საბა კვირკველია: ჩემ უკან საქართველოს ნაკრები იდგა და მისთვის ვვარჯიშობდი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა საბა კვირკველიამ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- რუსეთის პრემიერლიგაში ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარე... როგორი შეგრძნებაა?
- შეგრძნება საოცარია, მაგრამ არ ვარ ისეთ სათამაშო ფორმაში, როგორშიც უწინ ვიყავი. ანუ 100%-ით არ ვარ ჯერ მზად, მაგრამ ეს არაა საშიში. ყველაზე მთავარი თვითრწმენაა. ადრე არ ვიცოდი, რისთვის ვვარჯიშობდი, ახლა კი ვიცი.

სწორად გამიგეთ - ვარჯიში მიყვარს, დატვირთვა არ მაშინებს, მაგრამ რთულია, როცა არ იცი, რისთვის მუშაობ.

- "ლოკომოტივში" ეს ესმით?
- რა თქმა
უნდა. ასეთ გუნდში მოხვედრით ბედნიერი ვარ. სათქმელიც არაფერია - აქაურობა ზღაპარია.

დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს - მას ჩემი სჯერა, გვერდში მიდგას და ძირითადში დამაყენა. ახლა ბევრად ადვილია, მაგრამ მესმის, რომ გარანტირებული არაფერია.

- რისი გჯეროდა, როცა "რუბინში" არ თამაშობდი?
- ჩემ უკან საქართველოს ნაკრები იდგა და მისთვის ვვარჯიშობდი.

- "ლოკომოტივი" ახლა სამი მცველით თამაშობს...
- და ეს სქემა ჩემთვის კომფორტულია. "რუბინში" ბეკიევიჩთან ერთად ბევრჯერ გვითამაშია ასე, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზეც.

- ჩორლუკასთან და პეიჩინოვიჩთან საერთო ენა მალე გამონახე?
- ძალიან კარგი მცველები არიან - ჩემპიონატში საუკეთესოები. ჩორლუკას გვერდით თავს მშვიდად გრძნობ. ძალიან გამოცდილია. ის დაცვის ლიდერად მოიაზრება და ეს სწორია, მაგრამ ერთმანეთს ვაზღვევთ. თუ რომელიმემ შეცდომა დავუშვით, მეორე ყოველთვის გვერდითაა.

- პეიჩინოვიჩთან ერთად სარვამარტო ვიდეორგოლში გადაგიღეს. გაუჭირდათ შენი დაყოლიება თუ სწრაფად დათანხმდი?
- არა, მთხოვეს და დავთანხმდი. კარგი ვიდეორგოლი გამოვიდა, ცოტა სასაცილოც. თანაგუნდელები მერე დამცინოდნენ, განსაკუთრებით, ტარასოვი და კასაევი.

- მილოცვა ნამდვილი მცველისგან - საბა კვირკველია "ლოკომოტივის" სარვამარტო რგოლში [VIDEO]

- რას ამბობდნენ?

- ისეთი ტკბილი იყავი, ძალიან მოგვეწონეო. ძალიან ბევრს ხუმრობდნენ, მეწყინა კიდეც. ახლა ორი დღე არ დაველაპარაკები.

- ვხედავ, გუნდს უკვე მოერგე...
- ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი წელია აქ ვარ. აქ შესანიშნავი გარემოა. რა თქმა უნდა, ვხუმრობ, თითქოს ტარასოვს და კასაევს არ დაველაპარაკები, მათ ეს იციან.

- ამბობდი, რომ სიომინთან გექნებოდა საუბარი. შედგა?
- ის მიცნობს. მას სურს, რომ გუნდს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. როგორც ვთქვი, ძირითადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს. "ლოკომოტივი" დიდი კლუბია და აქ კონკურენციაც დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. ყოველდღე დავამტკიცებ, რომ ფეხბურთის თამაში შემიძლია.

არის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ ჩემი დონე - მესამე ლიგაა. სწორედ მათ მსურს დავუმტკიცო, რომ ფეხბურთის თამაში ვიცი. თუ კარგად ვივარჯიშებ, კარგად ვითამაშებ.

- უცხოელ მწვრთნელ გრასიასთან რაღაც არ გამოგივიდა. იქნებ საქმე იმაშია, რომ ერთმანეთის არ გესმოდათ?
- ჩემთვის სულერთია, რომელ ენაზე საუბრობს მწვრთნელი და საიდანაა ის. მთავარია, პატივს მცემდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. ჩემი გადასაწყვეტი არაა, ვინ იქნება მწვრთნელი, მაგრამ ის პატივს უნდა მცემდეს. ასე უბრალოდ ვიჯდე და ხელფასს ვიღებდე, არაა ჩემი საქმე.

- სიომინი გრასიასგან რით განსხვავდება?
- შედარება არ მსურს, მაგრამ სიომინზე ვიტყვი, რომ ის არამხოლოდ კლუბის ლეგენდა, არამედ კარგი ადამიანიცაა. ვარჯიშებზე სიამოვნებით მოვდივარ. ბაზაზე საათობით შემიძლია დავრჩე, დრო ძალიან სწრაფად გადის. ასეთი ატმოსფერო კი მწვრთნელის ხარჯზე იქმნება.

- წინ "კრასნოდართან" მნიშვნელოვანი მატჩია. რას ელი?
- ჩვენს შემადგენლობას შეხედეთ და თავად მიხვდებით, რომ არ ვართ იმ ადგილზე, რომელზეც უნდა ვიყოთ. უფრო მეტს ვიმსახურებთ. ახლა ჩვენთვის ყველა შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს. რამდენიმე მატჩის მოგებაა საჭირო და ყველაფერი დალაგდება.

- შენთვის ცხრილში "რუბინის" უკან ჩამოტოვება პრინციპულია?
- "რუბინის" საქმეებით პრაქტიკულად არ ვინტერესდები, თუმცა იქაც მყავს მეგობრები. "რუბინს" წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ახლა ჩემი საქმეები მაქვს.

- ყველა ელის, რომ "რუბინი" და "ლოკომოტივი" ერთმანეთს თასის ფინალში შეხვდებიან. რას იტყვი ასეთ სცენარზე?
- ჯერ ფინალამდე მისვლაა საჭირო. "უფა" არაა იოლი მეტოქე. "რუბინიც" უნდა გაუმკლავდეს ჯერ "ურალს".

- გინდა "ლოკომოტივში" დარჩენა?
- კი, მინიმუმ სამი წლით.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოქრიაშვილი მინუს. რა უბედურებაა ახალფეხადგმული ხბოებივით დახეტიალობენ ეს და მჭედლიძე და სასწაულ ტრავმებს იჩალიჩებენ სადაც საჭირო არ არის.
.........
22:39 13-03-2017
0
საბა, შენი იმედი გვაქვს ნაკრების გულშემატკივრებს! შენ არამარტო კარგი ადამიანი, არამედ კარგი პიროვნებაც ხარ. იშრომე და ილოცე! კაი კაცი...
ქომაგი
21:21 13-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული