"იბერია სტარმა" ბათუმში გადასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
"იბერია სტარის" ოფისში გამართული პრესკონფერენციის თემა კლუბსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები იყო, გასულ კვირას კი კლუბის პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი ბათუმში იმყოფებოდა, იქაურ მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდა და "იბერია სტარის" ბათუმის სახელით გამოსვლის პროექტი წარუდგინა.

ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დაინტერესდა ამ პროექტით და მსოფლიო ფუტსალის ელიტაში მყოფი ქართული კლუბის გადარჩენისა და დაფინანსების სურვილიც გამოხატა.

ამ მოლაპარაკებებსა და სხვა სიახლეებზე "იბერია სტარის" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ ილაპარაკა:

- 2014 წლიდან "იბერია სტარი" ბათუმში გადავა და ოფიციალურად გუნდი ამ ქალაქის სახელით იასპარეზებს.
აჭარაში გუნდის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, რადგან ადგილობრივ ხელმძღვანელებს დიდი სურვილი აქვთ, რომ ბათუმი საფეხბურთო ქალაქად გადაიქცეს.

ჩვენ კი გვაქვს რეალური საფუძველი, ვთქვათ, რომ 2014 წლიდან "იბერია სტარი" სწორედ ბათუმის სახელით წარსდგება გულშემატკივართა წინაშე. 2014 წლიდან იმიტომ, რომ უეფაში განაცხადის შეტანის დროს მოლაპარაკება დაწყებული არ იყო და მიმდინარე გათამაშებაში ევროსარბიელზე კვლავ თბილისის სახელით ვითამაშებთ.

- გუნდი ბათუმში დაბინავდება და თამაშებსაც იქ გამართავს?
- ყველაფერი სწორედ ამისკენ მიდის. პირველი ნაბიჯი გადაიდგა და მალე ბათუმში უმაღლესი ხარისხის საფარს ჩამოიტანენ. აჭარის მთავრობამ ამ საკითხზე უეფასგან რეკომენდაციები უკვე მიიღო.

- ეს 2014 წლიდან მოხდება, მაგრამ საინტერესოა, მოლაპარაკებები რა სტადიაშია?
- ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა, რომელიც სრულად ჯერ არ მოგვარებულა, მაგრამ ძვრები რომ არის, ამ მოლაპარაკებითაც დასტურდება. 1-ელ ოქტომბერს უნგრეთში უეფას თასის შესარჩევი ეტაპის მატჩები იწყება. ელიტრაუნდში 4-დან 2 გუნდი გადის. აქამდე, როგორც წესი, ელიტრაუნდში უპრობლემოდ გავდიოდით, მაგრამ დღეს საქმე ასე დალხენილად ნამდვილად არ გვაქვს.

- როგორც შევიტყვეთ, გუნდში ლეგიონერები აღარ არიან...
- სამწუხაროდ, ასეა. 12 ლეგიონერიდან ერთიც ვერ შევინარჩუნეთ. ამჟამად "იბერიაში" მხოლოდ ქართველები ირიცხებიან და შესარჩევ ეტაპზეც მათ დავეყრდნობით, მაგრამ უცხოეთიდან ერთი ქართველი, კვიპროსზე მოთამაშე ნაკრების წევრი გიორგი თოთლაძე ჩამოვიყვანეთ. დანარჩენები კი სხვადასხვა ქართული კლუბიდან ავიყვანეთ.

- ჯერ უცნობია, როდის იწყება საქართველოს ჩემპიონატი. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- დღევანდელი მდგომარეობით, ამის თქმა მეც გამიჭირდება.

- ამჟამად რამდენია კლუბის ბიუჯეტი?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წლებთან შედარებით ნაკლებია. ლეგიონერების შენახვა კლუბს ძალიან ძვირი უჯდებოდა. ახლა კი მხოლოდ ქართველები დარჩნენ და, შესაბამისად, ხარჯიც შემცირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრაზილიის იბერია კოლხეთში გაბრწყინდება? :)))
kolxi
23:24 20-09-2013
0

სიახლეები პოპულარული