SBM LEAGUE 2014/15: დღე სუპერმატჩით

AutoSharing Option
16 ნოემბერს ჯ. ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურ დარბაზში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა, რომელიც მოლოდინისამებრ, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა.

გუშინდელი დღის მთავარი ინტრიგა სუპერლიგის მეოთხე ტურის მატჩი იყო, რომელშიც ერთმანეთს "პროგრეს ბანკის" "ვარსკვლავები" და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, პსპ დაუპირისპირდნენ. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დარბაზში შეკრებილმა უამრავმა გულშემატკივარმა არათუ უშუალოდ ამ დღის, არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა იხილა.

ვარსკვლავები, გოლები, ტემპი, სათამაშო კლასი, დაძაბულობა ... სწორედ ასე შეიძლება დახასიათდეს ეს დაპირისპირება, რომელიც ორივე გუნდის ფეხბურთელების უდიდესი
დამსახურებით, ჩემპიონატის არქივში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

უშუალოდ მატჩზეც: პირველ ტაიმში, მიუხედავად ორივე კართან არაერთი საგოლე მომენტისა, პსპ 0-3 დაწინაურდა. "ფარმაცევტების" მეკარის, სერგი ჩიტორელიძის უდიდესი დამსახურება იყო ის, რომ მისი გუნდი დამაჯერებლად იგებდა. სერგი, ერთი შეხედვით, ადვილად უმკლავდებოდა "კალაძე და კომპანიის" იერიშებს, მათ შორის, გიორგი დემეტრაძის 7-მეტრიან საჯარიმო დარტყმას. თუმცა ტაიმის ბოლო წამზე ალექსანდრე იაშვილმა მაინც შეძლო 10-მეტრიანით ანგარიშის შემცირება. მეორე ტაიმში კი იაშკას ჰეთ-თრიკით ანგარიში გათანაბრდა, რასაც პსპ-მ უმალ საპასუხო გოლი მოაყოლა და კვლავ დაწინაურდა. ამჯერად საქმეში კახა კალაძე ჩაერია, რომელმაც ორჯერ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა, 5-5.

გუშინ სუპერლიგის მეოთხე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდმა ბათუმის "დინამოს" სძლია იოლად, 4-0.

16.11.14. სუპერლიგა. IV ტური
პროგრეს ბანკი - FC PSP 5-5
გოლები: იაშვილი (3), კალაძე (2) - თევზაძე (2), კოპლატაძე (1), კაკუბერი (1), სარდანაშვილი (1)

დინამო (ბთ) - FC TTC 0-4
გოლები: გიგაური (1), ღლონტი (1), დარსაველიძე (1), კობახიძე (1)

კვირასვე, "ოქროს ლიგის" მესამე ტური გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა, ლუდსახარშ "ნატახტარის" გუნდმა, 12-2 სძლია "ბორჯომს".

ფრედ, 1-1 დასრულდა "ბათუმის წყალისა" და "ერისთავი და პარტნიორების" დაპირისპირება. ეს აჭარლების ზედიზედ მეორე საყაიმო შედეგია.

უხვგოლიანი გამოდგა საბანკო დერბი, "პრივატ ბანკსა" და "ვითიბი ბანკს" შორის, სადაც გამარჯვება "ვითიბი"-ს ხვდა წილად, 6-3.

ქულების დაუკარგავად აგრძელებს ასპარეზობას "ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურა", რომელმაც ამჯერად "საქართველოს ბანკი" დაამარცხა, 3-0.

დაძაბული გამოდგა ტურის ბოლო დაპირისპირება, რომელშიც დანაშაულის პრევენციის ცენტრის გუნდმა "ევროპაბეთს" სძლია 3-1.

16.11.2014. ოქროს ლიგა. III ტური
ნატახტარი - ბორჯომი 12-2
გოლები: გოგოხია (2), სეფერთელაძე (3), ბაირამოვი (4), აფაქიძე (1), მიდელაური (2)

ერისთავი - ბათუმის წყალი 1-1
გოლები: მგელაძე (1) - დავითაძე (1)

პრივატ ბანკი - ვითიბი ბანკი 3-6
გოლები: კარბაია (1), ფირანიშვილი (2) - ნ. მაჭავარიანი (2), თევზაძე (2), აბეჩხრიშვილი (1), ფოჩხუა (1)

საქართველოს ბანკი - GM ჭიათურა 0-3
გოლები: კირკიტაძე (2), რობაქიძე (1)

CFCP - ევროპაბეთი 3-1
გოლები: ნიკოლაიშვილი (2), დეკანოსიძე (1) - მაქაცარია (1)

გუშინვე, "ვერცხლის ლიგის" მესამე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრაც გაიმართა. "სნიკერსმა" აქამდე დაუმარცხებელ პროკრედიტ ბანკს სძლია, 6-2, ხოლო გათამაშების უმთავრესმა ფავორიტმა "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერმა", 11-1 გაანადგურა დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი.

16.11.2014. ვერცხლის ლიგა. III ტური
პროკრედიტ ბანკი - სნიკერსი 2-6
გოლები: თურმანიძე (1), გვასალია (1) - ბ. მენთესაშვილი (3), მ. მენთესაშვილი (1), აღდგომელაშვილი (1), ხიზანიშვილი (1)

GWP - ტატიშვილი 11-1
გოლები: კიკნაძე (5), აფციაური (4), თარაშვილი (1), ხაჭაპურიძე (1) - არველაძე (1)

"ოქროს" და "ვერცხლის" ლიგების მესამე ტურის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის ორგანიზატორებმა, ტრადიციულად, ორივე ლიგაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს:

"ოქროს ლიგის" MVP და "სკეჩერსის" 200-ლარიანი ვაუჩერის მფლობელი "ვითიბი ბანკის" მცველი ნოდარ მაჭავარიანი გახდა, რომელიც სამი ტურის განმავლობაში გუნდის უდავო ლიდერად გვევლინება.

"ვერცხლის ლიგაში" ეს ტიტული "ბაქსვუდის" ფორვარდს, ლადო ასათიანს მიენიჭა, რომელმაც "ივერიაბეთთან" მოგებულ შეხვედრაში მეტოქის კარი 6-ჯერ(!!!) აიღო, რაც მიმდინარე გათამაშების რეკორდია. ლადო თაფლი "მეფუტკრის" პროდუქციით დაჯილდოვდება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი "სკეჩერსი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "მედი ქლაბ ჯორჯია", თაფლი "მეფუტკრე" და ყვავილების მაღაზია "flowers.ge".

რაც შეეხება მედიაპარტნიორებს: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯაკო"; ვებპორტალები - sportall.ge, geosports.ge, worldsport.ge, goal.ge, adami.ge, news.ge და ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული