ლევან ყენია: სამ-ოთხ კვირაში უკვე სრული დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს

AutoSharing Option
ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 წლის ნახევარმცველმა ლევან ყენიამ პრაღის "სლავია" დატოვა. ჩეხური კლუბი მიმდინარე სეზონში ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვის. ყენია კი ტრავმის გამო ხანგრძლივად უქმობს და, შეიძლება ითქვას, მიმდინარე სეზონი მთლიანად გაუცდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

"დიახ, ასეა, ხელშეკრულება გავწყვიტეთ. ახლა გერმანიაში ვარ და სარეაბილიტაციო პროცესი მიდის. სამ-ოთხ კვირაში უკვე სრული დატვირთვით დავიწყებ ვარჯიშს, ამ ეტაპზე კი მხოლოდ მსუბუქად ვვარჯიშობ.

საერთოდ, ტრავმებმა ძალიან ბევრი გამაცდენინა და ეს სეზონი ხომ მთლიანად დამაკარგვინა. მთავარია, ჯანმრთელად
ვიყო და ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ არ ვიცი, რომელ გუნდში გავაგრძელებ კარიერას", - გვითხრა ყენიამ.

მართლაც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან ყენიას თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ ყველაფერი გადახდა თავს. მან ჯერ კიდევ სრულიად ჭაბუკმა აალაპარაკა ქართული საფეხბურთო თემი, თავი დაგვამახსოვრა საქართველოს ნაკრებსა თუ თბილისის "ლოკომოტივში" ჩატარებული წარმატებული მატჩებით...

შემთხვევითი არ იყო, რომ მისით გერმანული "შალკე" დაინტერესდა. 2008 წელს ყენია გელზენკირხენული კლუბის ფეხბურთელი გახდა. ის ბუნდესლიგის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლებოდა, თუმცა ფელიქს მაგათთან მუშაობა ჩვენებურს ძვირად დაუჯდა - მას შემდეგ თან სდევს ქრონიკული ტრავმები.

ამის შემდეგ იყო ლვოვის "კარპატისა" და დიუსელდორფის "ფორტუნაში" გატარებული დრო, რასაც "სლავიაში" გადაბარგება მოჰყვა. ყენიამ ბოლო ტრავმა გასულ ზაფხულს მიიღო, როცა ჩეხური კლუბის შემადგენლობაში ევროპალიგის საპლეიოფო მატჩი უნდა ეთამაშა ბელგიურ "ანდერლეხტთან".

რა გაეწყობა - ფეხბურთი და ტრავმები ყოველთვის გვერდიგვერდ არიან. თან ყენია ჯერ 26 წლისაა და ყველაფრის გამოსწორება შეიძლება. საქართველოს ნაკრებში ის 2007 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლევან,მიდი რაა, ძმურად გთხოვ,როგორმე მოირჩინე ეგ ტრავმები,უკვე რამდენი წელია ველით შენს ძველებურ თამაშს და ვეღარ ვეღირსეთ.სეზონი რჩება,დრო გაქვს და იქნებ შესძლო ბოლომდე მორჩენა.სადაც არ უნდა მიხვიდე,თუ ჯანმრთლად იქნები,შენს გასაკეთებელს ყოველთვის გააკეთებ.უბრალოდ მთავარია გამოჯანმრთელდე.
სოსო
16:16 20-04-2017
0
მალე დაბრუნებას გისურვებ ლევან, შენ ძალიან სჭირდები ჩვენს ცოტა მოფერიანებულ ნაკრებს. გაიხარე!
gizog
14:52 20-04-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული