ლევან ცქიტიშვილი: თქვას ფეხბურთის ფედერაციამ, ვინ არის ნამდვილი პრეზიდენტი!

AutoSharing Option
26 დეკემბერს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ყრილობა იმ ჯგუფმა გამართა, რომელსაც ლევან ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

განიხილეს სფა-ს აუდიტის დასკვნა, მერე კი პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ცქიტიშვილს მხარი 24-მა დელეგატმა დაუჭირა, მისმა კონკურენტმა, სფა-ს საპატიო პრეზიდენტმა კახა დევდარიანმა კი 8 ხმა მიიღო.

გარდა ამისა, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტებად ბექა კვიციანი და ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გიორგი ანჩაბაძე აირჩიეს, ბოლოს კი სფა-ს წესდების ახალი რედაქციაც მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ამ ჯგუფთან დაპირისპირებული მხარის ყრილობაზე პრეზიდენტად ვახტანგ წერეთელი აირჩიეს.

ცქიტიშვილის თქმით, მას და მის
მხარდამჭერებს სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვთ:

"არანაირი ორხელისუფლებიანობა არ არსებობს. მე ვიყავი და დღესაც ამირჩიეს პრეზიდენტად. 21 დეკემბრის არჩევნები კი არალეგიტიმური იყო, რადგან ის არც მე, არც ვიცე-პრეზიდენტებს და არც გამგეობის წევრთა უმრავლესობას არ მოგვიწვევია.

არსებულ ვითარებაზე რეაგირება ფეხბურთის ფედერაციამ უნდა მოახდინოს და თქვას, ვინ არის ნამდვილი პრეზიდენტი და ყველაფერი დალაგდება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მარტივ შეკითხვას ვუსვამ - ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა აღმასკომის წევრთა მცირე ჯგუფმა რომ მოიწვიოს ისე, რომ ეს პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა არ იცოდნენ, რა რეაქცია ექნებოდათ?

ზუსტად ეს რეაქცია გვაქვს ჩვენც და ამიტომ მოვითხოვთ 21 დეკემბრის არჩევნების გაუქმებას. ჩვენ სამართლიანობის ფეხქვეშ გათელვას არ დავუშვებთ და საქმეს ისე მივხედავთ, როგორც ფუტსალის სამყაროს სჭირდება".

დაბოლოს - ცქიტიშვილის ადვოკატმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქმეს მალე განიხილავენ, საჯარო რეესტრში კი ზეპირი განხილვა 8 იანვარს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული