20 წლის ქართველი ნახევარმცველი A ლიგის ბინადარ კაუნასის "შტრუმბრასში" წლეულს ჩაირიცხა და ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდებოდა, მაგრამ ახლა გუნდს გაუშინაურდა, ბოლო თამაშში კი მატჩის გმირიც გახდა...
"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ფეხბურთში მუშაობა მიყვარს, ემოციებია. განსაკუთრებით - მოგების შემდეგ. ბრავო ლევან მაჭარაშვილს!", - ასე გამოეხმაურა ქართველის გოლს პაულიუს იაკელისი, რომელიც კლუბის პრესატაშეა და, ამავე დროს, ლიტვაში პოპულარული სპორტული კომენტატორი და ტელეწამყვანია.
მისი აღტაცება ლევან მაჭარაშვილის მიერ 19
საინტერესოა, რომ მაჭარაშვილმა წინა ტურშიც გაიტანა და მისი სამიზნე ლიტვის ჩემპიონატის ლიდერის, ვილნიუსის "ჟალგირისის" კარი გახლდათ.
- [ლეგიონი გუშინ] ებრალიძის, გოგუასა და მაჭარაშვილის გოლები [VIDEO]
"ზედიზედ მეორე მატჩია, რაც "შტრუმბრასში" გოლები მხოლოდ მე გამაქვს. რა თქმა უნდა, გუნდსაც შევეწყვე, უკვე თანაგუნდელებიც მენდობიან და მათთან საკმაოდ კარგად შევთამაშდი. მწვრთნელიც მენდო და ადრე შეცვლაზე თუ მათამაშებდა, ბოლო ტურში ძირითად შემადგენლობაში პირველად დამაყენა. ეს დიდი სტიმული იყო და თავის გამოჩენა მსურდა", - გვითხრა მაჭარაშვილმა.
მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელის თქმით, მთავარი სტიმული სხვა რამ იყო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება და ამ მიზნით, გია გეგუჩაძის გუნდმა ცოტა ხნის წინათ ისლანდიასთან ორი ამხანაგური მატჩი გამართა: ჩვენებმა პირველი თამაში 3:1 მოიგეს, მეორე კი 4:4 დაასრულეს. გეგუჩაძემ ორივე შეხვედრაში ათამაშა "შტრუმბრასის" ქართველი ნახევარმცველი და მისით კმაყოფილი დარჩა.
მაჭარაშვილის თქმით, ნაკრებში გამოძახებამ მასზე სასიკეთო გავლენა იქონია:
"მთავარი მიზეზი, რამაც სხვა ჟინითა და მონდომებით ამათამაშა, ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება და გია გეგუჩაძის ნდობა აღმოჩნდა. მან ისლანდიასთან ორივე შეხვედრაში მათამაშა. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო.
თბილისიდან "შტუმბრასში" განსაკუთრებულად დამუხტული დავბრუნდი. ლიტვაში წამოსვლამდე "ლელოსთან" გეგუჩაძის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ჩემზე ლაპარაკობდა - მაჭარაშვილს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია და მასთან მუშაობას გავაგრძელებო.
იმედია, "შტრუმბრასის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს დავიმკვიდრებ და ახალგაზრდულ ნაკრებში მომავალშიც მიმიწვევენ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"