ჩვენ ვწერდით, რომ ერთი შეხედვით, უმტკივნეულო, მიმდინარე საკითხები უნდა განხილულიყო. კონფერენციის დღის წესრიგით, დელეგატებს უნდა მოესმინათ ასოციაციის პრეზიდენტის, ლევან ცქიტიშვილის მოხსენება განვლილი სეზონის ფინანსური ანგარიშის, მომდევნო სეზონის გეგმებისა და ბიუჯეტის შესახებ.
მაგრამ ფინანსური საკითხების გარდა, დელეგატებმა მართლაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ცქიტიშვილი პოსტიდან გადააყენეს.
ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ ყრილობის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა:
"ცქიტიშვილი კონფერენციაზე არ
ამ ფაქტს დაერთო ისიც, რომ ასოციაციის გამგეობის წევრები და დელეგატები რამდენიმე თვეა, უშედეგოდ ითხოვენ ასოციაციის პრეზიდენტისგან პასუხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმ წერილზე, რომლითაც ეს ორგანიზაცია ფუტსალისგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს.
ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნაზე ლევან ცქიტიშვილს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
შედეგად, კონფერენციაზე დადგა მისი პასუხისმგებლობის საკითხი. კონფერენციაზე, რომელსაც დამკვირვებლად ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრნენ, დელეგატებმა ფარული კენჭისყრით პრეზიდენტის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.
მომდევნო არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ლევან გრიგოლია შეასრულებს".
როგორც ჩანს, ფუტსალში კვლავ დიდი განხეთქილებაა. ამაზე არა მხოლოდ ცქიტიშვილის გადაყენება მიუთითებს.
24 ივლისს ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა ცნობა, რომ დაარსდა "საქართველოს ფუტსალის კავშირი", რომელიც ასოციაციის ალტერნატიულ ორგანოდ მოიაზრება.
მისი დამფუძნებლები არიან ცქიტიშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი კახა დევდარიანი, გენერალური მდივანი ბექა კვიციანი, ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი დამრიგებელი პეტრე თაბუკაშვილი, ასოციაციის ფინანსური მენეჯერი მზია კალანდარია და გრიგოლ მერკვილაძე.
ფუტსალის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
"ჩვენ ფინანსური პრობლემები არ გვაქვს, რადგან ფედერაციაში ყველა საბუთი და ქვითარი წარვადგინეთ, მაგრამ ამ საკითხზე სფფ-ის ფინანსურ განყოფილებასთან დამატებითი კოსულტაცია შაბათს უნდა გაგვევლო. შეხვედრას უნდა დასწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ქავთარაძე და ფინანსური მენეჯერი მზია კალანდარია.
საბოლოოდ კი, ყველაფერი 10 აგვისტომდე უნდა გარკვეულიყო, მაგრამ იჩქარეს და ყრილობა ჩაატარეს. დღის წესრიგით, ფინანსური საკითხები უნდა განეხილათ და ამ დროს პრეზიდენტი გადააყენეს.
მეორე: ასოციაციას ჰყავდა ოთხი ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ მათ შორის არ იყო ლევან გრიგოლია. მესამე: გამგეობის ერთი წევრი გარდაცვლილია, ანუ სულ რვა წევრი დარჩა. ყრილობას კი მხოლოდ ორი ესწრებოდა - გიორგი დარჯანია და ლევან გრიგოლია. დანარჩენი ექვსი წევრი ყრილობაზე არ ვყოფილვართ, რადგან ამის შესახებ ოფიციალურად არ შეგვატყობინეს.
რაც შეეხება ახალი კავშირის ჩამოყალიბებას, მოქმედების გეგმას უახლოეს დღეებში გავაჟღერებთ. ეს არის ჭიქაში ქარიშხლის წარმოქმნის მცდელობა, მაგრამ ფუტსალის ჭეშმარიტი სამყარო ამ თვითნებობას არავის აპატიებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"