[ლეგიონის უქმეები] ვაკო ყაზაიშვილი - ჩემპიონი უთამაშებლად [VIDEO]

AutoSharing Option
ვაკო ყაზაიშვილი პოლონეთის ჩემპიონი გახდა "ლეგიას" რიგებში, თუმცა ბოლო მატჩებია, მას თამაში არ უწევს. ისიც ცნობილია, რომ "ლეგია" ქართველს უკან, ჰოლანდიაში აბრუნებს.

ამ უქმეებზე გოგიტა გოგუასა და ზაქარია ბეგლარიშვილის ლამის ერთნაირი გოლები ვიხილეთ...

ესპანეთი, ლა ლიგა 1|2|3.
გიორგი აბურჯანიას "ატლეტიკო სევილია" "ოვიედოს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ჩვენებური, როგორც იქნა, სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, თუმცა 59-ე წუთზე გამოცვალეს.

პოლონეთი, ექსტრაკლასა.
პოლონეთში ჯერ გადარჩენისთვის მებრძოლმა რვა გუნდმა დაასრულა ჩემპიონატი, კვირას კი საჩემპიონო ჯგუფმაც დაასრულა სეზონი.

ნიკა ძალამიძის "ლენჩნა" ქვედა დივიზიონში გავარდა. როგორც ბოლო
დროს, ძალამიძეს არც უკანასკნელ ტურში "რუხთან" ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში უთამაშია (დუბლებში თამაშობდა).

სამაგიეროდ, გავარდნას გადაურჩა გდინიას "არკა", სადაც ლუკა ზარანდია თამაშობს. ბოლო ტურში "არკამ" სტუმრად დაამარცხა "ზაგლებიე" - 3:1. ქართველ შემტევს ტრავმის გამო არ უთამაშია.

გიორგი მერებაშვილის პლოცკის "ვისლა" შინ "შლიონსკთან" 0:3 დამარცხდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო. მერებაშვილის გუნდს გავარდნა არ ემუქრებოდა.

მართალია, საჩემპიონო ჯგუფში ვერ მოიგო ვაკო ყაზაიშვილის "ლეგიამ" (ერთ-ერთ კონკურენტ "ლეხიას" დაუზავდა - 0:0), მაგრამ მაინც ჩემპიონი გახდა. ყაზაიშვილის საჩემპიონო წვლილი მოკრძალებულია - 12 მატჩი, 1 გოლი.

მათე ცინცაძის "პოგონმა" 3:0 მოუგო "კორონას" და 25 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა. ჩვენებური 83-ე წუთზე შეცვალეს.

შვედეთი, ოლსვენსკანი.
ჩემპიონატის აუტსაიდერი "ესკილსტუნა", რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია, შინ 1:3 დამარცხდა აიკ-თან. მასპინძელთა შორის 90 წუთი ითამაშა ზურაბ ცისკარიძემ.

დანია, სუპერლიგა.
"ჰელსინგორთან" პლეი აუტის მატჩში "ვიბორგის" განაცხადში არ ყოფილა მათე ვაწაძე. მატჩი კი 2:2 დასრულდა (დამატებით დროში). ორი მატჩის ჯამში 3:3 დაფიქსირდა და დუელში გამარჯვებულად "ჰელსინგორი" გამოცხადდა.

ესტონეთი, მეისტრილიგა.
ესტონეთის ჩემპიონატის ლიდერმა "ფლორამ" სტუმრად 2:0 დაამარცხა "ტამეკა". ანგარიში ზაქარია ბეგლარიშვილმა გახსნა და შეუცვლელადაც ითამაშა. ეს ბეგლარიშვილის მე-7 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. სულ ზაქარიამ "ფლორას" მაისურით 58 გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუმინეთი, ლიგა 1.
"გაზ მეთანის" რიგებში არ უთამაშია აკაკი ხუბუტიას, რომელსაც მამა გარდაეცვალა. "გაზ მეთანი" "ტიმიშოარას" დაუზავდა - 2:2.

თურქეთი, I ლიგა.
თურქეთის სუპერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის ფინალში სანდრო კობახიძის "გიოზთეფე" ნეიტრალურ მოედანზე "ესქიშეჰირსფორს" შეხვდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამოჩნდა. თამაშის ეს ნაწილი 1:1 მორჩა და დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც ანგარიში არ შეცვლილა. პენალტების სერიაში კი კობახიძის "გიოზთეფემ" 3:2 გაიმარჯვა და სუპერლიგაში აღზევდა. 11-მეტრიანის შესრულება ჩვენებურსაც ანდეს, თუმცა მან შანსი ვერ გამოიყენა.

ფინეთი, იუკონენლიგა.
ირაკლი სირბილაძის კპვ-მ "ეკენასს" 2:1 მოუგო. ქართველმა ფორვარდმა მეორე ტაიმი ითამაშა.

ბელორუსი, ვისშაია ლიგა.
გიორგი ქანთარიას "ნემანმა" სტუმრად "გომელთან" 2:2 ითამაშა. სამწუხაროდ, 25-ე წუთზე ქართველმა
ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა (ამ დროს მისი გუნდი 1:0-ს იგებდა).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ოთარ ჯავაშვილის (სათადარიგო) "სლავია" შინ 0:2 დამარცხდა მინსკის "დინამოსთან". სტუმართა განაცხადში არ ყოფილა გოგიტა გოგატიშვილი.

ბატე-მ 2:1 მოუგო "დნეპრს", გამარჯვებულთა განაცხადში არ ყოფილა ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული ვაკო გვილია.

ლატვია, ვირშლიგა.
ლაშა შერგელაშვილისა (90 წუთი) და გიორგი დიაკვნიშვილის (სათადარიგო) "რიგასმა" ერთ-ერთ ლიდერ "ლიეპაიას" მოგებათა სერია შეუწყვიტა - 2:0. დამარცხებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ერისთავმა.

ყაზახეთი, პრემიერლიგა.
ამ ტურში გოლით თავი გოგიტა გოგუამ გამოიჩინა. მისმა და ოთარ მარცვალაძის (განაცხადში არ ყოფილა) "ორდაბასიმ" კი "თარაზს" უმასპინძლა და 3:0 მოუგო. ჩვენებური მოედანზე მე-80 წუთზე გავიდა და 86-ე წუთზე შედევრი შექმნა - დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში, თანაგუნდელთან "კედელი" გაითამაშა და შეტევა გოლით დააგვირგვინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

33 წლის ნახევარმცველისთვის ეს სეზონში მეორე (მანამდე თასზე შეაგდო) გოლია. "ორდაბასი" 32 ქულით მესამე ადგილზეა.

კახა ცხადაძის "ქაირათმა" 4:1 გაანადგურა "შახტიორი". ქართველი სპეციალისტისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა ჩემპიონატში. "ქაირათი" 34 ქულით მეორე ადგილზეა.

"მეორე ტაიმში უკვე მაყურებელზე ვითამაშეთ", - განაცხადა გამარჯვებულთა თავკაცმა.

ომარ თეთრაძის "ტობოლი" შინ "კაისარს" დაუზავდა - 0:0. ნიკა კვეკვესკირი "ტობოლის" შემადგენლობაში 13 ივნისის შემდეგ (ანუ მაშინ, როცა კლუბს მისი დარეგისტრირების უფლება ექნება) ითამაშებს. "ტობოლი" 25 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ქართველთა "ატირაუ" ლიდერ "ასტანას" ესტუმრა და 0:4 დამარცხდა. უჩა ლობჟანიძე და ლადო დვალიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. ლობჟანიძე შესვენებისას შეცვალეს. "ატირაუ" 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

ლაშა დვალის "ირტიში" შინ "ოკჟეტპესს" შეხვდა და უგოლოდ დაშორდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. "ირტიში" 28 ქულით მეოთხე ადგილზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სანდრო კობახიძის საგოლე გადაცემით გაათანაბრა გიოზთეფემ ანგარიში, რომ არა სანდრო მისი კლუბი ქვედალიგაში დარჩებოდა, თუმცა თქვენი მიმოხილვა ნეგატიურია და ყურადღება 11 მეტრიანზეა გამახვილებული. ეს დედანატირები კაცმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, საგოლე გადაცემაა გააკეთა ისეთი დაღეჭილი რომ ეთქმის და მისი დამსახურებით კლუბი სუპერ ლიგაში აღზევდა, თქვენ კი ნეგატიურად აშუქებთ - ტეხავს!
ფარო
15:48 05-06-2017
0
წელს უჩვეულოდ ბევრმა ქართველმა მოიგი თასი და ჩემპიონატი. ისე სანდროს საგოლე პასი აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ამ მიმოხილვაში, მიკვირს თქვენგან პატივცემულო საიტო.
kika
10:04 06-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული