ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად ვახტანგ წერეთელი აირჩიეს, მაგრამ...

AutoSharing Option
15 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის დარბაზში საქართველოს ფუტსალის ასოციაციის (სფა) საარჩევნო-საანგარიშო კონფერენცია ჩატარდა.

სფა-ს პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი იყო ვახტანგ წერეთლის კანდიდატურა, რომელსაც უკავშირდება ბოლო წლებში ქართულ ფუტსალში ყველაზე დიდი მიღწევები და სიხარული, ვინც ბოლო წლების საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" ელიტამდე აღაზევა.

დელეგატებმა ის 4 წლით აირჩიეს პოსტზე. "იბერია სტარის" პრეზიდენტმა 38 ხმიდან 21 მიიღო.

ყრილობამ სრულად შეცვალა გამგეობის წევრებიც. მისი თავმჯდომარე წერეთელი იქნება, ხოლო წევრები - ლევან გრიგოლია (ვიცე-პრეზიდენტი), ზვიად ხაჩიაშვილი (ვიცე-პრეზიდენტი), ნინო ნებიერიძე
(გამგეობის წევრი) და ალექსანდრე ლეჟავა (გამგეობის წევრი).

შეიცვალა ასოციაციის წესდებაც და ახლა ის უკვე სრულად შეესაბამება უეფასა და სფფ-ის მოთხოვნებს.

წერეთელმა პირველივე კომენტარში განაცხადა:

"ფუტსალის ასოციაციის გამგეობაში იმ ადამიანებთან ერთად მოვედი, რომლებთანაც "იბერია სტარის" სტრუქტურა შევქმენი და იმედს გამოვთქვამ, რომ ფუტსალში არსებული პრობლემებისა და დაპირისპირებების მიუხედავად, ვითარების გამოსწორება შესაძლებელია.

ეს არ არის იმხელა სამყარო, დაყოფები რომ ხდებოდეს"
.

ლევან ცქიტიშვილის ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე კი ამბობს, რომ ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი კვლავ ცქიტიშვილია და ყრილობის გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს.

"10 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სფა-ს პრეზიდენტის, ცქიტიშვილის სასარჩელო განცხადება - გრიგოლიას, დარჯანიას, ნებიერიძის, ლეჟავას, თემრიყაშვილისა და ხაჩიაშვილის წინააღმდეგ, მათ მიერ 9 ნოემბერსა და 5 დეკემბერს უკანონოდ ჩატარებული სფა-ს კონფერენციის ბათილად ცნობის შესახებ, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრში უკანონო რეგისტრაცია განხორციელდა.

დასახელებული ოქმების ბათილად ცნობის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია და მისი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, 15 დეკემბერს ამ ხალხმა სფა-ს მორიგი კონფერენცია კვლავ კანონდარღვევით ჩაატარა და გამომდინარე აქედან, მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს.

უკანონო კონფერენციის მესვეურებმა კარგად იციან, რომ სამართლიანი, მიუკერძოებელი სასამართლო განხილვის პროცესში ასეთი უკანონო აქტები აუცილებლად გაბათილდება.

ასეც მოხდა: სამეწარმეო რეესტრმა მათი კრების ოქმი რეგისტრაციაში არ გაატარა და ეს შემდეგი მოტივით დაასაბუთა: 16 დეკემბრის კრების ოქმით, მიღებულია წესდების ახალი რედაქციაც, რომელსაც ხელს აწერს ახლად არჩეული პრეზიდენტი ვახტანგ წერეთელი.

თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდება მისი უფლებამოსილება. ეს იმიტომ, რომ სფა-ს ჰყავს კანონიერი პრეზიდენტი ლევან ცქიტიშვილი, რომელმაც დანიშნა კონფერეცია და იქ წარადგენს ანგარიშსა და სფა-ს საქმიანობის შესახებ აუდიტორულ დასკვნას
", - ამბობს ნიშნიანიძე.

ცქიტიშვილი კი აცხადებს, რომ კანონიერი ყრილობა 21-ში ჩატარდება და იქ აირჩევენ პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და გამგეობის წევრებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული