საბა ლობჟანიძე: რას იფიქრებდა ჩემზე "რანდერსის" გულშემატკივარი?!

AutoSharing Option
დანიურ წყაროებზე დაყრდნობით, საბა ლობჟანიძე ახალი კლუბის, "რანდერსის" შეკრებაზე დროულად ვერ გამოცხადდა. გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლაფურ კრისტიანსონს სურდა, რომ თბილისის "დინამოდან" დამატებული შემტევი ნახევარმცველი საქმეში 5 ივლისს, "ჰორსენსთან" საკონტროლო შეხვედრაში ეხილა.

დანიური მედიის ცნობით, რომელიც შემდეგ ქართულადაც ითარგმნა, მითითებული იყო, რომ ლობჟანიძე კოპენჰაგენში სამუშაო ვიზის ასაღებად 4 ივლისს უნდა ჩაფრენილიყო, ხოლო "რანდერსში" ორშაბათს უნდა მისულიყო და მატჩისთვის მზადება დაეწყო...

თუმცა დანიელები წერენ, რომ ლობჟანიძემ თვითმფრინავზე დააგვიანა და მწვრთნელი მას საქმეში ოთხშაბათამდე ვერ ნახავს.

- საბა ლობჟანიძე "რანდერსის" შეკრებაზე დროულად ვერ
გამოცხადდა, რადგან თვითმფრინავზე დააგვიანა


ცხადია, ასეთი საქციელი სპორტსმენს არ ამშვენებს, მაგრამ გაუგებარი იყო, რატომ უნდა დაეგვიანა ლობჟანიძეს დანიური გუნდის შეკრებაზე, როცა მოედანზე ფეხის დადგმის დღიდან ევროპაში თამაშზე ოცნებობდა და არასოდეს შეუნიშნავთ რეჟიმის დამრღვევთა შორის.

ჩვენ ფეხბურთელის მენეჯერ გუგა კაჭახიძეს დავუკავშირდით, რომელმაც მომხდარის აბსოლუტურად განსხვავებული მიზეზი დაასახელა:

"ვინც საბას არ იცნობს და გავრცელებულ ინფორმაციას წაიკითხავს, იფიქრებს, რომ ძალიან არასერიოზული პიროვნებაა. არადა, მსგავსი მოწესრიგებული, როგორიც ლობჟანიძეა, თავისი პროფესიონალიზმით, ქართველ ფეხბურთელებში იშვიათად მინახავს.

რეალურად, საქმე სხვაგვარად იყო. ორი დღე ვცდილობდით, რომ საბა დანიაში დროულად ჩასულიყო. არათუ რეისზე არ დაუგვიანია, ლატვიის დედაქალაქის აეროპორტში ნახევარი დღე იჯდა და რიგა-კოპენჰაგენის რეისს ელოდებოდა, მაგრამ ეს რეისი გაუქმდა და შეკრებაზე დროულად ამიტომ ვერ გამოცხადდა.

ვიმეორებ, ეს რეისის გადადების გამო მოხდა და საბა არაფერ შუაშია. საერთოდ, აჯობებს, მსგავსი ინფორმაცია თავად ფეხბურთელთან გადავამოწმოთ", - ამბობს კაჭახიძე.

ჩვენთან კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა:

"ასეთი სიახლით დანიაში ჩასვლა არც ისე სასიამოვნო იყო. რას იფიქრებდა გულშემატკივარი? არასერიოზული მოთამაშე დავიმატეთო!..

მწვრთნელს მის კომენტარზე რომ ვკითხე, თავადაც გაოცებული იყო. თურმე, უთქვამს, "რეისმა დაიგვიანაო", ჟურნალისტმა კი დაწერა, რომ "რეისზე დააგვიანა"...

მოკლედ, ახლა უკვე გუნდთან ერთად ვარ და ყველაფერი მოგვარდა".

მოკლედ, ლობჟანიძე უკვე დანიაშია და გუნდთან ერთადაა. გუშინ "რანდერსისა" და "ჰორსენსის" საწვრთნელი შეხვედრა ლობჟანიძის გუნდმა 5:0 მოიგო. ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და მესამე გოლში სოლიდური წილიც დაიდო.

- საბა ლობჟანიძემ "რანდერსის" მაისურით პირველად ითამაშა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარე საბა, სულ წარმატებებს გისურვებ. ტრამლინად კარგი ქვეყანა აირჩიე და ასევე კარგი ნახტომი შენზე იყოს.
gizog
14:31 06-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული