უნგრეთი), მსაჯთა დამკვირვებელი ანდრეა ლასტრუჩი (იტალია), მსაჯები: ჟოაო როჩა
ახლა მეტოქეებზე: ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს დღემდე არ შევხვედრივართ. 2008 წელს ამხანაგურ მატჩში გაჯიბრების შანსი იყო, მაგრამ ვერ მოხერხდა.
მასპინძელთა ნაკრები ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც კარგად მომზადებული გუნდია. მსოფლიო გრანპრიზე ძლიერი რუმინეთი 3:1 დაამარცხეს. 2011 მსოფლიო შესარჩევზე ბრნოში ჩეხებთან 1:5 წააგეს, ბელორუსთან კი - 0:2. წინა შესარჩევზე სერბებთან 2:2 ითამაშეს, რუსეთთან 0:2 წააგეს, ბრაზილიელებით და არაბებით გაძლიერებულ სოლიდურ ბელგიასთან კი - 4:4 დაასრულეს.
მასპინძელთა რიგებში წამყვანი ფიგურა გუნდის კაპიტანი, მეკარე პეტერ როზენბააკია, რომელიც ევროპის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე დაუსახელებიათ. მისი აზრით, ფავორიტები ჩეხები არიან, მაგრამ მიიჩნევს, რომ გასვლის შანსი ჰოლანდიას, ბელორუსსა და საქართველოსაც აქვთ.
ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთი მატჩი გვაქვს გამართული და ისიც 13 წლის წინათ: მსოფლიოს შესარჩევ ციკლს ჩეხეთმა კარლოვაცში უმასპინძლა და დიდი ანგარიშით მოგვიგო - 10:2.
ახლა ჩეხების ნაკრებში თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს და სპეციალისტების აზრით, დღევანდელი ნაკრები 10 წლის წინანდელს ბევრად ჩამორჩება, მაგრამ ეს გუნდი მაინც ჯგუფის ფავორიტია.
სხვათა შორის, ჩეხთა მთავარი მწვრთნელი ოტა სტეისკალი მალტაზე იმყოფებოდა და საქართველოს ნაკრების თამაშები იხილა.
ბელორუსი საკმაოდ მონოლითური ნაკრებია. მათ საუკეთესო შედეგად პორტუგალიასთან ფრე მიაჩნიათ - 5:5. დღემდე საქართველომ მასთან სამჯერ ითამაშა და სამივე - ოფიციალურად.
1998 წელს, შესარჩევ ციკლში, რეჯიო კალაბრიაში ურთულეს და დაძაბულ ბრძოლაში სლავები მინიმალური ანგარიშით, 5:4 დავამარცხეთ. 2002 წელს პორტუგალიურ ტავირაში ფრეს, 2:2 დავჯერდით. 2009 წლის მარტში ელიტრაუნდის შეხვედრა კვლავ დაძაბული გამოდგა და 0:2 წავაგეთ. იმ წელსაც ნაკრებს ავთანდილ ასათიანი და ბესიკ არველაძე ავარჯიშებდნენ. ელიტრაუნდამდე ბელორუსმა 21 მარტს მინსკში საკონტროლო შეხვედრა ყაზახეთის ნაკრებთან გამართა და ფრეს, 1:1 დასჯერდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"