გახდება ალგო იბერიას კონკურენტი?

AutoSharing Option
ცოტაც და, ბათუმში სენსაცია მოხდებოდა. ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერმა ერთ-ერთ საუკეთესო ქართულ კლუბთან ტოლ-სწორად ითამაშა, თუმცა პირველ ქულამდე ძალა მაინც არ ეყო.

მე-4 წუთისთვის ბათუმელები 2:0-ს იგებდნენ, მე-10 წუთისთვის ანგარიში 4:3 იყო, მაგრამ გამოცდილებამ თავისი გაიტანა და პირველი ტაიმი "სტუდენტებმა" 7:4 მოიგეს. თითქოს მატჩის ბედიც ამით გადაწყდა, მაგრამ მასპინძლებმა შესვენების მერე ორი ბურთი კიდევ გაიტანეს და თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირეს - კიდევ ერთი გოლი და სეზონის მთავარ სენსაციასაც მივიღებდით. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა და თსუ-მ
მეორე გამარჯვება მოიპოვა.

ქუთაისელებმა თელავში იოლად მოიგეს და ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე მესამეობა დაიბევეს, წრის მთავარი მატჩი კი გუშინ სკა-ს დარბაზში ჩატარდა.

ამ სეზონში "იბერიას" ჩემპიონობაში მხოლოდ "ალგო" ეცილება და გუშინდელ მატჩს მთავარი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხი: შეძლებდა თუ არა ერთი წლის წინ დაარსებული "ალგო" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას.

თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს იყო უაღრესად დაძაბული და, რაც მთავარია, ხარისხიანი მატჩი. ისეთი, რომლის სანახავადაც გულშემატკივარი მოდის და სანახაობით კმაყოფილი რჩება.

პირველი ტაიმი, არაერთი მომენტის მიუხედავად, უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი "იბერიას" ბრაზილიელმა ლეგიონერმა რონიმ თამაშის განახლებიდან წუთსა და 20 წამში გახსნა. ოღონდაც, იბერიელთა დაწინაურებამ დიდხანს ვერ გასტანა და სამ წუთში "ალგოს" კაპიტანმა ბუთა კაკაბაძემ ჯარიმით გაათანაბრა.

"ალგომ" კიდევ არაერთი სახიფათო მომენტის შექმნა, თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე "იბერიამ" მეხუთე ჯარიმა მიიღო, ანუ ყოველი მომდევნო ჯარიმა 10-მეტრიან პენალტად დაუჯდებოდა, მაგრამ მოქმედმა ჩემპიონმა ეს ბოლო წუთები უშეცდომოდ ჩაატარა, რონიმ კი მეორე, გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ბოლოს "ალგომ" მეკარე მეხუთე მოთამაშით შეცვალა და ისე შეუტია, მაგრამ გასათანაბრებლად დრო და ძალა აღარ ეყო.

ამგვარად, ჩემპიონატის პირველი წრე "იბერიას" ლიდერობით დასრულდა, ორი გადადებული მატჩი კი გაისად გაიმართება. გუშინდელ თამაშში გამოჩნდა, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა წინაა - "იბერია" და "ალგო" ერთმანეთს კიდევ სამჯერ შეხვდებიან და, გუშინდელი მატჩიდან გამომდინარე, "იბერიას" დამშვიდების უფლება არ აქვს.


საქართველოს ჩემპიონატი. სუპერლიგა. V ტური

1 დეკემბერი
აჭარა - თსუ 6:8
გოლები: ნადარაია (4), დავითაძე (2) - ცხომარია (4), კაკაშვილი (2), ასათიანი, ჯაფარიძე
გაფრთხილება: ჯინჭარაძე, თოდაძე (აჭარა)
მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ო. ხეცაძე

2 დეკემბერი
თელავი - ჯუნგლები 5:11
გოლები: იმერლიშვილი (3), ძამუკაშვილი, მელიქიშვილი - ჩოგოვაძე (3), კვალიაშვილი (3), გოგოხია (3), სიგუნავა (2)
მსაჯები: შ. ქუხილავა, მ. ურუშაძე

3 დეკემბერი
იბერია - ალგო 2:1
გოლები: რონი (2) - კაკაბაძე
გაფრთხილება: ტონი - ჭანუყვაძე
მსაჯები: შ. ქუხილავა, ა. ნონიკაშვილი


თ მ ფ წ ბ ქ
იბერია 4 4 0 0 42:6 12
ალგო 5 4 0 1 28:8 12
ჯუნგლები 5 3 0 2 40:34 9
თსუ 4 2 0 2 14:17 6
თელავი 4 0 0 4 8:32 0
აჭარა 4 0 0 4 17:52 0





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული