ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა 2015/16: სუპერთასი სუპერლიგის ჩემპიონს!

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წწ. სეზონმა სუპერთასის ოთხთა ფინალით აიღო სტარტი.

სპორტული სააგენტო SBM-ის მიერ ორგანიზებული, რიგით მერვე გათამაშების პირველ სათამაშო დღეს ერთმანეთის პირისპირ 2014/15 წწ. სეზონის ოთხი საუკეთესო გუნდი წარდგა, სადაც პირველობა არავის დაუთმო სუპერლიგის ჩემპიონმა სკ პსპ-მ და ახალი სეზონის დაწყება თავისთვის სადებიუტო ტიტულის მოპოვებით აღნიშნა.

1/2-ფინალებში ოთხეული შემდეგნაირად დაწყვილდა: შარშანდელი ოქროს ლიგის ჩემპიონი "ნატახტარი" ვერცხლის ლიგის ფინალისტს, "კრედოს" დაუპირისპირდა (ვერცხლის ლიგის ჩემპიონი "სნიკერსი" წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობას არ ღებულობს და შესაბამისად, მისი ადგილი
ფინალისტმა დაიკავა) და მეორე ტაიმში მოპოვებული უპირატესობით 4-0 დაამარცხა მეტოქე. მეორე ფინალისტის ვინაობა კი სუპერლიგის ჩემპიონ პსპ-სა და ბრინჯაოს ლიგის გამარჯვებულ მფკ "ტატიშვილს" შორის გაირკვა. საკმაოდ დაძაბული დაპირისპირება "ფარმაცევტების" გამარჯვებით - 2-1 დასრულდა.

ორივე ნახევარფინალში გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს 100-ლარიანი ვაუჩერები გადაეცათ. "ნატახტარიდან" ეს წოდება კახაბერ გოგოხიამ მოიპოვა, ხოლო პსპ-ს რიგებში ყველაზე გამორჩეულად მათი მეკარე, ნიკოლოზ ფხაკაძე დასახელდა.

რაც შეეხება სუპერთასის ფინალურ შეხვედრას, რომელსაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც ესწრებოდნენ, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა.

მიუხედავად "ფარმაცევტების" მხრიდან მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობისა, "ნატახტარის" ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მეტოქეს საკმაოდ დიდი ბრძოლა გაუმართეს და რიგ მომენტებში ახლოსაც იყვნენ ანგარიშის გათანაბრებასთან, თუმცა საბოლოო შედეგის მისაღწევად ძალა აღარ ეყოთ და მატჩი პსპ-ს გამარჯვებით, 4-2 დასრულდა.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად ამ მატჩში დუბლის ავტორი ნუკრი ჭუმბურიძე დასახელდა, რომელიც ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს 200-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

სუპერთასის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი სპეციალური თასი გუნდის კაპიტანს, ლევან სარდანაშვილს, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ლევან კობიაშვილმა გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, მატჩები ჩემპიონატის ექსკლუზიური ოფიციალური ბურთით გაიმართა.

18.10.2015. სუპერთასი 2014/15
1/2-ფინალები
ნატახტარი - კრედო 4-0
გოლები: გოგოხია (2), ჯაფარიძე, სეფერთელაძე

FC PSP - მფკ ტატიშვილი 2-1
გოლები: გარსევანიშვილი, გოგიჩაიშვილი - შერმადინი

ფინალი
ნატახტარი - FC PSP 2-4
გოლები: გოგოხია, სეფერთელაძე - ჭუმბურიძე (2), გოგიჩაიშვილი, თევზაძე

რეგულარული სეზონი სტარტს უკვე მომდევნო კვირას აიღებს. 25 ოქტომბერს პირველი ტურის შეხვედრებს სუპერლიგა A და სუპერლიგა B-ს გუნდები გამართავენ, ხოლო კორპორატიული, ოქროს და ვერცხლის ლიგის პირველი ტური 1-ელ ნოემბერს გაიმართება.

წლევანდელი სეზონი, ჯამში, ექვსი სხვადასხვა ლიგის ფორმატში გაიმართება, სადაც მონაწილე გუნდების რაოდენობა 60-ს შეადგენს.

სეზონის სტარტზე, ოთხ ლიგაში წარმოდგენილ 40 გუნდს, 2016 წლის თებერვლიდან ბრინჯაოს ლიგა და სუპერლიგა C დაემატება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა", "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი", ყვავილების მაღაზია "flowers.ge" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", "კომერსანტი", "ჯა-კო"; ვებპორტალები - geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.geდა ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული