თემურ ქეცბაია: პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა, ეგ არაფერი...

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ, რომელიც ახლახან რუსული "ორენბურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, პირველი ვრცელი ინტერვიუ გამოცემა "სპორტ ექსპრესს" მისცა.

- თემურ ქეცბაია რუსული "ორენბურგის" მთავარი მწვრთნელი გახდა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელიც ათენის აეკ-იდან წამოსვლის შემდეგ უმუშევარი იყო, ახლახან რუსეთის პირველ ლიგაში დაქვეითებული გუნდი ჩაიბარა და ელიტაში მისი დაბრუნებისთვის იბრძოლებს. 49 წლის ქართველ სპეციალისტს "ორენბურგში" საქართველოს ნაკრების ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე დახვდა...

- "ორენბურგში" თქვენი დანიშვნა მოულოდნელი იყო. გვიამბეთ, როგორ დათანხმდით ამ ვარიანტს...
- ცხოვრება მოულოდნელობებითაა აღსავსე, მაგრამ თუკი მოულოდნელობა სასიამოვნოა, ამას რა
სჯობს. ტელეფონით დამიკავშირდა კლუბის პრეზიდენტი, მთხოვა ჩასვლა და შესაძლო სამსახურთან დაკავშირებით დალაპარაკება. დავთანხმდი, განვიხილეთ ყველა საკითხი და ერთმანეთს ხელიც ჩამოვართვით.

- რა ამოცანა გაქვთ დასახული?
- პრემიერლიგაში დაბრუნება. უპირველესად, ეს სურვილი ამოვიკითხე "ორენბურგის" ხელმძღვანელთა თვალებში. ახლა ერთიანი ძალებით ვიზრუნებთ მიზნის შესრულებაზე. იოლი არ იქნება, მაგრამ გუნდს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დასახულ ამოცანას თავი გაართვას. კლუბისა და ჩემი მიზნები ერთმანეთს ემთხვევა.

- "ორენბურგში" ცვლილებები იქნება?
- გუნდი ელიტიდან გავარდა და გასაგებია, რომ შემადგენლობა შეიცვლება. თუმცა, ჩვენ გუნდის ბირთვის შენარჩუნება გვსურს, რაც გაგვიიოლებს პრემიერლიგაში დაბრუნების ამოცანას. რუსეთის პირველი ლიგა დიდი ჩემპიონატია, ბევრი კლუბით. ამიტომ აუცილებელია, კარგად ვიმუშაოთ, რომ "ორენბურგის" შემადგენლობა გაძლიერდეს.

- თქვენი კონტრაქტის ხანგრძლივობა როგორია?
- ერთწლიანია და თუკი ამოცანა გადაიჭრება, ის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

- რამდენი დღე დაგჭირდათ პასუხისთვის - "დიახ"?
- ორი დღე. საკმაოდ სწრაფად დავთანხმდი, მაგრამ გაჭიანურება აღარ შეიძლებოდა. ახალი სეზონის დაწყებამდე 40 დღეზე ნაკლები რჩება და მოსამზადებლად არცთუ დიდი დროა. ამიტომ ძვირფასი დღეების დაკარგვას მოვერიდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის სტარტისთვის გუნდი 70-80 პროცენტით ჩამოყალიბებული იყოს. სატრანსფერო ფანჯარი აგვისტოს ბოლოს იხურება და ზაფხულში მოვასწრებთ კიდეც ფეხბურთელთა მოწვევას, თუკი დაგვჭირდება.

- "ორენბურგის" გაწვრთნაში ვინ დაგეხმარებათ?
- არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ჩემთან. ხელმძღვანელობასთან განვიხილავთ და გამოვაცხადებთ.

- გუნდის თამაში გინახავთ?
- რუსულ ფეხბურთს ვიცნობ, პრემიერლიგას სიამოვნებით ვუყურებ. "ორენბურგის" ოთხი შეხვედრის ნახვა შევძელი და ფეხბურთელებზე წარმოდგენა შემექმნა. ახლა უფრო ახლოს უნდა გავიცნო...

- რუსეთის პირველ ლიგაში ლიმიტი ლეგიონერებზე უფრო მკაცრია. მზად ხართ ამისთვის?
- დიახ. მხოლოდ სამს შეუძლია მოედანზე გასვლა და კიდევ ორს - სათადარიგოთა შორის ყოფნა. ვნახავთ, ვინ დარჩება გუნდში და ვინ წავა. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაირკვეს.

- გიმუშავიათ კვიპროსსა და საბერძნეთში, სადაც ქალაქებს შორის მანძილი პატარაა. ახლა კი წინ მრავალსაათიანი ფრენები გელით. არ გეშინიათ?
- სირთულეების არ მეშინია! მთავარია, რომ ორენბურგში გაიგეს პრემიერლიგის გემო და ელიტაში დაბრუნება სწყურიათ. კლუბი ყველაფერს გააკეთებს ამისთვის, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კი შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

- თქვენს კარიერაში იყო ჩემპიონის ტიტულები, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. ახლა კი პირველი ლიგა გელოდებათ...
- მართალს ბრძანებთ, ცხოვრებაში პირველად მომიწევს ამ დონეზე მუშაობა. ეგ არაფერი. მინდა აქაც გავიმარჯვო. ჩვენ ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ და ჩვენი მიზანი არა მხოლოდ პრემიერლიგაში დაბრუნება, პირველი ადგილის დაკავებაა!

- როგორი სტილის ფეხბურთს ითამაშებს თქვენი გუნდი?
- ამაზე ლაპარაკი ნაადრევია. რა თქმა უნდა, ყველას გვინდა შემტევი ფეხბურთის ნახვა, მაგრამ ჯერ უნდა გავიცნო ბიჭები და გავიგო, რა შეუძლიათ. მთავარი ხომ შედეგია?! ვითამაშებთ ისეთ ფეხბურთს, რომელიც პრემიერლიგაში აგვიყვანს.

- მაშ შეიძლება ლაღი ქართული ფეხბურთი ვერც ვიხილოთ?
- რა თქმა უნდა, შემიძლია შეგპირდეთ, რომ "ორენბურგი" სწორედ ასე ითამაშებს, მაგრამ არ მინდა სიტყვები უბრალოდ ჰაერზე ვისროლო. გასახარი იქნება, თუკი გუნდი ქულებს სანახაობრივი თამაშით მოიპოვებს.

ერთია პრემიერლიგაში თამაში და სხვა - პირველ ლიგაში. დაცვიდან თამაში, რომელსაც "ორენბურგი" გასულ სეზონში მიმართავდა, პირველ ლიგაში არ გამოგვადგება. აქ შეტევაა საჭირო და ამისთვის კარგი ფეხბურთელები აუცილებლად გვჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
???-ს და კიდევ სხვებს, შენ არც თვალებით იხედები და არც გონებით, შენ იმ ბოღმიანი ჟურნალისტებივით ხარ, ეხლა ჩვენი ნაკრების სავალალო მდგომარეობის გამო ხმას რო არ იღებენ და კურდღლებივით ჩირგვში რომ არიან გასუსული. ქეცბაია კაცია და კაცად დარჩება ყოველთვის, ის ამ ჯგუფიდან ნაღდად გაიყვანდა გუნდს. ის კი არა ცხადაძესაც შეეძლო ამ გუნდის გაყვანა, მაგრამ თქვენ ხომ იმ ქართველებიდან ხართ, რომლებიც ყველა კარგის მიმართ შურით და ბოღმით ხართ გაჟღენთილი.
maxa joba
12:17 13-06-2017
0
შოთამ ხაშურის ივერია იუარა და წავიდა უზბეკეთში ბამბის საპუტად ვერ დავიჯერებ რომ ქეცბამაც ამ უდიდესი გაქანების ტრენერმა წიხლი კრა ივერიას და ორენბურგი არჩია
lado
09:38 03-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული