- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს კარიერაში დონეცკის "შახტარში" გადასვლა?
- ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩემს კარიერაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ "შახტარი" ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი კლუბია უკრაინის პრემიერლიგაში და ის ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაშიც. ეს კი ჩემთვის თავის გამოჩენის კარგი შანსია. ბუნებრივია, მეც მსურს დავეხმარო და გავაძლიერო გუნდი.
- თქვენ უკვე კარგა ხანია, შეუთანხმდით "შახტარს". ალბათ, ერთი სული გქონდათ, როდის შეუერთდებოდით გუნდს...
- ერთი მხრივ, დიახ, ასეც იყო. უბრალოდ, ვარჯიშიც კი ისეთ
- როგორ მიგიღეს ფეხბურთელებმა ახალ გუნდში?
- ძალიან კარგად მიმიღეს, ამას არც კი ველოდი. არ მეგონა, ჩემზე თუ ამდენი ეცოდინებოდათ, "ჩერნომორეცი" ახლა უკრაინაში საშუალო გუნდად ითვლება.
- ვინმესთან ნაცნობობა თუ გქონდათ აქამდე?
- თამაშების დროს ხდებოდა, რომ ერთმანეთს ერთი-ორ სიტყვას გადავულაპარაკებდით. თან, ყოველთვის კარგს არა, თუმცა ეს ფეხბურთია. შედარებით უკეთ ბერნარს და რაკიცკის ვიცნობდი. ვიცნობდი რამდენიმე შახტარელს, რომლებიც იჯარით სხვა გუნდებში თამაშობდნენ. ახლა კი უკვე ყველა გავიცანი.
- ვისთან უფრო კონტაქტობთ ახალ გუნდში?
- ყველასთან ერთნაირად ვურთიერთობ, მაგრამ მაინც უფრო ჩემ ტოლებთან მიადვილდება.
- არაბიძეს თუ იცნობდით?
- რა თქმა უნდა, ნაკრებშიც გვივარჯიშია ერთად. ამის გარდა, თბილისი პატარა ქალაქია, იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ახლა ერთმანეთში ბევრი ვისაუბრეთ.
- რამდენიმე კვირაა, რაც "შახტარში" ხართ. რა არის ყველაზე რთული აქ?
- ვარჯიშებში დიდი სხვაობა არაა. უბრალოდ, აქ ყველაფერი უფრო სწრაფად კეთდება. გუნდს მეტი კლასი ეტყობა. ძირითადად, ამით გამოირჩევა "შახტარი" სხვა გუნდებისგან.
- მწვრთნელთან თუ ისაუბრეთ?
- მეორე თუ მესამე დღესვე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ კარგად გამეგო, როგორ თამაშობს "შახტარი" დაცვაში. იმიტომ, რომ ამ მხრივ დიდი სხვაობაა ჩემს ყოფილ გუნდთან. "შახტარის" დაცვა უფრო "ზემოთ ამოდის", აკეთებს ხელოვნურ თამაშგარეებს. ცენტრალური მცველები განაპირებს აზღვევენ. მოკლედ, გაცილებით მეტს მოძრაობენ და უფრო კომპაქტურად თამაშობენ. და მე ამაში კარგად უნდა გავერკვე. მან სწორედ ეს მითხრა, მთავარია, არსს ზუსტად ჩავწვდე. საშიში არაფერია, არც მე ვარ სუსტი ფეხბურთელი. ვფიქრობ, აქ უფრო გავიზრდები და დაცვაში კონკურენცია მოიმატებს.
- 12 წლის განმავლობაში "შახტარს" ლეგიონერი არ შეუძენია ცენტრალური მცველის პოზიციაზე. რას ფიქრობთ, რატომ აგირჩიეს თქვენ?
- არ ვიცი. ეს ფაქტი კი ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, მამამ მითხრა ამის შესახებ. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის.
- გაზაფხულზე პრესა წერდა ხელის ტრავმაზე. რა მოხდა?
- ვარჯიშის დროს ცუდად დავვარდი, სამ ადგილას მოვიტეხე. ვარჯიში გავაგრძელე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ორთაბრძოლაში ვერ შევდიოდი. მოვილაპარაკეთ, რომ რამდენიმე ტურს გამოვტოვებდი, ფორმას შევინარჩუნებდი. ვფიქრობ, ცუდად თამაშს სჯობს საერთოდ არ ითამაშო.
- ახლა როგორი მდგომარეობა გაქვთ?
- უკეთესობაა, მაგრამ თითი რაღაც უშნოდ მოხრილია. ერთი-ორი კვირა და ყველაფერი გაივლის.
- სეზონის მიხედვით, პრემიერლიგამ 33 საუკეთესოს შორის მოგახვედრათ. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?
- რა თქმა უნდა, ეს ძალზე სასიამოვნოა, როცა შენი შრომა ფასდება, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ შემდეგი სეზონისთვის 33 საუკეთესოს შორის მოხვედრა მიღწევა აღარ იქნება. შემდეგი მიზანი ჩემს პოზიციაზე პირველ ადგილზე გასვლა იქნება.
- "შახტარმა" ოქროს დუბლი გაახერხა. ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაციაა?
- დიახ, ასეა. "შახტარი" მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე, სხვა ვარიანტს არც განიხილავენ. ჩემპიონატშიც, თასზეც და ჩემპიონთა ლიგაზეც, მხოლოდ მოსაგებად ვთამაშობთ. ეს გუნდის ხასიათშია.
- შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგა იწყება. ამბობენ, თითოეული ფეხბურთელისთვის ლიგაზე თამაში განსაკუთრებული შეგრძნებააო...
- ჯერ ვერც კი წარმომიდგენია ეს. თითქმის არარეალურია, მსოფლიოს ვარსკვლავებთან მომიწევს თამაში, მესისთან, რონალდოსთან... ამის სიტყვებით აღწერა, ალბათ, შეუძლებელია. უნდა გახვიდე, ითამაშო და შეიგრძნო. მერე შეიძლება უკვე ამაზე ლაპარაკი.