ჯაბა დვალი: უკვირთ, დანიაში რატომ წავიდაო?! უნდა წასულიყო..

AutoSharing Option
31 წლის ფორვარდი ჯაბა დვალი ჯერაც უგუნდოდაა, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ახალ კლუბს მალე იპოვის. ბოლოს ის "ცხინვალში" თამაშობდა, სადაც გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ, თუმცა კლუბმა უმაღლეს ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა.

გუშინ "ლელო" დაუკავშირდა დვალს, რომელსაც არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, თუმცა საუკეთესო პერიოდი "ზესტაფონსა" და თბილისის "დინამოში" ჰქონდა...

- თავდაპირველად წინა სეზონი შევაფასოთ. რამ განაპირობა "ცხინვალის" გავარდნა უმაღლესი ლიგიდან?
- კარგად იცით, თითქმის მთლიანად შეიცვალა გუნდის ძირითადი ბირთვი, თან ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად დროც არ იყო საკმარისი. ამასთან, აუცილებლად უნდა
გავუსვათ ხაზი მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემასაც... სხვა რა გითხრათ... ძალიან გულდაწყვეტილი ვარ იმით, რაც მოხდა.

- თქვენს პირად სტატისტიკას კი "ურიგოს" ნამდვილად ვერ ვუწოდებთ...
- ჩემთვის ყოველთვის გუნდური ინტერესებია წინა პლანზე. მერჩივნა, არც ერთი გოლი არ გამეტანა, ოღონდ "ცხინვალი" დარჩენილიყო უმაღლეს ლიგაში. მე 10 თამაშში 7 გოლი გავიტანე, მაგრამ საკუთარი თავით არ ვარ კმაყოფილი - მეტი შემეძლო.

- საინტერესოა, კიდევ გაკავშირებთ კონტრაქტი მოლდოვურ "დაჩიასთან"?
- კონტრაქტი მაქვს, მაგრამ მოლდოველებთან მოლაპარაკებები დავიწყე. დარწმუნებული ვარ, კლუბის პრეზიდენტთან შევთანხმდები იმაზე, რომ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდეს.

- ჯერაც არ გიპოვიათ ახალი კლუბი. როდის გაირკვევა თქვენი მომავალი?
- არაერთი გუნდი დამიკავშირდა. პირადად ჩემთვის სასურველია ისეთ კლუბში თამაში, სადაც საფეხბურთო გარემოა, ვარჯიში და თამაში გიხარია. რევაზ ჩელებაძე მელაპარაკა და "შუქურაში" თამაში შემომთავაზა...

ალბათ, მას შემდეგ, რაც "დაჩიასთან" საკონტრაქტო საკითხებს მოვაგვარებ, სწორედ "შუქურაში" ვითამაშებ.

- რას იტყვით საქართველოს ჩემპიონატზე, სადაც არაერთ გუნდში გითამაშიათ? საით მივდივართ?
- რა და როგორ იყო ბოლოს ჩვენს ჩემპიონატში, ყველამ კარგად ვიცით. თექვსმეტგუნდიანი პირველობის პირობებში ბევრ გუნდს არ ჰქონდა ელემენტარული პირობები. ის კი არა, თამაშზე გამგზავრების პრობლემაც იქმნებოდა. ყველა ვხედავთ - ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვითარება გაუმჯობესდეს. გარდამავალი ჩემპიონატი ძალიან დაძაბული იყო. თითოეული ადგილისთვის ბოლომდე მიდიოდა ბრძოლა. ათგუნდიან პირველობას დიდი იმედით ვუყურებ. უკეთესობას ნამდვილად ვხედავ.

- ხშირად გაიგონებთ, ფეხბურთელები არ გვყავსო...
- კატეგორიულად არ ვეთანხმები! ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ ეს. უბრალოდ, სწორი მიდგომაა საჭირო. ავიღოთ ხორვატიის მაგალითი. ამ ქვეყნის გამორჩეული ფეხბურთელები ახალგაზრდულ ასაკშივე მიდიან საზღვარგარეთ. რამდენი ხორვატი თამაშობს დღეს მაღალ დონეზე? თითქმის ყველა მათგანმა ახალგაზრდულ ასაკში დატოვა ქვეყანა, ხორვატიის ჩემპიონატი კი თავის დონეს მაინც ინარჩუნებს. მიმაჩნია, რომ თუ ფეხბურთელი გამორჩეულია, მისთვისვე ჯობია, ახალგაზრდულ ასაკშივე წავიდეს საქართველოდან... ძალიან კარგი ფეხბურთელია ბუდუ ზივზივაძე.

უკვირთ, დანიაში რატომ წავიდაო?! უნდა წასულიყო, აბა, რა უნდა ექნა? საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ "რეალში" ვერ წახვალ, ეტაპობრივად უნდა გადადგა ნაბიჯი.

- კი მაგრამ, ვინღა ითამაშებს საქართველოს ჩემპიონატში, თუ ყველა წავა?
- როცა აიწყობა სისტემა, უცხოეთში წასულების შემცვლელებიც გამოჩნდებიან. ისევ ხორვატიის მაგალითს მოვიყვან - ზაგრების "დინამო" სულ ყიდის გამორჩეულ ფეხბურთელებს, მაგრამ შემცვლელებს პოულობს, სისტემატურად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაში...

- ამის წინაპირობა საქართველოშიც ჩანდა - იყო დრო, ერთბაშად ორი გუნდი გვყავდა ევროპალიგის პლეი-ოფში...
- კარგად მახსოვს, "ზესტაფონში" რომ ვიყავი და "ბრიუგეს" ვეთამაშობდით, "დინამო" კი აეკ-ს ხვდებოდა. ბელგიელებთან თბილისური მატჩი რომ მორჩა, გამოვდივარ მინდვრიდან და ჟურნალისტი მეკითხება - შედეგით კმაყოფილი ხარო? კი, იყო უკმაყოფილების გრძნობა, მაგრამ მეორე მხრივ, ორი გუნდი გვყავდა ჯგუფური ეტაპის ზღვარზე...

მინდა, "ზესტაფონზე" ვთქვა. მე ამ გუნდში ჩემთვის დაუვიწყარი პერიოდი გავატარე. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ამ კლუბის თითოეული ქომაგი. ცოტა ხნის წინ პირადად წამოვიწყე ფეხბურთელებში აქცია, რომლის მიზანიც ქართულ ფეხბურთში "ზესტაფონის" დაბრუნება იყო.

რამდენიმე ათეულმა ფეხბურთელმა მიიღო მასში მონაწილეობა. ჩემი აზრით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს "ზესტაფონის" სრულფასოვანი დაბრუნება ქართულ საფეხბურთო ოჯახში.

ყოველდღე მირეკავენ, მეკითხებიან, როდის დაბრუნდება "ზესტაფონიო"? ეს კლუბი ბევრს დააკლდა, არამარტო ზესტაფონელ ქომაგს. თან დღეს ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტიციის დიდი დეფიციტია...

ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა და როგორ მოხდა წინა ფედერაციის დროს. მაშინ მე მოლდოვაში ვთამაშობდი, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: მჯერა, "ზესტაფონი" დაუბრუნდება ქართულ ფეხბურთს და გულშემატკივარსაც ძველებურად გაახარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯაბა ჯიგარი ხარ
dato
20:49 07-02-2017
0
მართალი კაცია ყველაფერში ვეთანხმები
temo
10:30 08-02-2017
0

სიახლეები პოპულარული