- მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში პაუზაა, თქვენ და თქვენი გუნდი ვარჯიშს არ წყვეტთ, "ზორიაში" საბრძოლო განწყობაა?
- გუნდში ყველანი შემართებით ვართ. ბოლო მატჩი "ვოლინს" მოვუგეთ, ახლა კი გვსურს, მწყობრში ვიყოთ "შახტართან" დაპირისპირებისთვის. მოუთმენლად ველით ამ თამაშს, ქულები გვჭირდება.
- თქვენ კარგად გახსოვთ, რა ატმოსფერო იყო ლუგანსკში "ავანგარდზე" "ზორიასა" და "შახტარს" შორის მატჩებში. თუმცა მას მერე "ზორია" ახალ საფეხურზე ავიდა, გუნდი ახლა უკეთ თამაშობს და ფაქტობრივად, "შახტარის" მეზობელია სატურნირო ცხრილში...
- ეს საკუთარი ძალების რწმენა, ალბათ, ევროთასებზე ასპარეზობამ განგიმტკიცათ...
- დიახ, როცა ზედიზედ რამდენიმე სეზონი ევროთასებზე თამაშობ და ჩემპიონატშიც მოწინავე პოზიციებზე ხარ, საკუთარი ძალების რწმენაც მოდის. გუნდიც იზრდება და ძლიერდება.
- რის წყალობით არის "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატის ლიდერი?
- მეტოქეს დიდებული შეტევის ხაზი ჰყავს, რომელიც დაცვას შავ დღეში აგდებს. არ უნდა მივაღებინოთ მათ ბურთი და არ უნდა მივცეთ სისწრაფეში უპირატესობის გამოყენების შანსი. თუ მათ დიდ სივრცეებს დავუტოვებთ, პრობლემები შეგვექმნება.
- ჩემპიონატის ახალ სქემას როგორ აფასებთ?
- ახლა უფრო საინტერესო თამაშები გველის. ეს 10 ტური დიდ ინტერესს გამოიწვევს. ჩემპიონატის ეს ფორმატი უფრო მომწონს.
- კი, მაგრამ ქვედა ექვსეულში ინტრიგა თითქმის არ იქნება...
- დიახ, ფორმატს თავისი მინუსები აქვს. იმ გუნდებს, რომელთაც გავარდნა ნაკლებად ემუქრებათ, მოტივაცია აღარ ექნებათ. ამიტომ უნდა გასულიყვნენ ექვსეულში.
- თქვენ ლეგიონერი ხართ, მაგრამ თუ ადევნებდით თვალყურს ხორვატიისა და უკრაინის მატჩს?
- სიმართლე ითქვას, მე საქართველო-სერბეთს ვუყურე, სადაც ჩვენი ნაკრები 1:3 დამარცხდა. თუმცა თავიდან 1:0-ს ვიგებდით, მაგრამ ტაიმის მიწურულს პენალტით გავუშვით. ამ გოლმა ნაკრები გატეხა, რადგან ის ლამის გასახდელში გასვლამდე გაგვიტანეს. რა თქმა უნდა, ხორვატია-უკრაინაში უკრაინის მხარეს ვიყავი.