კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1 - ნერვული ბრძოლა ზღვის პირას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოთელთა ტრაგიკომიკური სიტუაციის შესაფასებლად ამ მატჩის გამართვის ადგილიც იკმარებს: კოლხები ქობულეთის "ჩელე არენაზე" აჭარის გუნდს, ბათუმის "დინამოს" მასპინძლობდნენ...

გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო და ფოთელებს, მოგების შემთხვევაში, კონკურენტების ჩამოცილება შეეძლოთ.

მაგრამ ამ ამოცანის შესრულებაში გელა სანაიას გუნდს ხელს უშლიდა არა მხოლოდ სხვაგან თამაში, არამედ ლიდერების არყოფნაც - დისკვალიფიცირებული თამაზ ჟიშკარიანისა და დავით ბოლქვაძის, აგრეთვე, ტრავმირებული ერიკ ოტიენო უმასა და გიორგი ჯანელიძის.

ამიტომაც იყო, სანაიას რეზერვში მხოლოდ მეკარე და 3 მოთამაშე ჰყავდა. ბათუმელებს წინა ტურში გაძევებული გელა გოგიტიძე აკლდათ
(3 მატჩი დაისვენებს), რომლის არყოფნაშიც ცენტრალური მცველის პოზიცია მირზა ფარტენაძემ დაიკავა.

როგორც "ჩელე არენაზე" გამართული მატჩების უმრავლესობა, ამჯერადაც თამაშის ტემპი დაბალი იყო. თანაც, ახლა ტემპერატურამ რომ მოიმატა, გახურებულ საფართან გამკლავება არანაკლებ რთულია, ვიდრე - მეტოქესთან. უვარგისი საფარი კი მორიგი ტრავმის მიზეზი გახდა - გიორგი ქავთარაძე პირველი ტაიმის ბოლოს დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

რთული აღმოჩნდა საკუთარ ემოციებთან გამკლავებაც: თამაში კორექტულად მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო წუთებში ორივე მხარეს ნერვებმა უმტყუნა. ძირითადად, ქართულ-ლეგიონერული კინკლაობა ვიხილეთ. სამჯერ ეპიზოდის გმირი მიკოლა კოვტალიუკი გახლდათ, რომელიც გუნდისთვის ბოლომდე, ზოგჯერ, დაუნდობლადაც კი იბრძოდა და ამით ბათუმელები განარისხა...

საბოლოოდ, იაროსლავ კვასოვის გოლმა ბათუმელებს მიმდინარე სეზონში გასვლაზე მეორედ მოაგებინა.

მატჩის სტენოგრამა
4' - თევდორაძის ჯარიმის შემდეგ კვასოვმა მცველებს დაასწრო და თავით დაარტყა, მაგრამ ააცილა.
12' - ქავთარაძემ საჯარიმოში შეიჭრა და კარის წინ თანაგუნდელს აწვდიდა, მაგრამ მეკარე სიკაჩმა კოლხებს სერიოზული ხიფათი აარიდა.
14' - კოლხები პენალტს ითხოვენ! დაფე მცველთან კონტაქტის გამო წაიქცა. ფოთელთა მოთხოვნა ლაშა სილაგავამ არ დააკმაყოფილა.
16' - დაფემ ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე რომან ტაკიძემ ბათუმელები აშკარა გოლისგან იხსნა.
24' - სტუმრების სწრაფი და ლამაზი კომბინაცია. ქავთარაძის ჩაწოდების შემდეგ თევდორაძე თავით მძლავრად ურტყამს და სიკაჩი რეალურ ხიფათს აცილებს თავიდან თავის გუნდს.
25' - გოლი! სიკაჩმა კენედის დარტყმული ცუდად მოიგერია და კვასოვმა დამატებაზე ანგარიში გახსნა - 0:1.
36' - ფოთელები ისევ პენალტს ითხოვენ, თითქოსდა, მგელაძემ ენდელაძე მოცელა, მაგრამ წესის დარღვევა არც ამჯერად ფიქსირდება.
49' - დაფეს ჯარიმის შემდეგ კორობკა თავით ურტყამს კარში: ტაკიძემ პოზიცია სწორად შეარჩია და ბურთს დაეუფლა.
51' - კორობკომ ბათუმელებს ტექნიკის გაკვეთილი ჩაუტარა - ორ მეტოქეს მარჯვენა ფლანგზე ეფექტურად გასცდა და სანამ მესამე მიუახლოვდებოდა, საჯარიმოში გახსნილი კოვტალიუკი მოძებნა. ტაკიძეს მას ისე უხეშად დაეჯახა, სტუმართა ფორვარდი კინაღამ შესაცვლელი გახდა. აქ მცირე კინკლაობა იყო, რაც მალევე დასრულდა.
73' - გიორგი ბუხაიძე "მაკრეტელათი" ცდილობს კარის აღებას, მაგრამ ტაკიძემ ბურთს ნახტომში იგერიებს.
79' - ჟოვინომ 20-ოდე მეტრიდან დაარტყა და ფოთელები სიკაჩმა გადაარჩინა.
86' - აქ უკვე ბათუმელები გადარჩნენ სასწაულად! კოვტალიუკის თავური ძელს მოხვდა.
86' - ამ ეპიზოდს გაწევ-გამოწევა მოჰყვა. ძელიდან გამოვარდნილი ბურთისთვის კოვტალიუკმა გაშმაგებით იბრძოლა და ბათუმელთა მცველ ფარტენაძეს ფეხი უხეშად მიარტყა, მერე კი ხელი გაიქნია, მისი ქმედებით აღშფოთებულმა ტვილდიანმა და შონიამ კი უკრაინელი ლამის მოედნის მიღმა გადააგდეს.
88' - კვანტალიანმა მცველი ეფექტური ფინტებით ჩამოიცილა, ახლო მანძილიდან დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებში ააცილა.
90+2' - კოლხები მთელი ძალებით ცდილობენ თამაშის გადარჩენას. შეტევაში ჩართული კილასონიას დარტყმულზე ტაკიძემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.

ეროვნული ლიგა. IX ტური
30.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 კვასოვი (25)
კოლხეთი: სიკაჩი - გ. კილასონია, გოგონაია, ვ. კილასონია, ქებურია - შ. კერძევაძე, ლ. კაკულია (83. ლუკავა) - კორობკა (70. ა. კვარაცხელია), ენდელაძე (56. ბუხაიძე), დაფე - კოვტალიუკი.
სათადარიგო: შერმადინი
მწვრთნელი: გელა სანაია
დინამო: რ. ტაკიძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, მგელაძე, სუხიაშვილი - გ. ქავთარაძე (45+1. ჟოვინიო), თარხნიშვილი, შონია, თევდორაძე (58. ფონიავა) - კენედი, კვასოვი (66. კვანტალიანი).
სათადარიგოები: შოვნაძე, ქორიძე, ვარშანიძე, კვირკველია
მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
გაფრთხილებები: სიკაჩი (84), კოვტალიუკი (87), ტვილდიანი (87), ფონიავა (90+1)
არბიტრი: ლ. სილაგავა.

ბომბარდირები
ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10
მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6

მომდევნო ტური
4 მაისი, ხუთშაბათი
შუქურა-სამტრედია

5 მაისი, პარასკევი
კოლხეთი-დინამო (თბ)
დილა-ჩიხურა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული