გიორგი ქვილითაია: სულ მცირე, 13 გოლი უნდა გავიტანო!

AutoSharing Option
23 წლის გიორგი ქვილითაია შესანიშნავად თამაშობს ვენის "რაპიდში". კლუბის ოფიციალურმა საიტმა ქართველ ფეხბურთელთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რაც მის პოპულარობას უსვამს ხაზს.

თავდაპირველად ჟურნალისტმა მას "აუსტრიასთან" ვენურ დერბიში გატანილი გოლი მიულოცა, მერე კი კითხვები დაუსვა...

- მოლოცვისთვის მადლობელი ვარ! იმ მომენტში უზომოდ ბედნიერი ვიყავი. დიდი ხანია ვიცი დერბის მნიშვნელობაზე. პირველად ვითამაშე "აუსტრიას" წინააღმდეგ. ძალიან გვინდოდა გამარჯვება, თუმცა, სამწუხაროდ, არ გამოვიდა.

- მას შემდეგ, რაც ბოლომდე გაიარეთ ადაპტაციის პერიოდი, ძალიან კარგად ათამაშდით და შესაბამისად, გუნდის წარმატებაში თქვენი წვლილიც დიდია. გოლები გაუტანეთ "შტურმს", "რიდს"
(დუბლი), "აუსტრიას"... ალბათ, უფრო მეტიც შეგიძლიათ...

- რა თქმა უნდა, შემიძლია. ნებისმიერი ფეხბურთელისთვის გარკვეულ სირთულესთან არის დაკავშირებული უცხო ქვეყანაში გატარებული პირველი დღეები. შეხება გიწევს ახალ ქვეყანასთან, ახალ ქალაქთან, ახალ კულტურასთან, ახალ გუნდთან... ამასთან შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება. ახლა კარგად ვთამაშობ და, იმედია, გაგრძელებაც ასეთივე იქნება.

- დაახასიათეთ თქვენი თავი, როგორც ფორვარდი. უფრო კომბინაციურ ფეხბურთს ერგებით თუ, ასე ვთქვათ, "საჯარიმოს თავდამსხმელი" ხართ?
- ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ მაშინ ვთამაშობ, როცა საჯარიმოში ვარ. სწორედ ამ პოზიციაზე მაყენებდნენ თბილისის "დინამოშიც". მას შემდეგ, რაც "რაპიდში" მოვედი, 6 გოლი გავიტანე. ჩემი მიზანია, ამ ჩემპიონატში, სულ მცირე, 13 გოლი გავიტანო. სხვათა შორის, ეს ჩემი საყვარელი ნომერია. სწორედ ამ ნომრით ვთამაშობდი უნგრულ "დიორში" ყოფნისას.

- ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დიდი ხანია, "რაპიდში" ხართ. ამას ისიც ხომ არ უწყობს ხელს, რომ გუნდის ბირთვს ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმოადგენენ?
- შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ მიზეზი სხვა რამეცაა - ძალიან თბილად მიმიღეს გუნდში. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ეს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.

- სატურნირო ცხრილში "რაპიდი" არ არის მაღალ პოზიციაზე. როგორ ფიქრობთ, შეძლებს გუნდი უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას?
- ეს რეალობას არ არის მოკლებული და ამის შანსი, ჯერჯერობით, ნამდვილად არის. წინ ძალიან ბევრი თამაშია. არ მიმაჩნია, რომ არჩევანის გაკეთება თასსა და ჩემპიონატს შორის იყოს სწორი მხოლოდ იმის გამო, რომ ცხრილში შედარებით უკან ვართ. ჩვენთვის ორივე ტურნირი პრიორიტეტულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გიორგი, სამეგრელოს შენი ეამაყება...
ლიკა
11:08 21-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული