გურამ კაშია: მომენტით უნდა დატკბე, რადგან ეს შეიძლება აღარ გამეორდეს

AutoSharing Option
არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია ჰოლანდიის ნაციონალური ტელევიზიის სტუმარი იყო, მას მერე, რაც მისმა გუნდმა "აზ ალკმაარი" დაამარცხა და ჰოლანდიის თასი ისტორიაში პირველად მოიპოვა.

არნემული კლუბი 125 წელია, რაც არსებობს და კვირას გუნდმა პირველი სერიოზული ტიტული ქართველის კაპიტნობით მოიგო.

"აქამდე არაფერი გვქონდა მოგებული და კვირას ეს მოხდა. წარმოგიდგენიათ, რა ამაყი ვარ? რა ამაყები არიან კლუბში დასაქმებული ადამიანები, ფეხბურთელები. ეს არის "ვიტესის" ისტორიაში განსაკუთრებული მომენტი.

შესაძლოა, ეს ჩემს ჰოლანდიურ კარიერაში ერთადერთი ტიტულიც კი იყოს", - აცხადებს კაშია.

"კაშია გუნდში 2010 წელს,
მერაბ ჟორდანიას ხელმძღვანელობისას მივიდა და ის ერთადერთია, ვინც დარჩა ქართველთაგან "ვიტესში". გიორგი ჭანტურიას შესანიშნავი დასაწყისი ჰქონდა, მაგრამ მერე ყველას დაავიწყდა, ვაკო ყაზაიშვილი ამ სეზონში "ლეგიაშია" განათხოვრებული", - წერს ტელევიზიის საიტი nos.nl.

"ჟორდანია აქ დიდი ენთუზიაზმით მოვიდა. ის ამბობდა, რომ ჩვენ შევძლებდით ტიტულების მოგებას. რა თქმა უნდა, თასის მოპოვებაში თავისი წვლილი მასაც მიუძღვის. ის იმსახურებს აღიარებას, მან ხომ წლები იმუშავა კლუბის საკეთილდღეოდ აქ", - განაცხადა კაშიამ.

სტუდიაში ქართველი კაპიტანი ქერა პარიკით იჯდა, რადგან პირობა ჰქონდა მიცემული, რომ თასის აღების შემთხვევაში ქერად გადაიღებავდა თმას:

"ახლაც კი ისევ აღფრთოვანებულები ვართ. ეს საოცარი დღეებია. ღამე ვერც კი დავიძინე, ისეთ ემოციებში ვარ. პატარა ზეიმი უკვე ავტობუსში გავმართეთ, როცა როტერდამიდან ვბრუნდებოდით. საოცარი დრო ვატარეთ, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ბოლომდე არც გვჯეროდა მიღწეულის. ყველა ძალიან გავერთეთ, რადგან ასეთ წარმატებას შეიძლება ერთხელ მიაღწიო ცხოვრებაში და მომენტით უნდა დატკბე".
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურამ, გილოცავ და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებ სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც.
gizog
09:35 03-05-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული