[უცხოურ მედიაში] ჯიმი ტაბიძე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კანდიდატი ჯიმი ტაბიძე ბოლო დროს რუსული მედიის ყურადღებას იქცევს. ინტერნეტგამოცემა eanews.ru-მ ეკატერინბურგის "ურალის" ქართველ ცენტრალურ მცველს ჩამოართვა ვრცელი ინტერვიუ, სადაც ტაბიძემ ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა...

...17 მაისს რუსეთის თასის ფინალისტები ერთმანეთს პრემიერლიგის ტურში შეხვდნენ: მოსკოვის "ლოკომოტივი" "ურალს" ეკატერინბურგში ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამჯერად, მოედანზე მხოლოდ ერთი ქართველი იყო - საბა კვირკველია, ხოლო ჯიმი ტაბიძე ტრავმირებული გახლდათ - მან "კრასნოდართან" ტერფი დაიზიანა და არ უთამაშია.

- [ლეგიონი] ჯანო ანანიძის საგოლე პასი და ზეიმი ქართული დროშით [VIDEO]

შესავალში eanews.ru-მ აღნიშნა,
რომ ინტერვიუ ეკატერინბურგის ქართულ რესტორან "გულივანში" გაიმართა და ქართველი საინტერესოდ დაახასიათა:

"მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა "ურალის" ახალგაზრდა ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე გახდა. ფეხბურთელი გუნდს გასულ ზამთარს შეუერთდა და რუსეთის თასის ფინალში "ლოკომოტივთან" თამაშით ქვეყნის წამყვანი ექსპერტები აალაპარაკა".

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საინტერესო ისტორიები გაიხსენა:

"ფეხბურთზე ოთხი წლისა შევედი. ზუსტად არ მახსოვს, ეს როგორ მოხდა. ზოგადად, ფეხბურთი დედაჩემს ძალიან უყვარდა და პირველად სწორედ ის მავარჯიშებდა. მამა მხოლოდ 10 წლის შემდეგ მიხვდა, როდესაც 14-ის გავხდი, რომ ფეხბურთელი შეიძლებოდა გამოვსულიყავი და ჩემ გაზრდაში ჩაერთო. ახლა მშობლების სახით ყველაზე დიდი გულშემატკივრები მყავს!

თავდაპირველად ცენტრალური ნახევარმცველი ვიყავი. 13 წლის ასაკში დავშავდი და მივხვდი, რომ ამ პოზიციაზე ვეღარ ვითამაშებდი. დაცვაში გადასვლა მაშინ შემომთავაზეს".

ტაბიძე იხსენებს, "ურალში" 3-ნომრიანი მაისურა რატომ აიღო და უნებლიეთ, ერთი საინტერესო ფაქტი გაამხილა - ქართველებში პოპულარულ 49 ნომერზე უარი უთქვამს:

Sportall.Ge

"როდესაც მოვედი, თავისუფალი 49 და 3 ნომრები იყო. 49-ის შეხედვაზე თავს რაღაც ისე ვგრძნობ (იცინის). ბიჭები ცდილობდნენ, რომ ეს ნომერი ამეღო. სამიანში კი ჯადოსნურს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, ის 49-ზე მეტად მომეწონა".

მან "ლივერპულსა" და "რეალში" სტაჟირებასა და ბელგიის "გენტზე" ილაპარაკა, საიდანაც რუსეთში წავიდა:

"ინგლისსა და ესპანეთში გასინჯვაზე არ ვყოფილვარ, მსოფლიოს დონის გუნდებში მხოლოდ ერთი კვირა დავყავი და ისიც - სტაჟირებაზე.

რაც შეეხება ბელგიის "გენტს", გუნდის ლიდერებთან - ზელსთან, კუმსთან, მილიჩევიჩთან ურთიერთობა და შეხება სულ მქონდა. ისინი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები და ნამდვილი პროფესიონალები არიან! არ ჰქონდა მნიშვნელობა, მოიგებდნენ თუ წააგებდნენ - მაშინვე აქტიურ ვარჯიშს იწყებდნენ. საქმეს ძალიან ხარისხიანად აკეთებდნენ.

ბელგიური ფეხბურთის თავისებურებები? ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო, კვირაში სამჯერ დილიდან ტრენაჟორებში ვვარჯიშობდით, საღამოს კი - მოედანზე. რუსეთში განსხვავებული მეთოდებია".

ჯიმის თქმით, საქართველოს ნაკრებში გამორჩეულად თანაქალაქელი კახა კალაძე მოსწონდა:

"ყიფიანის დროს რომ მეცხოვრა, მას პირველ ადგილზე დავაყენებდი. ჩემს პოზიციაზე კი ყველაზე მეტად კალაძე მომწონდა და ბავშვობიდან მას ვბაძავდი. ჩვენ ერთი ქალაქიდან ვართ. კახამ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო და "მილანში" ნამდვილი ვარსკვლავი იყო...

საქართველოს ნაკრებში გამოძახება ტულის "არსენალთან" წაგებული მატჩის შემდეგ გავიგე - გვერდით არავინ მყავდა, ეს სიხარული რომ გამეზიარებინა. არადა, სიხარულისგან კინაღამ ავტირდი.

ნაკრებში ბევრისგან ვსწავლობ, რადგან გამორჩეული მოთამაშეები გვყავს. მაგალითად, მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშე ანანიძე, იგივე გურამ კაშია.

ვინაა საქართველოში ლიდერი? ჩვენ ძლიერები ვართ, როგორც გუნდი და რომელიმე ერთს ვერ დავასახელებ - ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელი გვყავს. მაგალითად, დაცვაში - საბა კვირკველია.

საქართველოს ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ბოლოსწინა ადგილზეა, მაგრამ ნაკრები ვითარდება და თუ ეს ყველაფერი გაგრძელდება, მაშინ მომდევნო რამდენიმე წელიწადში ჩვენი გუნდი არა მარტო ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიოზეც ითამაშებს".

Sportall.Ge

საინტერესოა, რომ ტაბიძეს ჰკითხეს, ეკატერინბურგი თუ გაიცნო, მან კი თემა შეგნებულად საქართველოზე გადაიტანა:

"ეს კარგი ქალაქია, მაგრამ მე მიყვარს სტოკჰოლმი. საერთოდ კი, საქართველოს პატრიოტი ვარ და უპირატესობას წყნარ ქალაქებს ვანიჭებ. თბილისიც ასეთია, მაგრამ ტურისტებს ბათუმში წასვლას ვურჩევდი!

ეკატერინბურგში კი სამი კარგი ქართული სამზარეულო ვიცი, სადაც მარტო არასოდეს წავსულვარ. როგორც წესი, იქ რეზო ღავთაძესთან და ნიკიტა გლუშკოვთან ერთად დავდივარ, რომელსაც ინგლისურად ვესაუბრები, ცოტა რუსულიც ვიცი. კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, მას ჩემი ესმის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ადმინ, ჩემს კომენტარებს რატომ არ დებ ყველას? არც ერთი არ არის ისეთი, რომ დაბლოკო და ყველა ჯდება სტანდარტებში. სიმართლეს რომ ვამბობ, ალბათ მიტომ. ამას რომ გამოაქვეყნებთ ვიცი.
ნათია
19 მაისი 2017 11:49
0
ჯიმი სამტრედია გაფასებს და უყვარხარ!!!!
guro
18 მაისი 2017 23:48
0
ჯიმის თასის ფინალში ვუყურე და მომეწონა.არ არის ეფექტების მოთამაშე,მაგრამ თავის საქმეს მშვენივრად ასრულებდა.
სოსო
18 მაისი 2017 23:09
0
ვა ეს რა მაგარი ბიჭი ყოფილა. პატროიტი უნდა იყო კაცი აბა რა. წარმატებები
gia
18 მაისი 2017 22:39
0
საქართველოში არ ამჩნევენ, ფულის უმისოდ , არავის არ აინტერესებს კარგი , მომავლის მქონე, ფულით თავიდანვე უნდა დააინტერესოს მშობელმა მწვრთნელი, თუ უნდა მისმა შვილმა დიდი ფეხბურთი ითამაშოს!
giorgi
18 მაისი 2017 20:21
0
სამტრედია, სამტრედია მუდამ მზიანო საფეხბურთო ქალაქი ხარ შენ მადლიანო!. მიხედეთ ბავშთა ფეხბურთს სამტრედიაში და კიდევ გაიზრდებიან: კახა კალაძე, საბა კვირკველია, ჯიმი ტაბიძე, ბექა მიქელთაძე, გიორგი თევზაძე (ორივე დინამოშია), შოთა ჩომახიძე, ზვიად სტურუა (უთამაშიათ ყველა წამყვან ქართულ გუნდში და სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში) და სხვები... თუ ვინმე გამომრჩა ბოდიშს ვუხდი. ამის გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდებში დღესაც თამაშობს ნიჭიერი სამტრედიელი ფეხბურთელები. წარმატებები სამტრედიას და სამტრედიელ ფეხბურთელებს სადაც არ უნდა თამაშობდნენ, კიდევ ბევრჯერ ასახელეთ სამტრედია, ვამაყობთ თქვენით.
samtredieli
18 მაისი 2017 19:54
0
ჯერ სიტყვა ფეხბურთელის წერა ისწავლე და მერე გამოთქვი აზრი! ფეღებით დადიხარ და ღელებით ჭამ?ჯიმის წარმატებები ძალიან კარგი და ჭკვიანი მცველია
lelos
18 მაისი 2017 18:13
0
საქართველოში რატომ ვერ ამჩნევენ ამ ფეღბურთელების მომოვლის პერსპექტივას? მაინცდამაინც სხვა ქვეყანამ უნდა გვიკარნახოს რო ამ ფეღბურთელში დიდი პოტენციალია?
lelo
18 მაისი 2017 16:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული