"იბერია სტარის" მწვრთნელი სერჟიო ბენატი ავად გახდა

AutoSharing Option
თბილისში გასამართი ფუტსალის ოთხთა ფინალის მატჩები 26 აპრილს დაიწყება: ნახევარფინალში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი "იბერია სტარი""მოსკოვის "დინამოს" შეხვდება, "ბარსელონა" კი ყაზახურ "კაირათს". ფინალი კი 28 აპრილს გაიმართება.

ტურნირს ქართველი გულშემატკივარი დიდი იმედით ელის. მაგრამ ნახევარფინალამდე რამდენიმე დღით ადრე "ლელომ" სენსაციური ინფორმაცია მოიპოვა - ოთხთა ფინალში გუნდი მთავარი მწვრთნელის, ბრაზილიელი სერჟიო ბენატის ხელმძღვანელობით არ ითამაშებს.

ინფორმაცია "იბერია სტარის" პრეზიდენტ ვახო წერეთელთან გადავამოწმეთ.

"სამწუხაროდ, ეს სიამრთლეა. ბენატი ავად გახდა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იძულებული შეიქმნა სამშობლოში დაბრუნებულიყო - მასთან კონტრაქტი დროებით შევაჩერეთ.

ბენატის
არყოფნაში გუნდს ალიკ სარქისიანი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ჩვენი კლუბისა და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, კარიერის დასრულების შემდეგ კი "იბერიას" მწვრთნელთა ასისტენტად მუშაობდა.

ბენატის არყოფნა დანაკლისია, მაგრამ მიმაჩნია, რომ კატასტროფა ნამდვილად არ არის. გუნდი ისეთი აწყობილია, უბრალოდ, მწვრთნელმა ხელი არ უნდა შეუშალოს. ასე რომ, ოთხთა ფინალს ძველებურად, დიდი იმედით ველოდებით"
- დაგვიდასტურა წერეთელმა.

ელიტ რაუნდის შემდეგ, "იბერიაში" სერიოზული საკადრო ცვლილებები დაუგეგმავად მოხდა. გუნდის წამყვანი მოთამაშეებიდან ერთ-ერთს, რომარიოს ელიტ რაუნდში დისკვალიფიკაცია მისცეს, ნახევარფინალს ტოვებდა და გუნდს ვერ დაეხმარებოდა.

ამის გამო წასვლა გადაწყვიტა, რასაც დაერთო სხვა მოულოდნელობები: მასთან ერთად, გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ სოლოდოვიკმა უკრაინაში კიდევ ორი იბერიელი მოთამაშე წაიყვანა, ერთიც სხვა გუნდში მიიწვიეს და საქართველოს ჩემპიონს ბრაზილიაში ახალი ბირთვის მოძებნა დასჭირდა.

ამის მიუხედავად, წერეთელი განვლილი ეტაპით კმაყოფილია:

"ჩვენ არ ვართ რომელიმე კონკრეტულ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი. "იბერია" , დიდი და შეკრული კოლექტივია, სადაც ზოგი მოდის, ზოგიც მიდის, მაგრამ კი არ ვსუსტდებით, არამედ, ვძლიერდებით.

იყო პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ სერიოზული არაფერია. ბენატის წასვლით ჩვენი მიზანი არ შეცვლილა - ნახევარფინალში მოსკოვის "დინამოსთან" მოედანზე იმ იმედით გავდივართ, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ".


ფინალში მონაწილე გუნდები "ბარსელონა", "ქაირათი" და მოსკოვის "დინამო" თბილისში 25 აპრილს გვესტუმრებიან.

იმავე დღეს მათი მთავარი მწვრთნელები პრეკონფერენციებს გამართავენ. შევიტყვეთ, რომ თითოეულ გუნდს 100-100 გულშემატკივარი ჩამოყვება.

საღამოს კი "იბერია სტარმა" ბენატის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ დადასტურდა და ითქვა, რომ კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ალიკ სარქისიანი (რომლის ხელმძრვანელობითაც "იბერია სტარი" ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი) 25 აპრილს, სპორტის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული