ლეგიონის უქმეები: მჭედლიძის გადამწყვეტი თავური, მაკარიძის გმირობა [VIDEO]

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძე კარიერის საუკეთესო ფორმაშია, ის მყარად ჩაჯდა "ემპოლის" შემადგენლობაში და გოლების გატანაც დაიწყო, 22 იანვარს მან საკუთარ გუნდს თავურით სამი ქულა მოუტანა.

გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ ლუკას ჰუფნაგელი ძალიან ახლოს იყო ბუნდესლიგაში დებიუტთან, ხოლო პორტუგალიაში გიორგი მაკარიძემ მორიგი გმირობა ჩაიდინა.

იტალია, სერია A.
მატჩის 82-ე წუთზე "უდინეზეს" საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდეს, ყველაზე მაღლა ლევან მჭედლიძე ახტა და "ემპოლის" სამი ქულა პირადად მოუტანა - 1:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლევანმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა. "პიანეტა ემპოლიმ" ჩვენებურს 7 ბალი დაუწერა, რაც საუკეთესო შეფასებაა.

მჭედლიძემ ამ სეზონში 10 მატჩში 4 გოლი გაიტანა. ამით ლევანმა კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა - 2014/15 წლების სეზონშიც მან 4 გოლი გაიტანა სერია A-ში (25 თამაშში). ჩვენებურისთვის შემდეგი გოლი მეათე იქნება იტალიის ჩემპიონატში.

რომან ჭანტურია განაცხადში არ ყოფილა. როგორც "პიანეტა ემპოლი" იუწყება, ქართველი ფორვარდი იჯარით პორტუგალიის რანგით მეორე ლიგის "ოლანენშეში" გადადის, რომელიც ლიგის აშკარა აუტსაიდერია.

იტალია, ლეგა პრო.
ირაკლი შეყილაძის (90 წთ) "ტუტოკუოიომ" შინ რომის "ლუპასთან" 0:0 ითამაშა. "ტუტოკუოიო" 22 ქულით მე-14 ადგილზეა.

გერმანია, ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელი კარიერაში პირველად მოხვდა ბუნდესლიგური მატჩის განაცხადში. თანაც, "ფრაიბურგის" ქართველ ნახევარმცველს შანსი გაუჩნდა, ელიტაში დებიუტი იმ გუნდის ("ბაიერნი") წინააღმდეგ ჰქონოდა, სადაც ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მაგრამ კრისტიან შტრაიხმა მოედანზე არ შეიყვანა, "ფრაიბურგი" კი ბოლო წამებზე დამარცხდა - 1:2.

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
"სევილია ატლეტიკო" სტუმრად "ჟირონასთან" 0:2 დამარცხდა. სამწუხაროდ, მწვრთნელმა გიორგი აბურჯანია სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

პორტუგალია, პრიმეირა.
გიორგი მაკარიძემ მორიგი გამარჯვება მოუტანა "მორეირენშეს", "ფერეირასთან" საგარეო მატჩში მან პენალტი მოიგერია და კარი "მშრალად" შეინახა - 2:0 "მორეირენშეს" სასარგებლოდ. ქართველმა სულ 6 დარტყმული მოიგერია თამაშში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პორტუგალია, სეგუნდა დივიზიონი.
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" 1:0 მოუგო "ვიზელას". ჩვენებურს არ უთამაშია.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
არნემის "ვიტესი" სტუმრად დაუზავდა "გრონინგენს" - 1:1. მწვრთნელმა ქართველი კაპიტანი გურამ კაშია შესვენებაზე შეცვალა. მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილა.

საფრანგეთი, ლიგა 2.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა "რეიმსის" შემადგენლობაში "ვალანსიენთან" 0:0 დასრულებულ შეხვედრაში. "რეიმსი" ლიდერთა ჯგუფში პოზიციებს კარგავს, შამპანურმა გუნდმა ბოლო 4 ტურიდან მხოლოდ ერთ მატჩში იმარჯვა.

თურქეთი, I ლიგა.
სანდრო კობახიძე მეორე ტაიმის დასაწყისიდან გამოჩნდა "გიოზთეფეს" შემადგენლობაში, როცა მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. მალე "გიოზთეფე" წინ გავიდა, მაგრამ ბოლოს "გაზიანთეფმა" შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 2:2. "გიოზთეფე" 32 ქულით მე-4 ადგილზეა.

კვიპროსი, I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძის "ერმისი" სტუმრად "აპოლონთან" 0:3 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი შესვენებაზე კარლეს კოტომ შეცვალა.

ქართველთა "ახნასი" (ილურიძე, ფალავანდიშვილი, კაჭარავა) დღეს მასპინძლობს "დოხას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დოხა არა დოქსა. დიდებას ნიშნავს.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული