"ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრაა!"

AutoSharing Option
ქართველი გულშემატკივრებისთვის ვერაფრით იქნება სულერთი იმ ფეხბურთელების ბედი, საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი რომ აქვთ. მაგალითად, ავიღოთ იგივე თემურ ფარცვანია - 25 წლის ქართველი მცველი, რომელიც ამჟამად დონეცკის "ოლიმპიკის" ღირსებას იცავს.

მოგეხსენებათ, ის კიევის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. უთამაშია უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, იყო ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი, ახლა კი საქართველოს ნაკრებში თამაში სურს...

უნივერსალი ცენტრალური მცველი, ფიზიკურად ძლიერი
და თან პოზიციის კარგი გრძნობით, ვფიქრობთ, სასარგებლო ფეხბურთელი უნდა გახდეს საქართველოს ნაკრებისთვის.

"ლელომ" ფარცვანიასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- შეაფასეთ გასული სეზონი პირადად თქვენთვის და დონეცკის "ოლიმპიკისთვის"...
- მიმდინარე სეზონში 14 თამაში ჩავატარე "ოლიმპიკის" მაისურით. ამას გარდა, გუნდმა შეძლო და ზედა ექვსეულში დაიკავა ადგილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს. მთლიანობაში, კმაყოფილი ვიქნებოდი, ტრავმას რომ არ შეეშალა ხელი. ორ თვეზე მეტია, არ მითამაშია და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა. კლუბს კი, პირველად ისტორიაში, აქვს შანსი, ევროასპარეზზე მოხვდეს. ამ შემთხვევაში, გუნდისთვის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება.

- საინტერესოა, როგორი იქნება თქვენსა და "ოლიმპიკს" შორის ურთიერთობა? ხომ არ გიმთავრდებათ კონტრაქტი და ხომ არ გაქვთ კარიერის გაგრძელების სხვა ვარიანტები?
- "ოლიმპიკთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე მაქვს, თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცი, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. ჩემი მომავალი მას შემდეგ გაირკვევა, რაც კიევში დავბრუნდები. ახლა მხოლოდ რეაბილიტაციაზე ვფიქრობ. ვარჯიშს დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებ, მანამდე კი ექიმების მითითებებს ვასრულებ. არის სხვა ვარიანტებიც, მაგრამ ამ თემაზე წინასწარ ლაპარაკი არ ღირს. ჯერ უნდა დავბრუნდე მოედანზე და ფორმა აღვიდგინო.

- რას იტყვით ზოგადად უკრაინის ჩემპიონატზე? რამდენად იქონია მასზე გავლენა ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ? ბევრი უკრაინული გუნდი მოწყვეტილია საკუთარ კერას, ვერ თამაშობს მშობლიურ სტადიონზე...
- რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა და საომარმა სიტუაციამ, ფეხბურთზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. არა მხოლოდ ის არის პრობლემა, რომ გუნდების დიდი ნაწილი, მათ შორის - ჩვენც, ვცხოვრობთ კიევში და ამ პერიოდში რამდენიმე ქალაქი გამოვიცვალეთ, სერიოზული სირთულეებია ფინანსების მხრივაც. მხოლოდ 2-3 კლუბია, რომელსაც ამ მხრივ პრობლემა არ აქვს. ყველა გუნდს დააკლდა საკუთარი ქომაგი.

დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში სიტუაცია დასტაბილურდება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. არსებული ვითარება მხოლოდ ფეხბურთზე არ ახდენს უარყოფით გავლენას...

- რა შეგიძლიათ თქვათ უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებზე?
- რა გითხრათ... ყველა ქართველს, ვინც უკრაინაში თამაშობდა და თამაშობს, ძალიან კარგად ვიცნობ. ბევრ მათგანთან ვმეგობრობ, ვხვდებით ერთმანეთს, როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს... ისინი არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელები, არამედ, კარგი ბიჭებიც არიან.

- უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ, მოიგეთ ევროპული ოქრო. სად არიან დღეს თქვენი მაშინდელი თანაგუნდელები?
- მათი დიდი ნაწილი დღესაც თამაშობს ფეხბურთს საკმაოდ მაღალ დონეზე - გარმაში, კორკიშკო, პეტროვი, კრივცოვი, ბუდკო, ჩაიკოვსკი, ლევჩენკო, ლიულკა... სხვებიც არიან...

- ახერხებთ თუ არა, მცირე ხნით მაინც მიადევნოთ თვალი საქართველოს ჩემპიონატს, რომელიც ახალი ფორმატით ტარდება? აქ მრავლად თამაშობენ თქვენი მეგობრები. ალბათ, მათ აზრსაც ისმენთ...
- მეტ-ნაკლებად ვცდილობ, ვუყურო საქართველოს ჩემპიონატს. ძალიან მაწუხებს ის, რომ ჩემი მშობლიური ქალაქის გუნდი, "ზუგდიდი", უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ახლაც ბოლო ადგილზეა. სხვათა შორის, თბილისის "დინამოს" მეკარე, სერგეი ლიტოვჩენკო, ჩემი მეგობარია და ვიცი, რომ ის პოზიტიურადაა განწყობილი საქართველოს ჩემპიონატის მიმართ. ეს ძალიან მახარებს. თუ საქართველოს პირველობა მეტად განვითარდება, ეს გააუმჯობესებს კლუბების შედეგებს ევროტურნირებში და ნაკრების წინსვლასაც შეუწყობს ხელს. ამისთვის აუცილებელია მაღალი დონის მწვრთნელები, რომლებიც თაობებს სწორად გაზრდიან, ასევე, ინფრასტრუქტურა, ფინანსები...

- ცხადია, უყურებთ საქართველოს ნაკრების მატჩებსაც. რას იტყვით მის ბოლოდროინდელ თამაშებზე?
- ვცდილობ, ყოველთვის ვუყურო საქართველოს ნაკრების თამაშებს. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. ხშირად, ვფიქრობ, რომ იღბალიც გვაკლდება.

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით გუნდს აქვს პროგრესი და მჯერა, ეს მალე შედეგებშიც აისახება. მთავარია, ქომაგებმა გული არ გაიტეხონ და დაიჯერონ, დააჯერონ ფეხბურთელებიც, რომ სასურველი მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

- როგორ მიდის ქართული პასპორტის აღების საქმე?
- პროცესი დაწყებულია! ვესაუბრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს... მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მას, ასევე, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს დიდი მადლობა გადავუხადო. სამინისტრომ უკვე გაგზავნა სარეკომენდაციო წერილი და ახლა ფეხბურთის ფედერაცია ჩაერთვება ამ პროცესში. იმედია, უახლოეს პერიოდში ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

- დაბოლოს, საინტერესო იქნებოდა, თემურ ფარცვანიას ყველაზე დიდი საფეხბურთო ოცნების შესახებაც გვცოდნოდა...
- ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, საკლუბო და სანაკრებო დონეზე მაღალ შედეგებს მიაღწიოს. მეც არ ვიქნები გამონაკლისი და ვიტყვი, რომ ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრაა!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს არ იყო უარს რომ ამბობდა საქართველოს ნაკრებში თამაშზე? მაშინ ქონდა შანსი უკრაინის ნაკრებში ეთამაშა და მაგიტომ იყო ცხვირს რომ იბზუებდა, ეხლა ხედავს შანსი აღარ აქვს და მოუნდა აქეთ, ეს ადამიანი საქართველოს ნაკრებში რომ ათამაშონ ტელევიზორშიც კი აღარ ვუყურებ ჩვენების თამაშს.
zura
10:36 22-05-2017
0
არ გრცხვენიათ-ეს რა კომენტარებია ?!!!...საინტერესოა-თქვენ რის დამთმობი ხართ საკუთარის ქვეყნის გამო?!..თუ ალბათ იმ ფეხბურთელების აგენტები ხართ ამოფარებული,გულშმატკივრის,,მანტიას...პ.ს. ცოტა უკეთ ჩაიხედეთ უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში-ოლიმპიკი მე-4 ადგილზეა და გუშინ შახტარს 1-1 ეთამაშა!...ცნობისთვის-საქართეელოს ჩემპიონატის ლიდერების კი ინსტალით ჩამორჩებიან უკრანის ჩემპიონატის ბოლო გუნდს...
ზაზა
10:43 22-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული