ჰოლანდიაში საგოლე პასით თავი "ვიტესის" კაპიტანმა გურამ კაშიამ გამოიჩინა. "ახნასის" ერთი გოლი ქართული იყო, ოღონდ, ამჯერად, ნიკა კაჭარავა არაფერ შუაშია...
იტალია. სერია A.
"ემპოლი" სტუმრად "სამპდორიას" დაუზავდა - 0:0. ლევან მჭედლიძემ შეუცვლელად ითამაშა. მან 31-ე წუთზე საუკეთესო შანსი გაანიავა, როცა თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო). მატჩის მიწურულს ქართველი ფორვარდი გააფრთხილეს.
"პიანეტა ემპოლიმ" ჩვენებურს 5,5
ჰოლანდია. ერედივიზიე.
გურამ კაშიას "ვიტესმა" 3:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ტვენტე". მე-13 წუთზე ბეიკერმა ანგარიში კაშიას საგოლე პასის წყალობით გახსნა. "ვიტესი" 26 ქულით მე-7 ადგილზეა, რომელიც ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსს იძლევა.
პორტუგალია. პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძემ "პორტუსთან" მატჩში სამი გოლი გაუშვა, მისმა "მორეირენშემ" თამაში 10 კაცით დაასრულა და 0:3 დამარცხდა. ქართველი მეკარის გუნდს 14 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა.
სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის (არ უთამაშია) "ჟილ ვისენტე" სტუმრად "ვარზიმს" დაუზავდა - 1:1.
საფრანგეთი. ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსი" სტუმრად "ბურჟ ენ ბრესთან" დამარცხდა - 0:1. ამ წაგებით "რეიმსი" მესამე ადგილამდე დაქვეითდა.
ესპანეთი. ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიამ მეორედ ითამაშა "სევილია ატლეტიკოს" რიგებში სასტარტო შემადგენლობაში და პირველად 90 წუთი შეუცვლელად გაატარა მოედანზე. "სევილიას" ახალგაზრდული გუნდი სტუმრად "რაიო ვალეკანოს" 1:1 დაუზავდა. მას გოლის გატანის ერთი შანსი ჰქონდა, თუმცა ქართველის დარტყმული კუთხურზე მოიგერიეს.
თურქეთი. I ლიგა.
სანდრო კობახიძის ახალმა გუნდმა "გიოზთეფემ" ჯერ მის გარეშე ითამაშა. "გიოზთეფემ" შინ 2:4 წააგო "დენიზლისთან" და ლიდერობა დაკარგა.
კვიპროსი. I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის "ერმისმა" 2:0 დაამარცხა "კარმიოტისა". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
ქართველთა "ეთნიკოსმა" (ახნა) სტუმრად მოუგო "ანაგენისის" - 3:2. მხოლოდ რუსეთის მოქალაქე ნიკა ყიფიანმა ითამაშა (გოლი გაიტანა, გააფრთხილეს), ნიკა კაჭარავას დისკვალიფიკაცია ჰქონდა, გიორგი ილურიძეს არ უთამაშია, ხოლო გია გრიგალავა ტულის "არსენალში" გადავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"