მეკარეები - 1. ერნესტ აკოპოვი, 12 თორნიკე ბუკია; წინახაზელები - 3. ალექსანდრე ძაბირაძე, 4 - მურთაზ კაკაბაძე, 5 - ზურაბ ლუკავა, 7 - გიორგი ალთუნაშვილი (კ), 8 - ირაკლი თოდუა, 9 - გიორგი თოთლაძე, 10 - ვახტანგ ჯვარაშვილი, 11 - ლაშა სიგუნავა, 17 - გაგა თიბილაშვილი, 20 - გიორგი ტიკურიშვილი.
"იბერია სტარი" უეფას თასის ძირითად ეტაპზე
კლუბის მენეჯერ გიორგი დარჯანიას ეროვნულ ჩემპიონატზეც რომ ვკითხეთ, მისმა პასუხმა საუბარს მოულოდნელი მიმართულება მისცა:
- "იბერია", ფაქტობრივად, ახალი გუნდია და ერთი ამხანაგური შეხვედრაც არ გვქონია. ამ დროს მთელ ევროპაში ჩემპიონატები დიდი ხნის დაწყებულია.
- ჩვენი ჩემპიონატი როდისღა დაიწყება?
- ეს ასოციაციის მოქმედ ხელმძღვანელობას ჰკითხეთ.
- ასოციაციის მოქმედი ხელმძღვანელები თქვენ არ გადაირჩიეთ?
- საქმეში იურისტები ჩართეს და წესდებაში იპოვეს მუხლი, რომელიც სავალდებულოს ხდის ყრილობის ოქმზე პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის ხელმოწერას. ასოციაციის წესდებაში ასე წერია და მათი ხელმოწერები საჯარო რეესტრმა მოითხოვა. ისინი კი, რა თქმა უნდა, ხელს არ აწერენ. გვითხრეს, ეს პუნქტი უაზრობაა, მაგრამ დამტკიცებულია და ჩვენ რა ვქნათო. ამიტომ პრეზიდენტი დღემდე ცქიტიშვილია, ვიცე-პრეზიდენტი კი - კვიციანი.
- ანუ ისინი პოსტებზე დარჩნენ?
- ჯერჯერობით, მაგრამ ცქიტიშვილს არჩევნების დანიშვნის ვალდებულება აქვს, რადგან ვადა ისედაც გასდის. არჩევნები შემოდგომას არ უნდა გადასცდეს. რეალურად, არჩევნების დანიშვნას რაც უფრო გაჭიმავს, მით უფრო გადაიდება მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა და, შესაბამისად, ჩემპიონატის დაწყებაც. წესით, არჩევნების თარიღი ამ კვირაში უნდა გამოაცხადოს.
* * *
შეგახსენებთ, რომ ფუტსალში არსებული განხეთქილება 24 ივლისს გამართულ საარჩევნო ყრილობაზე ლევან ცქიტიშვილის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებით დასრულდა. ცქიტიშვილი ყრილობაზე არ გამოცხადდა, ამის შესახებ დელეგატებს წინასწარ არ აცნობა და, შესაბამისად, წლიური ფინანსური ანგარიშიც არ წარუდგინა.
"ამ ფაქტს დაერთო ისიც, რომ ასოციაციის გამგეობის წევრები და დელეგატები რამდენიმე თვეა, ასოციაციის პრეზიდენტისგან უშედეგოდ ელიან პასუხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წერილზე, რომელშიც ორგანიზაცია ფუტსალისგან სახელმწიფო თანხების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს", - ეწერა ყრილობის დადგენილებაში.
ფუტსალის ასოციაციის გადაყენებულ პრეზიდენტს მხარი დაუჭირეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა, ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა, ვიცე-პრეზიდენტმა ბექა კვიციანმა და სარჩელი შეიტანეს. მათი თქმით, ფინანსური საკითხები ფეხბურთის ფედერაციაში უნდა გარკვეულიყო და ამ მოტივით პრეზიდენტის გადაყენება არალოგიკური ქმედებაა.
მათი თქმით, ყრილობას არ ესწრებოდა 4-დან არც ერთი ვიცე-პრეზიდენტი და გამგეობის 8 წევრიდან - 6, დარღვეული იყო დელეგატთა რაოდენობისა და კვოტის განსაზღვრისა და გამოქვეყნების სამთვიანი ვადა, რომელიც დებულებით მკაცრად არის რეგლამენტირებული და ყრილობის ჩატარების შესახებაც ოფიციალურად არაფერი აცნობეს.
ცქიტიშვილისა და მისი გუნდის ადვოკატმა ნინო ნიშნიანიძემ მაშინვე ბრძანა, რომ კონფერენცია კანონდარღვევით ჩატარდა და მიღებული გადაწყვეტილებებიც იურიდიული ნონსენსი იყო. მანვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული განცხადებაც უარყო, თითქოს, საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა და ვიცე-პრეზიდენტმა ბექა კვიციანმა ყრილობას გადადგომა სთხოვეს.
"რაც მთავარია, კრებაზე მიღებული დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის მიერ შეჩერდა, რადგან კანონდარღვევით მიღებული აქტების რეგისტრაციის არავითარი საფუძველი არ გააჩნდა", - აცხადებდა ნიშნიანიძე.
* * *
სრულიად შემთხვევით დავადგინეთ, რომ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი კვლავ ლევან ცქიტიშვილია, ბექა კვიციანი - ვიცე-პრეზიდენტი, კახა დევდარიანი კი - საპატიო პრეზიდენტი.
როდის დაიწყება ეროვნული ჩემპიონატი? ამ კითხვით დევდარიანს მივმართეთ:
"ახლა ფინანსური საკითხები წყდება და მალე გვეცოდინება, ჩემპიონატში რომელი გუნდები ითამაშებენ. ველოდებით რაიონების პასუხს, რადგან ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის რეგიონების ჩართვა უმნიშვნელოვანესია.
წინასწარი თანხმობა გვაქვს შემდეგი გუნდებისგან: "თელასი", გორის "ქართლი", "სამცხე", ბათუმის "დინამო", თელავის "ბურჯი", CIEKI, ლაგოდეხი, თბილისის "გრანდი". იმედია, "იბერია სტარიც" ითამაშებს.
სავარაუდოდ, ახალ ჩემპიონატში 8-10 გუნდი გვეყოლება. ყველაფერი დაზუსტებით უახლოეს პერიოდში გვეცოდინება. ამაზე ლევან ცქიტიშვილთან ვილაპარაკე და ვზრუნავთ, რომ ჩემპიონატი რაც შეიძლება მალე დავიწყოთ და კარგადაც ჩავატაროთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"იბერია სტარის" მატჩები პირდაპირ ეთერში ინტერნეტით გადაიცემა