მერებაშვილმა წინა ტურშიც გაიტანა, ამ უქმეებზე კი გოლთან ერთად საგოლე პასიც გაახერხა და უდიდესი წვლილი შეიტანა "ზაგლებიეს" დამარცხებაში (2:1). გოლი კი ისეთი გამოუვიდა, ნებისმიერი უმაღლესი რანგის ფეხბურთელი რომ მოაწერდა ხელს - ტექნიკურად მიიღო ბურთი, გვერდი აუარა რამდენიმე მეტოქეს და ზუსტად დაარტყა შორეულ კუთხეში...
- [ლეგიონის უქმეები] მერებაშვილმა პოლონეთში გაიტანა, ბერიძემ - სლოვაკეთში [VIDEO]
- ბევრმა არ იცის, როგორ მოხვდით პლოცკის "ვისლაში". რატომ შეაჩერეთ არჩევანი მაინცდამაინც ამ კლუბზე?
- როცა "ლევადიაკოსთან" მიდიოდა მოლაპარაკება კონტრაქტის გაწყვეტაზე, სრულიად შემთხვევით ვესაუბრე ჩემს მეგობარ ლუკა ხომასურიძეს. სწორედ მან დამაკავშირა ერთ ბერძენ მენეჯერთან, რომელიც ჯერ კონტრაქტის გაწყვეტაში დამეხმარა, მერე კი პოლონური ვარიანტიც შემომთავაზა. აღარ მსურდა საბერძნეთში დარჩენა და ეს გამოწვევა სიამოვნებით მივიღე. მინდოდა, სხვა ჩემპიონატში მომესინჯა ძალა. ახლა გამოჩნდა, რომ სწორად მოვქცეულვარ.
- რა შეგიძლიათ თქვათ პოლონეთის ჩემპიონატზე? საბერძნეთის სუპერლიგაზე ძლიერია?
- ჩემი აზრით, პოლონეთის ჩემპიონატი ახლა საბერძნეთისაზე მაღლა დგას, მეტიც - შედარებაც კი არ შეიძლება! პოლონელებს ძალიან მაღალ დონეზე აქვთ ყველაფერი - ინფრასტრუქტურა, მაყურებელი, სპორტული მედია... მოკლედ, ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრო, ანუ შენი საქმე აკეთო. რაც მთავარია, აქ პროფესიონალების ხელშია საქმე და მიფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ.
- რა შეგიძლიათ თქვათ თავად გუნდზე? როგორი გუნდია პლოცკის "ვისლა"? რა მიზნები აქვს?..
- პატარა კლუბია, ამ სეზონში გადმოვიდნენ უმაღლეს ლიგაში. ასეთ დროს, მთავარი მიზანი ლიგაში დარჩენა უნდა იყოს, მაგრამ კარგი გუნდი გვყავს და შეგვწევს იმის ძალაც, რომ პლეი ოფში მოვხვდეთ და მეტიც - ვითამაშოთ ევროტურნირებზე! ამისთვის ცოტა მეტი იღბალია საჭირო.
- ბოლო დროს დიდებულ ფორმაში ხართ. რისი დამსახურებაა ეს?
- ალბათ, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ კლუბის ხელმძღვანელობისგან - დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული - მასაჟისტებით. "ქართველი მესიც" კი შემარქვეს, ზოგი "მესიბაშვილს" მეძახის... სხვა რა გითხრათ... იდეალური გარემოა, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ალბათ, ეს მაძლევს ძალას, რომ თავი კარგად წარმოვაჩინო და ფორმაში ვიყო.
- ბოლო მატჩი მართლაც შესანიშნავი გამოგივიდათ - გოლი და საგოლე პასი! თან გოლი განსაკუთრებული იყო...
- არ ვიცი, რატომ, მაგრამ მატჩის განმავლობაში ცოტა შეუძლოდ ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, მწვრთნელს ვთხოვ, შემცვალოს-მეთქი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო და მინდოდა, გუნდს გამარჯვებაში დავხმარებოდი. საბოლოოდ, გამომივიდა კიდეც. ბოლო წუთები იყო, მატჩი ფრისკენ მიდიოდა, დაღლაც დაგვეტყო...
უცებ გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო თამაში და გოლი გამეტანა... საბოლოოდ, ყველაფერი ლამაზად გამოვიდა, კვარეშმას სტილში...
- კარგ ფორმაში ხართ და ამის ფონზე, ხომ არ გაჩნდა ინტერესი სხვა კლუბების, თუნდაც პოლონური გრანდების მხრიდან?
- დეკემბერში იყო დაინტერესება ერთი-ერთი წამყვანი პოლონური კლუბის მხრიდან, თუმცა ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო ვერ შედგა. სხვათა შორის, არც ვნანობ. ვფიქრობ, მირჩევნია, წელს აქ ჩავამთავრო სეზონი და კიდევ უფრო კარგად წარმოვაჩინო თავი, მეტი გოლი გავიტანო...
- და ბოლო კითხვა: არ შეიძლება, ნაკრებში დაბრუნებაზე არ ფიქრობდეთ...
- რა თქმა უნდა, ვფიქრობ, თუმცა დღემდე, სამწუხაროდ, არავისთან მქონია კონტაქტი და ასე მგონია, არც იციან, საერთოდ თუ ვთამაშობ ფეხბურთს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"