გვახარებს ლევან მჭედლიძე, რომელმაც კარიერის რეკორდი დაამყარა... წლის პირველი ტიტული მოიგო "მორეირენშეს" ქართველმა მეკარე გიორგი მაკარიძემ.
იტალია, სერია A.
მატჩის 39-ე წუთზე "კროტონეს" საჯარიმოს მისადგომებთან მარილუნგომ ბურთი დაუგდო ლევან მჭედლიძეს. ქართველმა ფორვარდმა ცაციით მორიგი გოლი გაიტანა. ამით "ემპოლიმ" ანგარიში გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ ჩვენებურის გუნდი 1:4 დამარცხდა. მჭედლიძე 78-ე წუთზე გამოცვალ
ეს ლევანის მეხუთე გოლია სეზონში, რითაც მან პირადი რეკორდი დაამყარა. ჩვენებურმა ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა. "სამპდორიასთან" პენალტიც რომ გაეტანა...
იტალია, ლეგა პრო.
მართალია, ირაკლი შეყილაძის "ტუტოკუოიო" ცხრილის ქვედა ნახევარშია და გუნდმა ამ ტურშიც წააგო (სტუმრად "ლუკეზესთან" - 1:3), მაგრამ თავად ქართველი ფეხბურთელი ურიგოდ არ ირჯება. ახლაც, "ტუტოკუოიოს" ერთადერთი გოლი მის ანგარიშზეა. ეს მისი მეშვიდე გოლია ჩემპიონატში, შარშანდელ შედეგამდე შეყილაძეს გოლიღა აშორებს.
გერმანია, ბუნდესლიგა.
ლუკას ჰუფნაგელის "ფრაიბურგმა" შინ 2:1 დაამარცხა ბერლინის "ჰერტა". ჩვენებური ამჯერად, განაცხადშიც არ ყოფილა.
გერმანია, II ბუნდესლიგა.
დრეზდენის "დინამოს" ნიურნბერგში საგულშემატკივროდ 10 ათასამდე ფანი გაჰყვა და გუნდმა 2:1 მოუგო "ნიურნბერგს", მაგრამ ცუდი ამბავი გვაქვს აკაკი გოგიასთან დაკავშირებით - ჩვენებურმა მე-13 წუთზე კოჭის ტრავმა მიიღო და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.
ჰოლანდია, ერედივიზიე.
არნემის "ვიტესმა" 2:1 დაამარცხა უშუალო კონკურენტი "ალკმაარი". გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ ჯერ 50-მეტრიანი საგოლე პასით გამოიჩინა თავი, მერე კი თავით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
სეზონის წინ, როცა გიორგი აბურჯანია "სევილიაში" გადადიოდა, სიტუაციის ასე შემობრუნებას ნამდვილად არ ველოდით. პირველ გუნდს ვინ ჩივის, ტრავმის გამო ფორმიდან ამოვარდნილი აბურჯანია დუბლებშიც ვერ ხვდება სასტარტო შემადგენლობაში, "ტენერიფესთან" მატჩში (0:0) ის მოედანზე 79-ე წუთიდან გამოჩნდა.
საფრანგეთი, ლიგა 2.
ჯაბა კანკავას "რეიმსი" დღეს ესტუმრება "რედ სტარს".
პორტუგალია, ლიგის თასი
გიორგი მაკარიძის "მორეირენშემ" ლიგის თასის ფინალში "ბრაგას" მინიმალური ანგარიშით მოუგო და ტიტულის მფლობელი გახდა. ქართველმა მეკარემ საკუთარი გუნდის კარი ბოლომდე საიმედოდ დაიცვა, შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი კი პირველი ტაიმის მიწურულს, პენალტით გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ფინალამდე "მორეირენშემ" გათამაშებიდან "პორტუ" და "ბენფიკა" გამოთიშა და ეს მაკარიძის ბრწყინვალე თამაშის წყალობით მოახერხა.
პორტუგალია, სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძეს კვლავ არ უთამაშია, მისი "ჟილ ვისენტე" კი "ბენფიკას" დუბლებს დაუზავდა - 1:1. ჩვენებურს ნოემბრის მერე არ უთამაშია. "ოლანენშე" სტუმრად "კოვილიასთან" 0:3 განადგურდა, გუნდის ახალწვეულ რომან ჭანტურიას არ უთამაშია. ქართველი ფორვარდი "ემპოლიდან" იჯარით გადავიდა გუნდში, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონში ბოლო ადგილზეა და ბოლო 6 მატჩი წაგებული აქვს.
თურქეთი, I ლიგა.
სანდრო კობახიძის "გიოზთეფემ" სტუმრად 1:0 მოუგო "ალთინორდუს". ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო, იგი 69-ე წუთზე გამოცვალეს.
კვიპროსი, I დივიზიონი.
ირაკლი მაისურაძეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია, "ერმისი" შინ 1:4 დამარცხდა "ანორთოსისთან", ხოლო ჩვენებური წაგებულთა რიგებში სათადარიგო იყო.
"ეთნიკოსი" შინ ლიდერ აპოელ-თან 2:3 დამარცხდა. გიორგი ილურიძე მასპინძელთა სასტარტოში იყო. იგი მე-60 წუთზე გამოცვალეს, ხოლო ნიკა ყიფიანმა შეუცვლელად ითამაშა, ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო, ხოლო გუგა ფალავანდიშვილი საერთოდ არ ყოფილა განაცხადში.
აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
ჩვენს სამეზობლოში ზამთრის არდადეგები დასრულდა და ზაურ სვანაძის "ინტერმა" 4:1 გაანადგურა "ქიაფაზი". ზურაბ ხიზანიშვილმა ამ მატჩში შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა რიგებში. "ინტერი" 28 ქულით მესამე ადგილზეა.
ნიკა კვეკვესკირის "გაბალას" კი ფეხი დაუცდა "სუმგაითთან" მატჩში - 1:1. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და იგი 62-ე წუთზე შეცვალეს. "გაბალას" 32 ქულა აქვს.
ნუგზარ კვირტიასა და დავით ჯანელიძის აზალ-ი სტუმრად "ზირასთან" დამარცხდა - 1:2. სასტარტო შემადგენლობაში არც ერთ ჩვენებურს არ უთამაშია, თუმცა კვირტია მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. აზალ-ი 8 ქულით ბოლო ადგილზეა.
ირანი, პრო ლიგა.
კახა კაკაშვილის "მაჩინ საზი" სტუმრად "ტრაქტორ საზის" დაუზავდა - 0:0. ჩვენებურმა აუტსაიდერი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"