გიორგი სეთურიძე ობერლიგაშია - ასეთი რა პირობებია გერმანიის რანგით მეხუთე ლიგაში?

AutoSharing Option
იყო დრო, გიორგი სეთურიძე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. 2006-09 წლებში მან ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფორმა 5-ჯერ მოირგო, მაგრამ ბოლო სამი წელია, მხედველობის არეალიდან დაიკარგა.

31 წლის უნივერსალი მარჯვენა მცველის როლშიც კარგად გამოიყურებოდა და ნახევარდაცვის ფლანგზეც კარგი შემტევი გახლდათ. სეთურიძემ "მცხეთაში" დაწყებული კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელა, რუსთავის "ოლიმპიდან" კი მაშინ მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე იენის "კარლ ცაისში" მიიწვიეს.

მაგრამ უცხოური კარიერა ვერ აეწყო და საქართველოში დაბრუნდა. ქუთაისის "ტორპედოს", "მეტალურგისა" და თბილისის "დინამოს" გარდა, ითამაშა აზერბაიჯანშიც ("სუმგაითი", "განჯა"). 2014 წელს კი
გორის "დილაში" გამოდიოდა. ამის შემდეგ ის აღარც ქართულ გუნდებში ჩანდა და საერთაშორისო ცნობარებშიც მისი კარიერული გრაფა აღარ ივსებოდა...

ცხადია, გვეგონა, რომ სეთურიძემ კარიერა დაასრულა, მაგრამ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ, რომ ისევ თამაშობს, კერძოდ - რუდოლშტატის "აინჰაიტში", რომელიც გერმანიის ობერლიგის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზონაში გამოდის.

"კარლ ცაისში" ყოფნისას სეთურიძე გერმანელ გოგონაზე დაოჯახდა და რაკი საქართველოში დარჩენა და თამაში აღარ სურდა, გერმანიაში წავიდა და 2015 წელს ობერლიგის კლუბში ჩაირიცხა.

იქ ის გუნდის ლიდერი გახდა და კარგი თამაშით მესამე ბუნდესლიგის კლუბი დააინტერესა, მაგრამ "აინჰაიტის" პრეზიდენტმა პირობები გაუუმჯობესა, დარჩენაზე დაითანხმა და სეთურიძემაც გარემოს გამოცვლა აღარ ისურვა.

რაც უნდა უცნაური იყოს, ის ამ გუნდში თამაშითა და პირობებით ისეთი კმაყოფილია, საქართველოსკენ გამოხედვაც არ სურს.

საინტერესოა, არა, გერმანიის რანგით მეხუთე ლიგაში ასეთი რა პირობებია? მაგრამ სანამ ჩვენი ეკონომიკა "იფურჩქნება", მანამდე ასეთი ამბები არავის გაუკვირდება და ფეხბურთელსაც ვერავინ გაამტყუნებს - მათი კარიერა ხანმოკლეა და ამ პერიოდში უნდა ჩაუყარონ ფეხბურთის შემდგომ ცხოვრებას საფუძველი. მხოლოდ საქართველოში თამაშით კი ეს, ჯერჯერობით და სამწუხაროდ, წარმოუდგენელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბოლო ბოლო ყველაფერს რო თავი დავანებოთ გერმანიაში ცხოვრება ჯობია საქართველოში ცხოვრებას დდ
გივიკ
00:50 23-03-2017
0
წარმატებები ' იქ უნდა იყო სადაც ბედნიერი ხარ
ბესო
18:17 22-03-2017
0

სიახლეები პოპულარული