ზაზა, დემე, ასკა და სხვები... საბა კვირკველიას წინამორბედი ქართველები მოსკოვის "ლოკომოტივში"

AutoSharing Option
ახლახან საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი საბა კვირკველია "რუბინიდან" იჯარით მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. რუსულმა გამოცემა "სპორტ ექსპრესმა" კი ამ კლუბში მისი წინამორბედი ქართველი ფეხბურთელებიც გაიხსენა: ზაზა ჯანაშია, გიორგი დემეტრაძე, მალხაზ ასათიანი, მიხეილ აშვეთია, გიორგი ჭელიძე და დავით მუჯირი.

ზაზა ჯანაშია - ყველაზე არასტაბილური
პერიოდი კლუბში: 1996-2001
ტიტულები კლუბში: რუსეთის ვიცე-ჩემპიონი 1999, 2000, 2001 წლებში; რუსეთის თასის მფლობელი 1996, 1997, 2000, 2001 წლებში; რუსეთის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის: N2 (1998, 1999).

Sportall.Ge

მან "ლოკომოტივი" თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, "მაკაბისთან" ჰეთ-თრიქით გაიყვანა, გაუტანა
სინიშა მიხაილოვიჩის, პაველ ნედვედის, ალესანდრო ნესტასა და კრისტიან ვიერის "ლაციოს", 2001-ში კი დაიღალა თამაშით და "ლოკოდან" წავიდა.

"პალიჩს არ გაუშვივარ, - იხსენებდა ჯანაშია კარიერის დასრულების შემდეგ. - ეგ კი არა, ჩემთან კონტრაქტიც გაახანგრძლივეს, მაგრამ მაშინვე იჯარით გაშვება მოვითხოვე. წავედი საქართველოში, სადაც დონე გაცილებით დაბალია. "ლოკომოტივში" ტრავმირებული ფეხებით უკვე ვეღარ "ვქაჩავდი". ახლაც კი ყოველ დილით ვავარჯიშებ, ვახურებ და მხოლოდ ამის მერე ვახერხებ ხოლმე საწოლიდან ტკივილის გარეშე წამოდგომას".

1996 წელს მოსკოვში ის სპეციალურად ჩაიყვანა იური სიომინმა. აქ ის დიდი ფეხბურთელი გახდა, რომელიც არასტაბილურობის მიუხედავად, კლუბის ისტორიაში რჩება ერთ-ერთ მთავარ ბომბარდირად.

გიორგი დემეტრაძე - ყველაზე "ოსური"
პერიოდი კლუბში: 2002
ტიტულები კლუბში: -

Sportall.Ge

"ჩემი საყვარელი გუნდი რუსეთში "ალანიაა", უკრაინაში კი - "მეტალურგი". ისინი ჩემთვის მშობლიურია", - ამბობს გიორგი დემეტრაძე.

პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა, არასდროს ოცნებობდა "ლოკომოტივზე" და ასათიანისა თუ ჯანაშიასგან განსხვავებით, არც არასდროს ფიქრობდა მთელი კარიერის ამ გუნდში გატარებაზე. გიორგისთვის მოსკოვი, უბრალოდ, კარიერის ერთ-ერთი ეტაპი იყო, რომელიც არცთუ წარმატებული გამოვიდა. "ლოკოში" ის "რეალ სოსიედადიდან" გამოუშვეს - ნახევარი წლით, იჯარით. ზედიზედ უგოლო ექვსი შეხვედრის შემდეგ ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის აღმოჩნდა.

მისთვის გაცილებით წარმატებული სეზონის "მშობლიურ" "ალანიაში" გაგრძელება გამოდგა, სადაც ის მანამდეც ბრწყინავდა 90-იანების ბოლოს. აქ ის რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და როდესაც დონეცკის "მეტალურგშიც" არ აეწყო საქმეები, იქ განაგრძო კარიერის გზა.

აქვე ვთქვათ, რომ დემეტრაძე არ ითვლება რუსეთის ჩემპიონად, "ლოკომოტივის" მიერ 2002-ში ოქროს მოგების მიუხედავად.

მიხეილ აშვეთია - "ახალი ჯანაშია"
პერიოდი კლუბში: 2003-05
ტიტულები კლუბში: რუსეთის ჩემპიონი (2004), რუსეთის სუპერთასის მფლობელი (2015).

Sportall.Ge

19 წლის აშვეთიამ საქართველოს ჩემპიონატის 54 მატჩში 55 გოლი გაიტანა და ახალგაზრდა ტალანტზე მონადირე სელექციონერების რიგიც დადგა. მიხეილმა "ალანია" აირჩია, რომელმაც ორი წლით ადრე ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. სულ მან ოსურ კლუბში სამი პერიოდი გაატარა. სწორედ ვლადიკავკაზურ კლუბში მესამედ ყოფნის დროს შეამჩნია ის "ლოკომოტივმა", სადაც "ახალი ჯანაშია" უნდა გამხდარიყო.

მართლაცდა, 2003 წელს ჩატარებულ 13 მატჩში ქართველმა ფორვარდმა რვა გოლი გაიტანა, მაგრამ ყველა მცდელობის მიუხედავად, ტიტულის მოგება ვერ შეძლო. "რკინიგზელები" ჩემპიონები უკვე მომდევნო წელს გახდნენ, თუმცა ამაში აშვეთიას ღვაწლი პრაქტიკულად არ ყოფილა - არცერთი გოლი 12 მატჩში, შემდეგ კი - ტრავმები და წაგებული კონკურენცია.

მალხაზ ასათიანი - ყველაზე თავდადებული
პერიოდი კლუბში: 2003-10
ტიტულები კლუბში: რუსეთის ჩემპიონი (2004), რუსეთის სუპერთასის მფლობელი (2005), რუსეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის: N2 (2005), N3 (2004).

Sportall.Ge

ასათიანი "ლოკომოტივში" 2003-ში მოვიდა, უკვე 2004-ში კი ტიტულის მფლობელი გახდა. წლების შემდეგ, "შინიკთან" 30-ე ტურში მოგების შემდეგ დამდგარ ღამეს ის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერად მოიხსენიებს.

მალხაზი დიდი ხნის განმავლობაში იყო მოსკოვური კლუბის დაცვის ბურჯი. თუმცა, ასათიანის კარიერა კიდევ უფრო უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ტრავმები...

2008 წელს სიომინმა, რომელმაც კიევის "დინამო" ჩაიბარა, ასათიანი თან წაიყვანა. შემდეგ ქართველი ამ მწვრთნელთან ერთად დაუბრუნდა "ლოკოს", სადაც გუნდის დაცვის ძირითად და შეუცვლელ მოთამაშედ რჩებოდა 2010 წლის 12 სექტემბრამდე. ცსკა-სთან შეხვედრაში ასათიანი ჩილელ მარკ გონსალესთან წაკინკლავდა, რისთვისაც წითელი ბარათი და დისკვალიფიკაცია მიიღო. შედეგად, სეზონის დარჩენილ ნაწილში მან შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა, საბოლოოდ კი "ლოკომოტივმა" მცველთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ მოინდომა.

გიორგი ჭელიძე - ყველაზე ახალგაზრდა
პერიოდი კლუბში: 2005-08
ტიტულები კლუბში: -

Sportall.Ge

19 წლის ქართველი "ლოკომოტივში" 2005 წელს აღმოჩნდა. მან პირველსავე შეხვედრაში, თასზე გამოიჩინა თავი, თუმცა ამის შემდეგ მოსკოვურ კლუბში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა, მერე კი იყო: "ზორია", "ზესტაფონი", "ნეფთჩი", "სამსუნსფორი" და "სიონი".

რუსეთში გამოჩენიდან ხუთი წლის თავზე თავდამსხმელმა სულაც დაასრულა კარიერა.

დავით მუჯირი - ყველაზე ევროპელი
პერიოდი კლუბში: 2008-10
ტიტულები კლუბში: -

Sportall.Ge

თბილისის "დინამოს" ლეგენდის - დავით მუჯირი-უფროსის ვაჟს, დავით მუჯირი-უმცროსს უღიარებია, რომ ცნობილმა გვარმა საფეხბურთო კარიერაში უფრო შეუშალა ხელი, ვიდრე - შეუწყო.

საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი 17 წლისას ჰქონდა, აქედან ორი წლის თავზე, ქვეყნის პირველობის მოგების შემდეგ კი ნახევარმცველმა კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება სცადა - "შერიფში", "შტურმში". თუმცა, ამაო რვაწლიანი მცდელობის შემდეგ, დამკვიდრებულიყო რომელიმე სერიოზულ ევროპულ გუნდში, 28 წლის ფეხბურთელი "კრილია სოვეტოვში" ლიონიდ სლუცკისთან აღმოჩნდა. აქ კი ის მართლაც გაიხსნა და რუსული ტოპ-კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა.

2008 წლის სეზონის დასაწყისში, სამარული მხარის სურვილის საწინააღმდეგოდ, ფეხბურთელი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა 1,1 მლნ დოლარის სანაცვლოდ. როგორც ჩანს, 30 წლის ნახევარმცველის კარიერის პიკი უკვე გადავლილი იყო და რაშიდ რახიმოვმაც, რომელიც თავდაპირველად დაინტერესებული იყო ამ ფეხბურთელით, ძირითადში 27-ე ტურამდე არ დააყენა.

2010 წლის იანვარში "ლოკომოტივმა" ქართველთან კონტრაქტი გაწყვიტა, მიზეზად კი "ფეხბურთელის მიერ შრომითი დისციპლინის უხეში დარღვევა" დასახელდა. მუჯირმა კლუბის ხემძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო, 28-იდან 31 დეკემბრამდე, 4 სავარჯიშო დღე გააცდინა. მაშინ გუნდის თავკაცი უკვე იური სიომინი იყო...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასკა ნომერ პირველია ამ ჩამონათვალში
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული