საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ცქიტიშვილი "ლელოსთან" ინტერვიუში ფეხბურთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ქართულ ფეხბურთში დაგროვილ პრობლემებზე საუბრობს.
ჩვენი ინტერვიუ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა. ფიფას რეიტინგით, საქართველოს ნაკრები 139-ე ადგილზე დაქვეითდა, რაც მისი არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. გაგვიუარესდა უეფას რეიტინგიც.
ამას ემატება ჩაწყობილი თამაშები და ტოტალიზატორებთან დაკავშირებული სკანდალები, ბოლოდროინდელი გაუგებარი დაუდევრობა ჯაბა კანკავასა და ბუბა დაუშვილის "დისკვალიფიკაციებზე", უარესდება კლუბების ფინანსური მდგომარეობა...
ამ პრობლემებზე ვეტერანი ფეხბურთელი ღიად ლაპარაკობს. ცქიტიშვილი არ
- ჩემი აზრით, ქართულ ფეხბურთში დღეს იმდენი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა, უკვე ბევრი რამ არის შესაცვლელი. შეიძლება ითქვას, ლამის ყველაფერიც.
- ზოგადად, ეს გასაგებია. თქვენ რას გულისხმობთ?
- მეტი საფეხბურთო სკოლის გახსნაა საჭირო, სადაც აუცილებელი პირობა ბავშვების უფასო ვარჯიში უნდა იყოს. მათ ოჯახებს საკმაოდ დიდი ხარჯები აქვთ, ცალკე ფორმების ფულია გადასახდელი, ბავშვებს ძვირად ღირებული ბუცები სჭირდებათ, ზაფხულში კი შეკრებაზე წასასვლელად ლამის კრედიტების აღება სჭირდებათ. აბა, ასეთ პირობებში, ფეხბურთი მასობრივი როგორ გახდება? თუ ამ პრობლემებს არ მოვუვლით, მასობრიობას ვინ ჩივის, დღევანდელი რაოდენობაც სანატრელი გაგვიხდება.
ისიც გასათვალიწინებელია, რომ ბოლო წლებში ფეხბურთმა პოპულარობა დაკარგა.
- ეს პრობლემები საფეხბურთო სკოლებს თავადაც ესმით და გადასახადის დაწევაც სურთ, მაგრამ მათაც ხუთავენ. ასეთ პირობებში რა გამოსავალს ხედავთ?
- გამოსავალი სახელმწიფოს თანადგომა იქნება. ფული უნდა ჩაიდოს, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი სკოლა დაარსდეს. ამაში ვგულისხმობ მწვრთნელთა გადამზადების, ბავშვების ეკიპირების, ტურნირებსა და შეკრებებზე გამგზავრების ხარჯებს. დღეს ორიოდე ძლიერი სკოლაა, რომლებიც ქართული ფეხბურთის ტვირთს საკუთარ ზურგზე ზიდავენ.
"საბურთალო", "დინამოს" აკადემია და "ლოკომოტივი" ძლიერ თაობებს ზრდიან. ასაკობრივ ნაკრებებშიც, უმთავრესად, მათი გაზრდილები არიან. მაგრამ წარმოიდგინეთ, კიდევ მინიმუმ 10 ასეთი სკოლა რომ გვქონდეს, რამდენად წინ ვიქნებოდით?
- ეროვნული ჩემპიონატი ცალკე თემაა. უეფას ბოლო რეიტინგში ფარერის კუნძულებმა ჩვენზე მეტი ქულა დააგროვა...
- ეს ძალიან სამწუხარო ამბავია. აქ იმდენად სერიოზული პრობლემებია და ისეთი ტემპით მივდივართ უკან-უკან, ამაზე ფიქრიც კი გულს მტკენს. ჩვენი ფეხბურთი ასეთ გავერანებას არ იმსახურებს. მას გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ვერ ვიყენებთ.
- თქვენი მეგობარი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას უმიზნებს. მაგრამ მისი გამარჯვების იმედი როგორ გაქვთ, როცა ხმის უფლების მქონე 35 სუბიექტიდან 27-28 უშუალოდ ფედერაციასთანაა დაკავშირებული?
- მე მაინც მაქვს იმის იმედი, რომ ეს ადამიანები ქართული ფეხბურთის მომავალზე დაფიქრდებიან და სწორ არჩევანს გააკეთებენ.
ფაქტია, ფეხბურთს შველა უნდა. ისიც ნაღდია, რომ ამ ფედერაციის ხელში უკან-უკან მივდივართ და მითხარით ლოგიკური არგუმენტი, რატომ უნდა დარჩნენ დღევანდელი მმართველები? რამდენი ხანია, ფედერაციაში არიან და ვერაფერი გააკეთეს და შემდგომ ოთხ წელიწადში რისი იმედი უნდა გვქონდეს?
მოკლედ, ჩემი აზრია, რომ ფეხბურთის ფედერაციას ახალი სისხლი სჭირდება. თუ ახლა არ ვუშველეთ, ფეხბურთში წასული თანხები სწორად არ დაიხარჯება და სულ ასეთ დღეში ვიქნებით.
ჯერ ის რა უბედურებაა, ჩემპიონატს 16 გუნდით რომ იწყებ და 15-ით ამთავრებ?! წინასწარ ხომ უნდა გათვალო, რამდენს აქვს ფინანსური სახსრები და რამდენია გაჭირვებული. ამ კრიტერიუმების დაწესებას წინ რა უდგას?
- გასაგებია, რომ "ახალ სისხლში", კობიაშვილის მოსვლას გულისხმობთ...
- რა თქმა უნდა? დარწმუნებული ვარ, ლევანი ის ფიგურაა, რომელიც ჩვენს ფეხბურთს კრიზისიდან გამოიყვანს. ამას ჩვენი მეგობრობა კი არა, მისი პიროვნული თვისებები მალაპარაკებს.
- კობიაშვილი უდავოდ წესიერი კაცია, კარგი სახელიც აქვს და გულშემატკივრებში ნდობით სარგებლობს. მაგრამ სფფ-ს პრეზიდენტს საქმის ცოდნა და გამოცდილებაც მოეთხოვება...
- ყველაფერი იწყება ადამიანური ნიჭითა და ურთიერთობების უნარით. ლევანს ეს ყველაფერი გააჩნია. ახლა, რაც შეეხება მის ცოდნასა და გამოცდილებას - რატომ გგონიათ, რომ გამოუცდელია?
ჯერ ერთი, მთელი წელი მენეჯერთა კურსებს გადიოდა. ეს საქმე კი გერმანიაში ისეთ დონეზეა დაყენებული, ზოგიერთ ჩვენს უმაღლეს სასწავლებელზე მეტ განათლებას იძლევა. მეორეცაა - უკვე ერთი წელია, ის მენეჯერად მუშაობს "ჰერტაში" და საქმეს მშვენივრად უძღვება.
ასე რომ, "გამოუცდელობა" ლევანის დასაკნინებლად მოგონილი მიზეზია. მას ქვეყანა და ჩვენი ფეხბურთი სტკივა და უყვარს.
- თქვენი აზრით, საქართველოს ნაკრებში კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ რა შეიცვალა?
- ჩვენს ნაკრებს თავიდან აშენება სჭირდება. მთავარი იყო, კახა რა მიმართულებას აიღებდა. მის ხელში აბსოლუტურად სხვა მიმართულებასა და შენების პროცესს ვხედავ, თამაშის სტილი აშკარად შეიცვალა. ადრე თუ საკუთარ კარზე ვიყავით მიჯაჭვულები, ახლა გუნდი შეტევაზეა ორიენტირებული.
- ყველაფერი ტაბლოთი იზომება. ნაკრებმა კი ჯერ შედეგი ვერ აჩვენა...
- გერმანიასა და პოლონეთთან წაგებებით ნაჩქარევ შეფასებებს ნუ გააკეთებთ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ დამარცხებული და მე-6 კალათაში გადასული გუნდის შეცვლა და ათამაშება ადვილია და ცხადაძე შედეგს მალე მოიმკის, ძალიან ცდება. გუნდის შენებას დრო სჭირდება. მაგრამ მისი მიმართულება შედეგს ადრე თუ გვიან მაინც გამოიღებს.
ჩვენ ვთამაშობდით დაცვაში ჩამჯდრები, წინ თითქმის არ ვიხედებოდით. ამ ტაქტიკამ რა შედეგი მოიტანა? ბოლოს მაინც ვაგებდით, გუნდი ვერ გაიზარდა და არც ამ ფეხბურთის მომავალი ჩანდა. ამას არ სჯობია, გუნდმა შეუტიოს?
დღეს თუ ბევრი არაფერი გამოდის, ხვალ უკეთესი ნაკრები გვეყოლება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"