[ლეგიონის უქმეები] მჭედლიძე სასტარტოში, ჯანოს საჩემპიონო მატჩი, ქვილითაიას საგოლე

AutoSharing Option
მორიგი უნიათო უქმეები ქართული ლეგიონისთვის, მხოლოდ ორ-სამ ფეხბურთელს თუ გამოვარჩევთ. ავსტრიაში საგოლე პასი მიითვალა გიორგი ქვილითაიამ, გოლი კი არავის გაუტანია...

იტალია, სერია A.
"ემპოლიმ" იანვრის მერე პირველად მოიგო, თან ეს დერბიში სტუმრად "ფიორენტინასთან" გააკეთა - 2:1. 5 თებერვლის შემდეგ პირველად სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ლევან მჭედლიძემ, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს.

გერმანია, II ბუნდესლიგა.
სამწუხაროდ, "ნიურნბერგი"-"აუეს" შეხვედრაში (2:1) თამაშის საშუალება არ მისცემია მასპინძელთა ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელს. ის სათადარიგო იყო.

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დრეზდენის "დინამოს" დაუბრუნდა აკაკი გოგია (64-ე წუთზე შეცვალეს), რომლის გუნდი
შინ დიუსელდორფის "ფორტუნას" დაუზავდა - 1:1.

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიას არ უთამაშია "სევილიას" დუბლშემადგენლობაში, რომელმაც "ვალიადოლიდს" 6:2 მოუგო.

საფრანგეთი, ლიგა 2.
ლაფსუსი შეემთხვა ჯაბა კანკავას "რეიმსს", რომელიც სტუმრად 2:0-ს უგებდა ბოლოადგილოსან "ლავალს". ქართველის გუნდმა 2:1-ზე ვერ გამოიყენა პენალტი, საბოლოოდ კი... 2:5 წააგო! კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, "რეიმსმა" კი, უკვე 4 ტურია, გამარჯვების გემო არ იცის.

ჰოლანდია, ერედივიზიე.
"ვიტესის" კარგი სერია მოულოდნელად "ექსელსიორთან" სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში შეწყდა - 0:1. ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ, ჩვეულებისამებრ, შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია, პრიმეირა ლიგა.
გიორგი მაკარიძის (90 წუთი) "მორეირენშე" "ნასიონალს" ესტუმრა და 1:0 მოიგო. საქართველოს ნაკრების მეკარე ბოლო წუთზე გააფრთხილეს.

პორტუგალია, სეგუნდა ლიგა.
ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" "გიმარაეშის" დუბლებს 2:0 მოუგო. ქართველმა შემტევმა შეუცვლელად ითამაშა.

რომან ჭანტურიას (არ უთამაშია) "ოლიანენშე" სტუმრად "ვიზელას" დაუზავდა - 1:1.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
მათე ცინცაძის "პოგონმა" სტუმრად 2:1 მოუგო "რუხს". ჩვენებური კვლავ სათადარიგო იყო.

"შლიონსკმა" შინ ვერ აჯობა "ლენჩნას" - 2:2. სტუმართა რიგებში არ გამოჩენილა ნიკა ძალამიძე.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" შინ 0:3 დამარცხდა "ლეხთან". ჩვენებურმა შემტევმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

ვაკო ყაზაიშვილის საქმეები კი უკან-უკან მიდის. ის "ლეგია"-"კორონას" მატჩის (0:0) განაცხადშიც არ ყოფილა, ისევე, როგორც ლუკა ზარანდია ("არკა") "ლეხიასთან" დაპირისპირებაში.

ავსტრია, ბუნდესლიგა.
გიორგი ქვილითაია "ალტახთან" თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო, თუმცა "რაპიდის" გამარჯვებაში (3:0) თავისი წვლილი შეიტანა. მე-2 დამატებულ წუთზე მან საგოლე პასი მიითვალა.

ავსტრია, რეგიონალლიგა.
ლუკა ძიძიგურის (90 წუთი) "კუფშტაინი" სტუმრად "ვაკერის" სამოყვარულო გუნდთან დამარცხდა - 0:1.

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ზურაბ ცისკარიძის "ესკილსტუნა" სახელგანთქმულ "გიოტებორგს" სტუმრად დაუზავდა - 1:1. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო.

დანია, სუპერლიგა.
ქართველთა "ესბიერგი" შინ "ჰორსენსთან" დამარცხდა - 0:1. ოთარ კაკაბაძე სათადარიგო იყო, ხოლო ბუდუ ზივზივაძე 78-ე წუთზე შეცვალეს.

სუპერლიგაში არ შედგა ორი ქართველი ფორვარდის დუელი - "ვიბორგისა" და "სილკებორგის" მატჩი 0:0 დასრულდა. მასპინძელთა რიგებში მათე ვაწაძე სათადარიგო იყო, სტუმართა შორის კი სასტარტოში გახლდათ დავით სხირტლაძე, რომელიც 82-ე წუთზე შეცვალეს.

სლოვაკეთი, ფორტუნა ლიგა.
გიორგი ბერიძის (შეუცვლელად ითამაშა) "ტრენჩინი" შინ "დუნაისკა სტრედასთან" დამარცხდა - 0:1.

უნგრეთი, OTP ბანკ ლიგა.
კარგა ხანია, რაც "დიოშდიორის" რიგებში არ ჩანს ბუბა დაუშვილი, მისი გუნდი კი სტუმრად "ჰალადაშთან" 0:2 დამარცხდა.

მაკედონია, I ლიგა.
ჯაბა ჯიღაურის "ვარდარი" უახლოეს მდევარს უკვე 11 ქულით უსწრებს. სკოპიეს გუნდმა "სილეკსს" სტუმრად 1:0 სძლია. ჯიღაური თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

რუსეთი, პრემიერლიგა.
ჯანო ანანიძის "სპარტაკმა" ძალზე მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო "ზენიტს" - 2:1. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი 61-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 1:1 იყო. "ჩემპიონატმა" მას 6 ბალი დაუწერა.

იმავე გამოცემისგან კვლავ მაღალი შეფასება მიიღო საბა კვირკველიამ. ქართველი მცველის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:0 მოუგო "არსენალს" (რომლის რიგებშიც სათადარიგო იყო გია გრიგალავა). კვირკველიამ 7,5 ბალი დაიმსახურა.

ქართველთა "ურალმა" 1:0 აჯობა "ტომს". ჯიმი ტაბიძე სათადარიგო იყო, ხოლო გიორგი ჭანტურია კვლავაც ტრავმირებულია, ისევე, როგორც თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის "კრასნოდარმა" გასვლაზე 1:0 დაამარცხა "რუბინი".

"ორენბურგში" ბოლო 2 წუთი ითამაშა ელგუჯა ლობჯანიძემ "ტერეკთან" მოგებულ (2:1) შეხვედრაში.

სამწუხაროდ, სასტარტოში არ იყო გიორგი ლორია, რომლის "კრილია სოვეტოვმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ანჟის".

რუსეთი, I დივიზიონი.
მამუკა კობახიძის (90 წუთი) "ნეფტეხიმიკმა" სტუმრად 2:1 მოუგო "სარატოვს".

უკრაინა, პრემიერლიგა.
კიევის "დინამომ" "სტუმრად" 1:0 მოუგო "ზორიას". გამარჯვებულთა შორის სათადარიგო იყო ზურაბ ოჩიგავა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, "ზორიას" რიგებში კი მეორე ტაიმი ითამაშა ჯაბა ლიპარტიამ.

დავით ხოჭოლავა არ გამოჩენილა "ჩერნომორეცისა" და "ოლექსანდრიას" მატჩში (1:0). ამ შეხვედრაში სტუმართა შორის 69-ე წუთიდან ითამაშა ვახტანგ ჭანტურიშვილმა.

უკრაინა, დუბლები.
სანაკრებო დებიუტის მერე გიორგი არაბიძის "შახტარის" ძირითად გუნდში გადასვლა დაანონსდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. 19 წლის შემტევი ამ სეზონში ერთხელაც არ ყოფილა პირველი გუნდის განაცხადში, მაშინ, როცა გასულ სეზონში 2-ჯერ ჩემპიონატში და ერთხელ თასზე ითამაშა. ამჯერადაც, მან დონეცკის ახალგაზრდულ დერბიში ითამაშა. "შახტარმა" "ოლიმპიკს" 3:0 მოუგო. ჩვენებური 74-ე წუთზე შეცვალეს. "ოლიმპიკის" კარში გოლები ამის მერე გავიდა.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
გიორგი ქანთარიას "ნემანი" შინ "სლუცკს" გაუმკლავდა (2:1) და 7 ქულით ლიდერია. ქართველმა ახალწვეულმა შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

ვაკო გვილიას ბატე, ჯერჯერობით, ცხრილის შუაშია. სტუმრად "ბრესტს" დაუზავდა - 1:1. ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს.

ოთარ ჯავაშვილის (90 წუთი) "სლავია" სტუმრად 0:2 დამარცხდა "გომელთან".

გოგიტა გოგატიშვილის (სათადარიგო) მინსკის "დინამო" "ტორპედოს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

მოლდოვა, დივიზია ნაციონალა.
ირაკლი ჩომახაშვილმა მეორე ტაიმი ითამაშა, მისი "უნგენი" კი შინ "დინამო-ავტოს" დაუზავდა - 2:2.

კიშინიოვის დერბიში გუგა ფალავანდიშვილის (90 წუთი) "დაჩიამ" "ზიმბრუ" 3:1 დაამარცხა.

ლიტვა, A ლიგა.
ლევან ჭაფოძის (90 წუთი) "კაუნო" სტუმრად "უტენისთან" დამარცხდა - 0:1.

ლატვია, ვირშლიგა.
გიორგი ერისთავისა (90 წუთი) და ვასიკო ბიჩიაშვილის (90 წუთი) "ლიეპაია" შინ "რიგასთან" 0:1 დამარცხდა. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო ლაშა შერგელაშვილმა, ხოლო გიორგი დიაკვნიშვილი 84-ე წუთზე გამოჩნდა.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ზაქარია ბეგლარიშვილს არ უთამაშია "ფლორასა" და "პაიდეს" თამაშში, რომელიც ქართველის გუნდმა 3:0 მოიგო.

აზერბაიჯანი, პრემიერლიგა.
II ტურით ადრე ყველაფერი გაირკვა: ნიკა კვეკვესკირის "გაბალა" მეორე ადგილს დასჯერდა, მას მერე, რაც "ქიაფაზთან" 0:2 დამარცხდა (ქართველს არ უთამაშია).

ზაურ სვანაძის "ინტერი" შინ 0:3 დამარცხდა "ყარაბაღთან", რომელიც ჩემპიონი გახდა. ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა. "ინტერმა" სეზონი მესამე ადგილზე ჩაამთავრა.

"კარგია, რომ მესამე ადგილი უკვე განაღდებული გვაქვს, თორემ ძირითადი შემადგენლობა გვარიანად დაიღალა და გაგვიჭირდებოდა შენარჩუნება. ბოლო ორ ტურში ახალგაზრდებს გამოვცდი", - განაცხადა სვანაძემ.

"ნეფთჩიმ" აზალ-ს 4:0 მოუგო. გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ, დამარცხებულებში - ნუგზარ კვირტიამ. აზალ-ი გავარდნილია, "ნეფთჩი" ჯერჯერობით ბოლოსწინა, მე-7 ადგილზეა.

მე-4 საფეხურზე მყოფი "ზირა", სადაც გიორგი გოროზია თამაშობს (სათადარიგო იყო), სტუმრად "სუმგაითს" დაუზავდა (1:1).

სომხეთი, პრემიერლიგა.
ირაკლი კვეკვესკირის (სათადარიგო) "ალაშკერტმა" 2:0 მოუგო "ბანანცს".

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
კახა ცხადაძის "ქაირათმა" 3:0 მოუგო "ორდაბასის", რომლის რიგებშიც სათადარიგოები იყვნენ ოთარ მარცვალაძე და გოგიტა გოგუა.

ლაშა დვალის (90 წუთი) "ირტიში" სტუმრად "ტობოლს" დაუზავდა (1:1), ხოლო უჩა ლობჟანიძისა და ლადო დვალიშვილის "ატირაუს" თამაში გადაიდო.

უზბეკეთი, უმაღლესი ლიგა.
შოთა გრიგალაშვილის (90 წუთი) "ოლმალიქმა" სტუმრად 1:0 სძლია "ობოდს", კახა მახარაძის (90 წუთი) "ლოკომოტივმა" კი "ნასაფის" წინააღმდეგობა დაძლია - 2:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
samagierod,
kala,kobi,mumu da dzmanni misnni arian cocxlad da kargad.
0
მკვდარია ქარტული ფეხბურთი რა უბედურებაა ეს სად თამაშობენ მიხედეთ ბავშთა ფეხბურთს მომავლის იმედი მაინც რო გვქონდეს
lasha
13:21 18-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული