აკა ქავთარაძე: არ მინდა პრეზიდენტობა! მე მხოლოდ ფუტსალის განვითარება მსურს

AutoSharing Option
არახალია, ქართული საფეხბურთო თემი რომ გახლეჩილია და ეს აღარავის უკვირს, მაგრამ ბოლო წლებში ფუტსალში არსებული დაპირისპირება მაინც განსაკუთრებულია. ეს პატარა სამყარო, დიდი-დიდი, 2000 კაცს თუ ითვლის, მაგრამ ფაქტია - ბოლო სამი წელიწადია, ამ ხალხმა საერთო ენა ვერა და ვერ გამონახა.

ცხადი იყო, 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვლებოდა და ასეც ხდება, მათ შორის - ფუტსალშიც. როგორც ჩანდა და ჩანს, ეს დაპირისპირება მხოლოდ შიდასახეობრივი არ იყო. იქ ბევრი წყალქვეშა დინებაა...

ასეა თუ ისე, ეს ყველაფერი სფფ-ის ახალ ხელმძღვანელებსაც არ
მოეწონათ და ბოლო აღმასკომზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ფუტსალის საკითხიც განიხილეს.

სხდომის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განაცხადა, რომ ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელებს 1-ელ დეკემბრამდე მიეცათ ვადა, რათა სამოქმედო გეგმა და სახეობის განვითარების პროგრამა წარმოადგინონ.

სხვათა შორის, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი თანამდებობიდან 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მალევე გადადგა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ფუტსალის ასოციაციის მესვეურები ფეხბურთის ფედერაციის თავკაცებს შეხვდნენ და ვითარებიდან გამოსვლის გზებზე ილაპარაკეს.

იყო მონახაზი, რომ ფუტსალის ასოციაცია მართვას სფფ-ს გადასცემდა, ორგანიზაციის ხელმძღვანელობა გადამდგარად ჩაითვლება, ხოლო ასოციაციის სამართავად სფფ საგანგებო კომიტეტს ჩამოაყალიბებდა.

ასეთ შემთხვევაში, ეროვნულ ჩემპიონატს აკა ქავთარაძე ჩაატარებდა, რომელიც წლების განმავლობაში ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა (ის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელიც გახლავთ), ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს კი კვლავ ავთანდილ ასათიანი გაწვრთნიდა, რომელიც ორი წლის წინათ გაათავისუფლეს.

გუშინ, 26 ნოემბერს, მოვლენები სწრაფად განვითარდა. შუადღისას კომენტარისთვის აკა ქავთარაძეს დავუკავშირდით. მან ინფორმაცია დაადასტურა.

"ფეხბურთის ფედერაცია მომხდარით დაფიქრებულია და ფუტსალის დახმარება სურს, რადგან ჩემპიონატი არ ტარდება. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობის თანხა, 2500 ლარი, მხოლოდ ორმა გუნდმა გადაიხადა და ისიც - არასრულად, სხვებმა კი ვერ გადაიხადეს.

ფედერაციაში მოითხოვეს, რომ ფუტსალის ასოციაციამ 1-ელ დეკემბრამდე ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია წარმოადგინოს ან პასუხისმგებლობა მოიხსნას. ასეთ შემთხვევაში, ჩემპიონატის ჩატარებას საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია აიღებს. ამის თაობაზე უკვე იყო ლაპარაკი. ჩემპიონატს სფფ-ის საშეჯიბრებო განყოფილება და მე ჩავატარებთ. მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უშლის ის, რომ ასოციაციის ძველ და ახალ მმართველებს შორის დავა სასამართლოში განიხილება...

რაც შეეხება ნაკრებს, დიახ, თავის დროზე, ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი უსამართლოდ ჩამოაშორეს საქმიანობას. ამიტომ მე მისი დაბრუნების მომხრე ვარ", - ამბობს ქავთარაძე.

ამავე დროს, ქავთარაძე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტობა სურს:

"ფუტსალის ასოციაციაში ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი და თუ გახსოვთ, მაშინაც ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტობას ვაპირებდი. თუ ფინანსები არ იქნება, ამას აზრი არც აქვს.

მე ამ სახეობის განვითარება მსურს და არა - პოსტი. პრეზიდენტობა რომ მდომებოდა, ამის შანსი რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. პოსტს ახლაც არ ვეპოტინები. პრეზიდენტად ვინც უნდათ აირჩიონ, მე კი - პას! მხოლოდ ვითარების დალაგებას შევეცდები"!

საღამოს გაირკვა, რომ ფუტსალის ასოციაციამ უარი თქვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებაზე, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის მართვას სფფ გადაიბარებდა. ესეც ქავთარაძისგან შევიტყვეთ:

"მაცნობეს, რომ ფუტსალის ასოციაციის მმართველებმა ფეხბურთის ფედერაციის წინადადებაზე უარი თქვეს და 5 დეკემბერს ახალი ყრილობის გამართვა გადაწყვიტეს.

როგორც მითხრეს, დაინიშნება ახალი ყრილობა, რომელიც ახალ მმართველს აირჩევს. მიზეზი ისაა, რომ ხაჩიაშვილი 3 ოქტომბრის შემდეგ გადადგა, თუმცა დღემდე, ოფიციალურად, საჯარო რეესტრში პრეზიდენტად ფიგურირებს, მის გარეშე კი ფუტსალის ასოციაცია უფლებამოსილებას ვერავის გადასცემს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასაც ვერ მიიღებს...

ვემხრობი იმ აზრს, რომ ჯობია გაირკვეს, ეროვნულ ჩემპიონატში რამდენი გუნდი ითამაშებს, სად ვითამაშებთ, რა ბიუჯეტი გვექნება და ეროვნული ჩემპიონატი ამის შემდეგ დავიწყოთ. სხვაგვარად, მის დაწყებას აზრი არ აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
კომენტარებს რატომ არ აქვეყნებთ მიკერძოებულებო???
sportall.ge
01:30 27-11-2015
0
ეს კაცი არის იმ დიდი ვაკხანალიის მონაწილე, რაც წლებია ფუტსალში მიმდინარეობს. თქვენ დაანგრიეთ და საბავშვო ბაღად აქციე. ქართული ფუტსალი. ეხლა კიდევ ეპოტინება აკა რომ ... დარჩეს. რა ჩემპიონატი უნდა ჩაატაროს ამან?!
namusi
14:13 27-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული