გიორგი ჯიქია: მინიმუმ 4,5 წელი რუსული პასპორტი მექნება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მცველი გიორგი ჯიქია რუსულ პასპორტზე უარის თქმას არ აპირებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გთავაზობთ ჩვენთვის საინტერესო ამონარიდს სრული ინტერვიუდან:

- "ლოკომოტივში" ყოველთვის იყვნენ ქართველები - ასათიანი, აშვეთია, ჯანაშია, დემეტრაძე, მუჯირი. ამან ბავშვობაში შენს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია?
- "ლოკომოტივში" შემთხვევით მოვხვდი. ამხანაგური მატჩის შემდეგ სინჯებზე მიმიწვიეს. ჩავედი, მოვეწონე და 17 წლამდე დავრჩი. ასათიანის და ჯანაშიას ყურება სასიამოვნო იყო. ასათიანისგან, როგორც მცველმა, ბევრი ვისწავლე.

- "სპარტაკისგან" შემოთავაზება როდის მიიღე?
- ახალი წლის წინ რამდენიმე კვირით საქართველოში ჩავედი,
ნათესავების მონახულება მსურდა და რამდენიმე პირადი საკითხიც გადასაწყვეტი მქონდა. უცებ მირეკავენ: "სპარტაკთან" ყველაფერი მოგვარებულია". პირველივე რეისით მოსკოვში გავფრინდი, სამედიცინო შემოწმება გავიარე და მომდევნო დღეს კონტრაქტი გავაფორმე.

- ქართულად საუბრობ?
- ცოტა. ადრე უკეთ ვსაუბრობდი, მაგრამ დროსთან ერთად დამავიწყდა. ჯანოსთან კი ვსაუბრობ ქართულად, მაგრამ მიჭირს. მეგრული უკეთ ვიცი.

- საქართველოსა და რუსეთს შორის არჩევანის გაკეთება რთულია?
- არ მსურს ამ თემაზე ბევრი საუბარი. "სპარტაკმა", როგორც რუსული პასპორტის მქონე ფეხბურთელი, ისე ამიყვანა და ასე დავრჩები, როგორც მინიმუმ 4,5 წლით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი 23 წლის მცველის საქართველოს ნაკრებში ხილვა სურს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს და ფეხბურთის ფედერაცია მასთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა. აქვე გეტყვით, რომ რუსეთი ორმაგ მოქალაქეობას არ კრძალავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული