გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ მიმართვას:
"ქართულ ფეხბურთში დღეს შექმნილი მძიმე მდგომარეობა "ნაციონალური მოძრაობის" და ბატონი ზვიად სიჭინავას ერთობლივი მოღვაწეობის პირდაპირი შედეგია. უალტერნატივოდ ჩატარებულ არჩევნებს და სუბიექტების მისამართით ირიბ თუ პირდაპირ ზეწოლას ვერც ფუტსალის ასოციაცია გადაურჩა.
საქართველოს ფუტსალის ასოციაცია (წარსულში მინი-ფეხბურთის ასოციაცია) დაარსების წლიდან (1992) უწყვეტად ფუნქციონირებდა. ამასთანავე, გახლდათ სფფ-ში ინტეგრირებული წევრი, იცავდა უეფა-ფიფას საერთაშორისო ნორმატივებს, 2009 წლის
სამწუხაროდ, მაშინ არჩეულ (თუ დანიშნულ?) სფფ-ის პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ ყველა ქვეყანაში ფუტსალის ეროვნული ორგანიზაციისთვის ფინანსებსა და ოფისს ქვეყანაში მოქმედი ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.
მეტიც, ბატონმა ზვიად სიჭინავამ პირად და სატელევიზიო გამოსვლებში საზეიმოდ განაცხადა, რომ ასოციაციის მოქმედი წესდება თანამედროვე მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა და დასძინა, რომ მოქმედი პრეზიდენტი კახა დევდარიანი მას პირადად ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევს აგონებდა. "რუსთავი 2"-ის სატელევიზიო გადაცემაში, "საფეხბურთო ღამე", ფუტსალში მოღვაწე ხალხს უცოდინარი უწოდა. იგივე ეთერით გაირკვა, რომ სფფ-ის პრეზიდენტს "სულ ფეხებზე ჰკიდია, ნაკრებში ლეგიონერი ითამაშებს თუ ქართველი" (სტილი დაცულია).
პირად საუბარში სიჭინავამ დასძინა, რომ პირველ რიგში, მოქმედ პრეზიდენტს, კახა დევდარიანს თანამდებობა დროზე ადრე უნდა დაეტოვებინა და მისთვის რიგით მე-2 არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო.
აქვე დავძენთ, რომ 1992 წლიდან 2005 წლის ოქტომბრამდე ბატონი დევდარიანი გახლდათ ფუტსალის ასოციაციის (მანამდე მინი-ფეხბურთის ასოციაციის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი. მან უმძიმესი წლები ღირსეულად გამოიარა.
სიჭინავას გამოჩენამდე, სფფ ბატონი კახას მოღვაწეობას (1992 წლიდან 2009 წლის ოქტომბრამდე) წარმატებულად აფასებდა. სიჭინავას საჯაროდ გაცხადებულ პოზიციას უცნაური ამბები მოჰყვა - ფუტსალში მოღვაწე ყველა პირის ლაპარაკი ოპერატიულად ხელმისაწვდომი ხდებოდა გარეშე პირებისათვის.
ბატონ კახასთვის და ჩვენთვისაც ნათელი გახდა, რომ თუ ის თანამდებობის ნებაყოფლობით დატოვებას არ დათანხმდებოდა, ეს ზეწოლა გაძლიერდებოდა და მოვლენები კიდე უფრო მძაფრი სცენარით განვითარდებოდა. სიჭინავასგან (და არა მარტო მისგან) შემდეგი წინადადებები ისმოდა: "ძალა ჩვენ მხარესაა", "სახელმწიფო ჩვენია", "თავად თუ არ დაიშლებით, ჩვენ დაგშლით, შევქმნი ახალს და ვისაც მინდა, იმას მოვიყვან და ვაღიარებ".
ამის შემდეგ მომხდარზე დასკვნები თავად გააკეთეთ: დევდარიანის გადაყენების შემდეგ პირველი საერთაშორისო მატჩი საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს შორის გლდანში, შსს-ს დარბაზში, ფაქტობრივად, უმაყურებლოდ ჩატარდა. ამან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი გაკვირვებული დატოვა.
როგორ კი ფუტსალის კომიტეტმა ბოლშევიკური მისია შეასრულა, მისივე შემქმნელმა ზვიად სიჭინავამ უკვალოდ გააქრო და მას შემდეგ დებულების შეცვლაც არ მოუთხოვია.
ამის შედეგად მივიღეთ მკაცრი რეალობა - ფუტსალში ვკარგავდით რეგიონალურ კლუბებს. სფფ-მ კახა დევდარიანი უფინანსობის ალიბით გადააყენა, მაგრამ ამ ნაბიჯს არავითარი კაპიტალდაბანდება არ მოჰყოლია, რაზეც ბატონი ზვიად სიჭინავა აპელირებდა. ახალგაზრდული ნაკრების სრულ დასამარებამდე, მორიგი დახურული საერთაშორისო თამაში პოლონელ თანატოლებთან შსს-ს დარბაზში იგივე სცენარით გაიმართა.
მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი თხოვნისა, თანამდებობიდან მაინც გაანთავისუფლეს ეროვნული ნაკრების წარმატებული მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი. თანაც ისე, რომ კონტრაქტის პერიოდში სფფ-ისა და ფუტსალის კომიტეტს მწვრთნელისა და ნაკრების (?!) პრობლემების მიმართ არანაირი დაინტერესება არ გამოუჩენიათ. სრულიად იგნორირებულ იქნა ასოციაციაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება. ამ ყველაფერს ემსხვერპლა ბავშვთა სკოლა (სამი ასაკობრივი გუნდი) და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. იკლო საერთაშორისო მატჩების რაოდენობამ, რაც საერთაშორისო იზოლაციის დასაწყისი გახდა.
კომიტეტი, ბატონი სიჭინავას ხელმძღვანელობით, გაუქმებული ფუტსალის ასოციაციისგან (ანუ მისივე უკვე ყოფილი სუბიქტისგან) მოქმედ ბეჭედს დაჟინებით მოითხოვდა. სფფ-ისთვის მთავარი მიზანი იყო, ფუტსალის კომიტეტის (ანუ ახალი სუბიექტის) ლეგიტიმაცია და მომავალ არჩევნებზე ფუტსალის ასოციაციიდან ხმის გარანტირებულად მიღება.
სფფ-ის დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, ზეწოლის ქვეშ, მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტს ბექა კვიციანს ახსნა-განმარტების გაგზავნა მოუხდა უეფა-ში, რათა ლეგიტიმაცია ჰქონოდა ახალ ჩემპიონატს.
ჩვენ ქვემოთ ხელისმომწერნი, ვაღიარებთ ზეწოლის ფაქტებს და მოვითხოვთ:
1. ქართულ ფეხბურთში ისედაც დამძიმებული ვითარება რომ არ გაღრმავდეს და კრიზისი შეუქცევადი არ გახდეს, ვადაზე ადრე გადადგეს სფფ-ის მოქმედი პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა.
2. დაინიშნოს თავისუფალი და დემოკრატიული, რიგგარეშე არჩევნები.
3. სფფ-ს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გაითვალისწინოს ჩვენ მიერ მოყვანილი გარემოებები და მის საფუძველზე თავისივე სუბიექტს საქართველოს ფუტსალის ასოციაციას, აღუდგინოს 2009 წლის ოქტომბრამდე არსებული სტატუს ქვო.
4. სტატუს ქვოს ცნობის შემდეგ საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ თავისივე წესდება სრულყოს და სფფ-ის და უეფა-ფიფას მოქმედ კანონმდებლობას შეუსაბამოს.
5. წესდების სისრულეში მოყვანისთანავე, ბატონმა კახა დევდარიანმა გამოაცხადოს რიგითი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ფუტსალის ასოციაციაში, რაც სპორტის ამ სახეობაში სამართლიანობის აღდგენას უზრუნველყოფს".