ელგუჯა ლობჯანიძე: რუსეთში მხოლოდ ხელფასის ასაღებად არ ჩავსულვარ!

AutoSharing Option
ელგუჯა ლობჯანიძე "ორენბურგში" გასინჯეს, განსაჯეს და გუნდში ჩარიცხეს.

24 წლის თავდამსხმელმა სამწვრთნელო შტაბს თავი თურქულ შეკრებაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრებში მოაწონა და რუსულ პრემიერლიგაში სადებიუტო შეხვედრაც (XVIII ტურში "ორენბურგმა" ტულის "არსენალს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა) ჩაატარა. ამ თამაშში ლობჯანიძე მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა...

"ლელომ" "ორენბურგის" ქართველ ფორვარდთან ინტერვიუ ჩაწერა...

- უპირველეს ყოვლისა, ახალ კლუბში ჩარიცხვას გილოცავთ!..
- დიდი მადლობა! ეს ჩემთვის პატარა ამბავი არ იყო. რუსეთის პრემიერლიგა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიგაა და აქ მოხვედრა და თამაში სასიამოვნოა.

- "ორენბურგს" როგორ შეეწყვეთ?

- საკმაოდ კარგად მიმიღეს მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც, ნელ-ნელა ვეგუები... საერთოდ, გასინჯვაზე თავის გამოჩენა ძალიან რთულია, მაგრამ მეგობრული დამოკიდებულება ვიგრძენი და ეს დამეხმარა.

- სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარეთ. ამაზე რას იტყოდით?
- ცოტა დრო მქონდა, მაგრამ დებიუტანტის კვალობაზე ეს ნორმალური იყო. მწვრთნელს ჰქონდა არჩევანი და ჩემ ნაცვლად სხვისი შეყვანა შეეძლო. მაგრამ სათადარიგოებიდან მე მენდო და ეს 5 წუთიც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- "ორენბურგი" სახარბიელო მდგომარეობაში არ არის და თქვენი აზრით, ლიგაში ადგილის შენარჩუნების რა შანსია?
- მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის, მაგრამ მჯერა, გუნდი მიზანს მიაღწევს. იმის იმედიც მაქვს, რომ ამაში "ორენბურგს" მეც დავეხმარები.

- გაქვთ შანსი, რომ ძირითადის მოთამაშე გახდეთ?
- ეს ჩემზეა დამოკიდებული. მაგრამ მხოლოდ ძირითადში მოხვედრის იმედი არ მაქვს, ეს ჩემი მიზანიც არის. რუსეთში იმიტომ არ ჩამოვსულვარ, რომ სათადარიგოთა სკამზე ვიჯდე. მხოლოდ იმას დავჯერდე, რომ აი, გუნდში ვირიცხები და გაცილებით კარგ ხელფასს ვიღებ, ვიდრე საქართველოში მიხდიდნენ... ასე ვერაფერს მივაღწევ.

ჩემთვის მთავარი წინსვლა და განვითარებაა, რაც მხოლოდ კარგი თამაშით არის შესაძლებელი.

საამისოდ, ყველაფერს ვაკეთებ და ვნახოთ, რა გამოვა აქედან. კონკურენცია დიდია და უნდა დავამტკიცო, რომ თამაშს ვიმსახურებ.

- თქვენი ერთ-ერთი კონკურენტი ქართველი ანზორ სანაიაა, რომელიც რუსეთშია გაზრდილი და აქედან გამომდინარე, საქართველოში თითქმის არ იცნობენ...
- სანაია საკმაოდ გამოცდილი თავდამსხმელია, სადაც უთამაშია, ყველგან აფასებდნენ და მისი "ორენბურგშიც" ეიმედებათ.

ნათქვამი აქვს, რომ საქართველოში ხშირად ჩადის. გარეგნულადაც ეტყობა, რომ ქართველია და ხასიათიც შესაფერისი აქვს. ძალიან კარგი ადამიანია და მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტები ვართ, პირველად სწორედ მას დავუახლოვდი.

დიდი ხნის მეგობარივით მიმიღო, მეხმარებოდა და გუნდთან შეგუება რომ არ გამჭირვებია, მისი დამსახურებაც არის.

- თქვენმა თაობამ რუსული კარგად არ იცის და ენობრივი ბარიერი არ გაგაჩნია?
- გეთანხმებით, ჩემმა თაობამ რუსული კარგად არ იცის, მაგრამ მე პრობლემა არ შემქმნია და ინგლისურად ახსნა არ დამჭირვებია - ყველაფერი კარგად მესმის, მათ შორის, თეორიაზე მწვრთნელის დავალებები.

ბუნებრივია, იდეალურად არ ვიცი და ზოგჯერ სიტყვებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ესეც პრაქტიკის ამბავია და მალე მოევლება.

- ქართველი ფეხბურთელების რუსეთში გადასვლა ბევრს შეცდომა ჰგონია...
- საქართველოში რომ რუსეთის პრემიერლიგის პირობების მეხუთედი მაინც იყოს, სიამოვნებით დავრჩებოდი. საკუთარ ქვეყანასა და ქალაქში თამაშს არაფერი სჯობია, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყველამ იცის და მეც იქ წავედი, სადაც ბევრად უკეთესი ჩემპიონატი და მოსამზადებელი გარემოა.

დიდი ხანი არ არის, რაც რუსეთში ჩამოვედი. თბილისი, ოჯახი, მეგობრები და ჩემი ქუჩაც უკვე მენატრება. წარმოიდგინეთ, როგორ არ მირჩევნია საქართველოში თამაში, მაგრამ დღეს ეს წარმოუდგენელია.

- ახლა გუნდის ბაზაზე ცხოვრობთ თუ სახლი გიქირავეს?
- ჩამოსვლის შემდეგ სასტუმროში ვცხოვრობდი, მაგრამ ბინა უკვე შემირჩიეს, მანქანა კი არ მყავს და ჯერ ამაზე არც ვფიქრობ. ქალაქს არ ვიცნობ და თუ რამე დამჭირდება, ან გუნდის მანქანა მომაკითხავს ან ტაქსის გამოვუძახებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Guja tavis sityvas ityvis da nakrebshic tamashsac daimsaxurebs. Warmatebebi guja. (Y)
Jaba gugesha
11 მარტი 2017 16:35
0
დავინახავთ მალე რისთვისაა ჩასული... ყველას გაგვიხარდება თუ მართლა ძირითადში ითამაშებს. თუ ასე მოხდება, მისთვის სანაკრებო კარიც გაიხსნება მაგრამ მგონია რომ საკუთარ თავზე ცოტა გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს...


namdvili zaza
11 მარტი 2017 14:26
0
ჰო,მართალია ეს ბიჭი,ხელფასი და იქაური ქალების დაპეპლვაა მისი მთავარი მიზანი...
status quo
11 მარტი 2017 13:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული