დაგვრჩა მხოლოდ "სამტრედია" და ისიც - ფორმალურად. ფაქტია, ძალიან ბევრი რამაა ჩვენს კლუბებში შესაცვლელი, მათ შორის, კადრებიც.
სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენმა კლუბებმა, უნდათ თუ არა, მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ გუნდში ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანას.
ამ თემას ერთი წერილი უკვე მივუძღვენით, ახლა კონკრეტულ მაგალითზე დავწერთ - როგორი და რამდენი ლეგიონერი გვყავდა ჩვენ და როგორი და რამდენი - მოწინააღმდეგეს...
"ყარაბაღმა" პირველ შეხვედრაში 5:0 მოუგო "სამტრედიას". ალბათ, ეს გამარჯვება არ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი,
ეს უკანასკნელი თავისი ქვეყნის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, ნდლოვუს პერიოდულად იწვევენ სამხრეთ აფრიკის ნაკრებში. ამ ლეგიონერების გარდა, აზერბაიჯანის ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშობენ უკრაინელი კონიბოლოცკი, ბოსნიელი შეჰიჩი, ალბანელი აგოლი და ბრაზილიელი რეინალდო.
არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან აზერბაიჯანის ნაკრების არაერთი ფეხბურთელიც. რეინალდოს გარდა, ყველა უცხოელი საკუთარი ქვეყნის ნაკრების წევრია.
ამ დროისთვის "სამტრედიაში" სამი ლეგიონერია, მაგრამ ერთი მხოლოდ პირობითად - გიული მანჯგალაძეს უკრაინული პასპორტი აქვს. გვინეაბისაუელმა ბაკარი ბალდემ კი დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა პირველ შეხვედრაში. გუნდში კიდევ ერთი უცხოელია - ახლახან "სამტრედიაში" გამოჩნდა კოტდივუარელი ფორვარდი, "გიმარაეშის" ყოფილი შემტევი გაი ინტერსი, მაგრამ ის მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში დაეხმარება გუნდს.
* * *
ამ დროისთვის ბათუმის "დინამოს" ოთხი ლეგიონერი ჰყავს. მართალია, "იაგელონიასთან" ორრაუნდიან შეხვედრაში გუნდმა ჯამში ხუთი უპასუხო გოლი გაუშვა, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ქართულ გუნდში საუკეთესო იყო უკრაინელი მეკარე ანატოლი ტიმოფეევი.ბრაზილიელ ფლამარიონის თამაშის საშუალება ტრავმამ არ მისცა. მიხეილ გორელიშვილს სათამაშო დრო არ ჰქონდა (მას რუსული პასპორტი აქვს), ხოლო იაროსლავ კვასოვმა თავი ვერაფრით გამოიჩინა.
საწინააღმდეგო სიტუაცია იყო "იაგელონიაში". პირველი მატჩი, რომელიც ქუთაისში გაიმართა, პოლონელებმა 1:0 მოიგეს. იმ შეხვედრაში თავი ირლანდიელმა შემტევმა შერიდანმა გამოიჩინა.
მეორე დუელიც "იაგელონიამ" მოიგო - 4:0. ამ მატჩშიც წინა პლანზე ლეგიონერები იყვნენ.
უცხოელთაგან გოლები ბრაზილიელმა გუტიმ, ლიტველმა ჩერნიხმა და ხორვატმა რუნიემ გაიტანეს.
მათ გარდა, პოლონეთის ვიცე-ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშობენ შოტლანდიელი გორდონი, უკრაინელები - ხომჩენოვსკი და რომანჩუკი, ლიტველი ნოვიკოვასი, ბრაზილიელი გილერმე, სლოვაკი კელემენი და ჩეხი პოსპეშილი. თითქმის ყველა მათგანი გუნდში ლიდერის როლს ასრულებს.
* * *
როგორც გახსოვთ, სლოვაკეთში გამართული შეხვედრა "ტრენჩინმა" 5:1 მოიგო. იმ მატჩში განსაკუთრებით კარგად ითამაშეს ლეგიონერებმა. დუბლი მიითვალა ხორვატმა მანსემ. ერთი გოლი ჩვენებურმა გიორგი ბერიძემ შეაგდო, ერთიც - ბოსნიელმა ჩატაკოვიჩმა.საპასუხო მატჩის სცენარი ჩვენთვის საინტერესო საკითხის კუთხით დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან. "ტრენჩინმა" ქუთაისში 3 უპასუხო გოლი გაგვიტანა და სამივე ლეგიონერებმა მიითვალეს. დუბლი შეასრულა ნიგერიელმა გონგმა, ერთი გოლი კი ისევ ბერიძემ ჩაიწერა აქტივში.
"ტრენჩინი" თითქმის მთლიანად ლეგიონერებზეა აწყობილი. გუნდის ღირსებას იცავენ ნიგერიელები - ზუბაირუ, გონგი და ადეკუნლე, ტრინიდადელი ჟულიენი, ჰოლანდიელები - კლოსტერები, უბნიკი და ელ მაჰდუდი, ინგლისელი ლოურენსი, კურაშაოელი იანგა, ხორვატი მანსე, ბრაზილიელი პედრო...
რაც მთავარია, ამ ლეგიონერთა უმრავლესობა ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეა. ყველამ ვიცით, რომ ამ დროისთვის "ტორპედოში" ერთადერთი ლეგიონერია და ისიც, მხოლოდ პასპორტით - დავით ხურციძეს (რედ: ხურციძე დღეს მოსკოვის "არარატში" გადავიდა) რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
* * *
"ალტახის" შემადგენლობაში მხოლოდ ოთხი ლეგიონერია: კამერუნელები - მაჰოპი და ნგამალუ, ბრაზილიელი გალვაო და შვეიცარიელი ლუხინგერი. "ჩიხურა" ავსტრიელებს მაგრად ებრძოლა. პირველ, საშინაო შეხვედრაში 0:1 დამარცხდა, საპასუხო მატჩი კი ფრედ, 1:1 მორჩა.
სხვათაშორის, თბილისურ მატჩში ლეგიონერმა შეაგდო. თავი კამერუნელმა მაჰოპმა გამოიჩინა. ეს გოლი ორრაუნდიან დაპირისპირებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.
* * *
არც "ალტახი", არც "იაგელონია" და არც "ტრენჩინი" ფინანსური თვალსაზრისით იმდენად არ აღემატებიან ქართულ კლუბებს, რომ მათ მიღწევებზე ოცნება არ შეგვეძლოს. აქ ვაწყდებით საკლუბო მენეჯმენტის პრობლემას, რომელიც, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენში თითქმის არ არსებობს.არადა, მაგალითად, ისეთი ლეგიონერების მოყვანა, როგორებიც ჰყავს "ტრენჩინს", ასტრონომიულ თანხებთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. რაღა შორს მივდივართ, ჩვენებურმა გიორგი ბერიძემ ორივე შეხვედრაში გვიჩვენა თავისი სათამაშო კლასი.
თუ ასეთ პერსპექტიულ ფეხბურთელს ვერ ვყიდულობთ, ხომ შეიძლება, ვინათხოვროთ მაინც? "ტრენჩინს" თუ აჰყავს "გენტიდან" იჯარით ფეხბურთელი, ჩვენ არ გვეკადრება, იგივე რომ გავაკეთოთ თუ რა?!
ცოდვა გამხელილი სჯობს: კარგა ხანი ბერიძე აგერ იყო, ჩვენ თვალწინ და, ასე მგონია, მას ყურადღებას ჟურნალისტები უფრო აქცევდნენ, ვიდრე ქართული კლუბების მწვრთნელ-ხელმძღვანელები...
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ უნდა მოვრჩეთ ერთ წრეზე ტრიალს, ყველასთვის ნაცნობი, ათასჯერ დამარცხებული ფეხბურთელებით ფონს გასვლის მცდელობებს და რაღაც შევცვალოთ, თორემ ფაქტი ჯიუტია - მსოფლიოში ფეხბურთი უსწრაფესი ტემპით ვითარდება, ჩვენ კი ისევ ურმით მივჩანჩალებთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!..
გასაგებია, რომ ქართულ კლუბებს არ აქვთ დიდი ფინანსური შესაძლებლობები. უკვე ვისაუბრეთ იაფი ბაზრის ათვისების შესაძლებლობებზე და ახლა ამ თემას კიდევ ერთხელ აღარ მივუბრუნდებით და სხვა მხრიდან შევხედავთ პრობლემას.
რატომ არ შეიძლება თუნდაც ის, რომ ჩვენი კლუბები სხვა ქვეყნისას დაუმეგობრდნენ, რაც მოთამაშეების გაცვლა-გამოცვლასაც გულისხმობს. მაგალითად, რატომ უნდა იყოს მიუღებელი ბათუმის "დინამოსთვის" თურქულ "ტრაბზონსფორთან" პარტნიორობა? როგორ დავიჯერო, რომ ფეხბურთელი, რომელიც ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ხვდება თურქული კლუბის შემადგენლობაში, ზედმეტი იქნება ბათუმელთათვის? თანაც, ისეთ შემთხვევაში, თუ ამ ფეხბურთელს ხელფასს თურქული კლუბი გადაუხდის - თუ მთლიანად არა, სანახევროდ მაინც...
ეს ფეხბურთელი ქართულ კლუბში სათამაშო პრაქტიკას მიიღებს, მოძლიერდება და მერე ამბიციებმომატებული დაუბრუნდება თურქულ გუნდს. ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მოგებული დარჩება.
ეს მაგალითი პირობითად მოვიყვანეთ. მსგავსი თანამშრომლობის იდეა, შეიძლება, ბევრი გუნდისთვის იყოს მისაღები. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც გრანდი იყოს. არც ერთი ქართული გუნდისთვის არ იქნება ზედმეტი ფეხბურთელი, რომელსაც საშუალო დონის ევროპული გუნდის სკოლა მაინც აქვს გავლილი.
დიახ, სკოლა, რადგან ჩვენთან არასწორად თამაშს ბავშვობიდანვე ეჩვევიან და ეს ჩვენი ფეხბურთის მთავარი უბედურებაა. როგორმე ამ პრობლემასაც უნდა მივხედოთ, მაგრამ ეს სულ სხვა წერილის თემაა.
და ვინც იტყვის, რომ ლეგიონერების მოჭარბება ხელს შეუშლის ადგილობრივი კადრების გაზრდას, მას ასე ვუპასუხებთ: ისინი ნორმალურად ვერც დღევანდელ ვითარებაში გაიზრდებიან. ან, როგორ უნდა გაიზარდონ, როცა სულ მარცხს ხედავენ და მეტს არაფერს?
აზერბაიჯანის ჩემპიონატში არაერთი ლეგიონერია, მაგრამ ეს ადგილობრივი მოთამაშეებისა და ეროვნული ნაკრების პროგრესს ხელს არ უშლის. ეს ნათლად ჩანს შედეგებიდანაც. უკვე კარგა ხანია, ფიფას რეიტინგში აზერბაიჯანის ნაკრებმა გაგვასწრო. თამაშის ხარისხსაც რომ დააკვირდე, ჩვენზე უკეთესები თუ არა, უარესები ნამდვილად არ არიან.
მეტიც, ყველა ერთხმად მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ფეხბურთელების ბოლოდროინდელი პროგრესი იმ ლეგიონერების დამსახურებაა, რომლებიც ამ ქვეყნის პირველობაზე გამოჩდნენ...
* * *
შექმნილ სიტუაციაში თითოეული ქართული კლუბის ხელმძღვანელს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ფაქტია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. მოკლე ხანში ჩვენ უნდა დავინახოთ თუნდაც მცირე უკეთესობა, თორემ მერე შეიძლება ძალიან გვიან იყოს.ჰაერივით გვჭირდება თუნდაც მცირე წარმატება, რომელიც ხალხს მასობრივად შემოატრიალებს ქართული ფეხბურთისკენ და მომავლის რწმენას გაუჩენს, თორემ საყოველთაო ნიჰილიზმი საბოლოოდ გადაყლაპავს იმასაც კი, რაც შეგვრჩა.
მერე გვიანღა იქნება თითზე კბენანი. საშველი უნდა გამოჩნდეს მანამ, სანამ ქართული ფეხბურთი ჯერ კიდევ ცოცხალია. იმაზე მეტი უკუსვლა კი, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"