- თანამდებობებზე გართულება არასდროს მქონია, არც ფუტსალის ნაკრების მწვრთნელობა ყოფილა ჩემი თვითმიზანი, მაგრამ ჩვენი ასოციაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნაკრების მწვრთნელობიდან ჩემი გათავისუფლების თაობაზე იმდენად მოულოდნელი და არალოგიკური იყო, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ.
- და რა იყო მიზეზი?
- ეს არავის აუხსნია, არც არავინ შემხვედრია და უთქვამს, რა არ მოსწონდათ. თავს არ ვიქებ,
- თქვენ ნაცვლად ვინ დაინიშნა?
- წარმოდგენა არ მაქვს. მე მხოლოდ ის ვიცი, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ გიზო ფხოველიშვილი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ერთხელაც არ შემხვედრია. მისი პრეზიდენტობის პერიოდში შეკრება არ გვქონია და ერთი ამხანაგური შეხვედრაც არ ჩაგვიტარებია. მე კი საკუთარი სურვილითა და სახსრებით ამას ვერ მოვახერხებდი.
- ცოტა დაუჯერებელია, რომ პრეზიდენტს არ შეხვედრიხართ.
- ასეა, არ ვაზვიადებ. უბრალოდ, პრეზიდენტს ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონია. არადა, ფუტსალისთვის რაღაც გამიკეთებია და ამიტომ არის საწყენი ასეთი დამოკიდებულება. მარტო ელიტრაუნდში გასვლა იყო მოვლენა ქვეყნისთვის, სადაც პროფესიონალი ფუტსალის ფეხბურთელი სანთლით არის საძებარი, ნაკრები კი წინ მიიწევდა. ასეთ გაუგებრობაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ. ნაკრებში გაწეული შრომა წყალში ჩამიყარეს. ვინ არ გაუშვიათ, მე რომ მუდმივად ამ ადგილზე მემუშავა. არც ამ სკამით ვცხოვრობდი, ნაკრების გარეშეც არ დავიკარგები, მაგრამ მადლობა მაინც მითხარი, დალოცვილო?!
- იქნებ, თქვენ მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ?
- არც კარგი უთქვამთ, არც ცუდი და საიდან მეცოდინება, რა პრეტენზიები აქვთ?! აქ ჩემს მოხსნაზეც არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, ასეთი დამოკიდებულებით ფუტსალი და ეროვნული ნაკრები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან. რამდენჯერ მოვითხოვე, მაგრამ წელიწადია, ერთი შეკრებაც არ გაგვივლია.
- უარის მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო?
- ესეც არ ვიცი. უბრალოდ, ასე გაგრძელება არ შეიძლება. ყველაზე ცუდი ის არის, რომ კონტრაქტი 3 იანვარს მიმთავრდებოდა, 20 იანვარს კი შესარჩევი ციკლის მატჩები იწყება.
სარეიტინგო შეხვედრები რომ ვერ ჩავატარეთ, ამის გამო ისევ "ბ" დივიზიონში დაგვაქვეითეს და იანვარში ინგლისთან, მაკედონიასთან და ესტონეთთან თავიდან მოგვიწევს ბრძოლა. ჩემი ჯიბრი თუ ჰქონდათ, ნაკრებს რას ერჩოდნენ? წავიდოდი წყნარად და გუნდის მიღწეული მაინც შეგვენარჩუნებინა? გული ამაზე მწყდება. არ მეგულება მცოდნე ადამიანი, რომელიც ციკლის დაწყებამდე სამი კვირით ადრე ნაკრების მწვრთნელს ხსნის. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღები ვითარებაში ჩაუხედავია.
აკაკი კაკაშვილი, ფუტსალის ნაკრების წევრი: "ნაკრების მთავარ მწვრთნელს მხოლოდ მაშინ ათავისუფლებენ, თუ ის შედეგს ვერ აღწევს. ჩვენ ასათიანის ხელმძღვანელობით შედეგს მივაღწიეთ, ელიტრაუნდში გავედით და მაინც მოხსნეს?! ეს იმ დროს, როდესაც ვფიქრობდით, რომ უფრო შეგვიწყობდნენ ხელს. ჩემთვის, როგორც ნაკრების წევრისთვის, ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიუღებელია. რა მოხდა და რატომ გაუშვეს მწვრთნელი, გაუგებარია. რომ იცოდეთ, მომხდარით მარტო მე არ ვარ უკმაყოფილო, ნაკრების დანარჩენი წევრებიც ამავეს გეტყვიან. კაცს მიზეზიც არ უთხრეს! რამდენი ხანია, ფუტსალში ვარ და ასეთი რამ არც მსმენია. ან იანვრის შესარჩევ მატჩებში რა შედეგი უნდა მოგვთხოვონ, როდესაც შეკრება არ გაგვივლია და ერთი შეხვედრაც არ ჩაგვიტარებია?!"
სამწუხაროდ, ფუტსალის ფედერაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილთან დაკავშირება და მისი არგუმენტების მოსმენა ვერ მოვახერხეთ, რადგან ბატონი გიზო უცხოეთში იმყოფებოდა. შევეცდებით მომხდარზე მისი კომენატრი მალე შემოგთავაზოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"