გიორგი პაპუნაშვილი: "ფახთაქორი" ორჯერ მეტს მაძლევდა, მაგრამ ესპანეთში მერჩივნა

AutoSharing Option
გიორგი პაპუნაშვილი სეგუნდა დივიზიონის (ლა ლიგა 2) "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდა. თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის "ტორპედოსთან" უახლოესი ტურის მატჩსაც ითამაშებს და 5 ივლისს უკვე ესპანეთში იქნება...

"ლელომ" პაპუნაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა...

- პირველ ყოვლისა, ესპანურ ტრანსფერს გილოცავთ, რაც ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის სანატრელია...
- დიდი მადლობა! ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

- ცნობილია, რომ წინადადებები გქონდათ "კრილია სოვეტოვიდან", "ვიტესიდან" და ტაშკენტის "ფახთაქორიდან". ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სამივე მათგანი ბევრად უკეთეს პირობებს შემოგთავაზებდათ, ვიდრე
სეგუნდა დივიზიონის "სარაგოსა". დღეს ესპანეთის ქვედა დივიზიონის კლუბებს ფინანსურად არ ულხინთ...

- მაგალითად, "ფახთაქორი" ორჯერ მეტ ხელფასს მაძლევდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დაველაპარაკე და გადავწყვიტე, რომ ჩემი მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა ესპანეთში თამაში. აქვე, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა - მადლობას ვუხდი თბილისის "დინამოს", მის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას, გვერდში რომ დამიდგნენ. საერთოდაც, "დინამოსი" ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. იმავეს ვიტყვი ბიჭებზე, რომლებთან ერთადაც ბევრს მივაღწიე.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ "დინამოსთვის" მადლობის გადახდა კარგი თამაშით გსურდათ - "საბურთალოსთან" უჩვეულოდ მოტივირებული იყავით და სეზონში საუკეთესო თამაშიც ჩაატარეთ...
- მართლაც მსურდა, რომ მადლიერება "საბურთალოსთან" კარგი თამაშითაც გამომეხატა, მაგრამ ბიჭების გარეშე, მარტო ვერაფერს მოვახერხებდი. სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგად მოვმზადებულიყავით. სწორედ ამის შედეგია, ჩემპიონატში კარგად რომ ვთამაშობთ.

- "სარაგოსა" ისტორიული კლუბია და მისი მაისურით არაერთ ვარსკვლავს უთამაშია - ვალდანოს, კაფუს, ბრემეს, რაიკაარდს, მორიენტესს, პიკეს, დავიდ ვილიას... ასეთ კლუბში თამაში მართლაც დიდი პატივია...
- ამ კლუბში გადასვლა სწორედ ამან გადამაწყვეტინა - "სარაგოსას" ისტორიამ! ამავე დროს, ძალიან მომეწონა კლუბის ხელმძღვანელთა ხედვა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემ მიმართ ნდობა გამოიჩინეს.

მითხრეს, რომ ახალ კლუბს აყალიბებენ, ლა ლიგაში დაბრუნება სურთ და იმედი მაქვს, ამ აღმავლობაში ჩემს წვლილსაც შევიტან. ხოლო პირველი, რასაც "სარაგოსაში" გადასვლისას და ესპანეთში ჩასვლის შემდეგ გავაკეთებ, ესპანურის სწავლაა. ეს - აუცილებლად!

- სწავლა უკვე დაიწყეთ?
- ადგილზე უკეთ ავითვისებ. ცოტა ინგლისურიც ვიცი და ესეც დამეხმარება.

- უცხოეთში აქამდეც გითამაშიათ...
- საერთოდ, წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს და არც მინდა. გერმანიაში გატარებულ პერიოდს ბევრი შეცდომად მითვლის, მაგრამ მე ასე სულაც არ მიმაჩნია.

- დარწმუნებული ვარ, "ვერდერში" ყოფნამ ბევრი რამ გასწავლათ...
- რა თქმა უნდა. მეორეც - პისაროს გვერდით ვვარჯიშობდი, მასთან ერთად ვთამაშობდი, გერმანულ გუნდში ვემზადებოდი, რაც უდიდესი გამოცდილება იყო და არა - შეცდომა. ჩემი მომავლისთვის ეს იყო ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი, რაც აუცილებლად წამადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები!
მარი
14:53 22-06-2017
0
გაიხარე გიორგი, დიდ წარმატებებს გისურვებ, გახსოვდეს ქართული ანდაზა "სადაც მიხვალ იქაური წუდი უნდა დაიხუროო" მიხვდი ალბათ ესპანელები შენზე არ აწყობენ გუნდს(ნეტა ასე იყოს) თვითონ უნდა აეწყო მატ მექნიზმზე. ქინქის შეცდომა არგაიმეორო "ჩემ ადგილზე არ მათამაშებდნენო". გიო მალე რეალისა და ბარსას წინააღმდეგ გეთამაშოს.
gizog
11:29 20-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული