ლატვია-საქართველოს მატჩი ვირუსმა ჩაშალა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი დეკემბრის ბოლოს თანამდებობიდან გაათავისუფლა. ასათიანი უკმაყოფილებას და გაოცებას ვერ მალავდა, რადგან მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. თუმცა გასული წელი ნაკრებმა ჩააგდო, თამაშები ვერ ჩაატარა და ელიტ-რაუნდში მოპოვებული ადგილიც დაკარგა.

რატომ არ ენდობოდა ასათიანს, ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტ გიზო ფხოველიშვილის კომენტარს უახლოეს პერიოდში ველით. მანამდე კი შევიტყვეთ, რომ ფუტსალის ნაკრები ზაალ ჩიტალაძეს ჩააბარეს, ფუტსალის ''ბიზნეს ლიგის" დამფუძნებელს, რომელიც მანამდე ორი წელი საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ''ალგოს" ავარჯიშებდა.

ამას გარდა, ნაკრების მენეჯერად საქართველოს
ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი, რიგის ''ოლიმპსის" გენერალური მენეჯერი ალექსანდრე რეხვიაშვილი დაინიშნა, ლევან ხაბულიანი ფიზმომზადების მწვრთნელი გახდა, ანდრეი პოპკოვი - მეკარეების მწვრთნელი, ჩვენი ყოფილი კოლეგა და ''ამერის" ყოფილი ადმინისტრატორი მამუკა კვანტალიანი ნაკრებშიც ადმინისტრატორად იმუშავებს.

საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ მეკარეთა ახალ მწვრთნელ ანდრეი პოპკოვზე.

''პოპკოვი ზაალ ჩიტალაძესთან მეგობრობს და შარშან ''ალგოში" ჩამოიყვანა. ანდრეი საინტერესო ადამიანია, რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარეა, რუსებს კი, კარგად ვიცით, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ. პოპკოვი ახლაც ''ალგოში" თამაშობს და ვფიქრობთ, მისი გამოცდილება ჩვენ ნაკრებს არ აწყენდა", - ამბობს დარჯანია.

11 იანვარს ნაკრები ლატვიაში მოსამზადებლად გაემგზავრა. დაგეგმილი იყო ორი ამხანაგური მატჩი მასპინძელთა ნაკრებთან, რომელიც ასევე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჩიტალაძემ რიგაში შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: ჯაბა ჯამბურია (''იბერია"), დავით კეფაშვილი (''მარბო", სერბეთი).
წინახაზელები: მურთაზ კაკაბაძე, დავით ლუკავა, შოთა ჭანუყვაძე, დიმიტრი მაყიშვილი, არჩილ სებისკვერაძე, ლევან კობაიძე, დავით ბობოხიძე, ზურაბ შერმადინი (ყველა - ''ალგო"), რეზო დევდარიანი, გიორგი თოთლაძე (ორივე - ''არარატი", ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ნიშნიანიძე (''მიტიშჩი", რუსეთი), კახა მაისაია (''იბერია").

გუშინ რიგაში ლატვია-საქართველოს პირველი მატჩი ჩაიშალა: ქართველი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ოთხია ჯანმრთელად, ყველა დანარჩენს ვირუსი შეეყარა და, ცხადია, მატჩი ვერ გაიმართებოდა. ლატვიასთან მეორე სპარინგი 16 იანვარსაა დაგეგმილი და, იმედია, ჩვენი ფეხბურთელები ლატვიას უთამაშებლად არ დატოვებენ, მანამდე მომჯობინდებიან. მაკედონიაში შესარჩევი ციკლის მატჩები 22 იანვარს იწყება და დარჩენილ დროში სპარინგებს გუნდის შესათამაშებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ლატვია კი, მართალია, გრანდი არაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდია.

დარჯანიას თქმით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, დებიუტანტები მხოლოდ ალგოელები დავით ლუკავა და მურთაზ კაკაბაძე არიან. სხვათა შორის, ორივე თბილისის ''ამერის" ფეხბურთელი იყო და ფუტსალში გადავიდნენ.

ტრავმის გამო ნაკრებს გამოაკლდნენ ''იბერიას" მოთამაშეები, გუნდის კაპიტანი გოგა ალთუნაშვილი და ალექსანდრე ძაბირაძე, ასევე თსუ-ს წევრი თემურ ჯაფარიძე.

საინტერესო ისტორია აქვს ნაკრების წევრ გიორგი ნიშნიანიძეს. ის ქუთაისელია, მაგრამ დიდი ხანია, რუსეთში გადავიდა და იქაურ კლუბებში თამაშობდა. გიორგი ახლაც ''მიტიშჩის" წევრია, მაგრამ ფუტსალის ასოციაციის დახმარებით და პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით, საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა.

შესაძლოა, მალე ქართული პასპორტი მიიღოს ''იბერია სთარის" საუკეთესო ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა რონიმ, რომელიც ოთხი წელია, საქართველოში თამაშობს და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი საკითხის სასწარაფოდ მოგვარებაზე ზრუნავს.

საქართველოს ნაკრები ლატვიიდან მაკედონიაში 20 იანვარს ჩავა, სადაც ჩვენი ჯგუფის თამაშები გაიმართება. შესარჩევი ციკლის მატჩების განრიგი კი ასეთია:

21 იანვარი
მაკედონია - ინგლისი
საქართველო - ესტონეთი

22 იანვარი
მაკედონია - ესტონეთი
ინგლისი - საქართველო

24 იანვარი
ესტონეთი - ინგლისი
საქართველო - მაკედონია


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული