გიორგი კახელიშვილი ქობულეთის "შუქურაში" წავიდა, ალექსანდრე გოგობერიშვილი - "ნორჩი დინამოში", გიორგი შუბითიძე - "ცხუმში", ნიკა მაისურაძე "ცხინვალში" დაბრუნდა, ხოლო გიორგი ბიბილეიშვილი დუშეთის "არაგვში" ჩაირიცხა.
რაც შეეხება შევსებას, თბილისურ კლუბს 5 ახალწვეული ჰყავს: ცენტრალური ნახევარმცველი გიგა ჩიკვაიძე "რუსთავიდან" დაიმატეს, "ლიახვიდან" არიან თავდამსხმელი მიხეილ როსტიაშვილი და მარცხენა მცველი მიხეილ კობერიძე, ლანჩუთის "გურიადან" - შემტევი ნახევარმცველი სოსო მალანია, ხოლო რუსეთის კლუბ "ბარვიხადან" - ფლანგის შემტევი იოსიფ შალოლაშვილი.
გიორგი ჩოჩიშვილის ამბავი
ჩოჩიშვილი საქართველოში შაბათს დასრულებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახლდათ და ჩვენი ნაკრების კარში შეუცვლელად იდგა. მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და სამართლიანად დაიმსახურა სპეციალისტების, სელექციონერებისა და გულშემატკივრების მოწონება.
სად არის ამჟამად ჩოჩიშვილი და რომელ კლუბში აპირებს კარიერის გაგრძელებას? მისი მომავლით დავინტერესდით და დავუკავშირდით, სიახლე კი ისეთი გვითხრა, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო...
- როგორც ვიცით, "საბურთალოსთან" კონტრაქტი დაგისრულდა და თავისუფალი აგენტი გახდი. სად აპირებ კარიერის გაგრძელებას?
- ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ უცხოეთში მიწვევენ.
- უცხოეთში? რომელ კლუბებზეა ლაპარაკი?
- შვიდი უცხოური კლუბი დაინტერესდა. კვირის ბოლოს ყველაფერი გაირკვევა და იმედი მაქვს, ამ შვიდიდან ერთ-ერთთან კონტრაქტს გავაფორმებ.
- უკვე ასე სერიოზულადაა საქმე?!
- მე არ ვამბობ, რომ უკვე ევროპაში ვარ, მაგრამ ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მეუბნებიან, რომ არის კონკრეტული მიწვევები ძლიერი ლიგებიდან.
- არ შეგიძლია, დააკონკრეტო, რომელია ეს "ძლიერი ლიგა"?
- ლაპარაკია ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის კლუბებზე.
- თუ საიდუმლო არ არის, რომელი კლუბები გიწვევენ?
- მითხრეს, რომ ინგლისში "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა, გერმანიაში - დიუსელდორფის "ფორტუნა", ესპანეთში კი გიორგი პაპუნაშვილის ახალი კლუბი - "სარაგოსა"... ველოდები ზუსტ პასუხს...
- ევროპის ჩემპიონატს ბევრი სელექციონერი ესწრებოდა და ეს ვარიანტები, მათ შორის - "მანჩეტერ სიტი", ამ პერიოდში გამოჩნდა?
- მე როგორც ვიცი, ასეა. სელექციონერები მამაჩემს ელაპარაკნენ.
- სამი წლის წინ გიორგი ლორიას ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდი იწვევდა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვეს, რადგან ფიფას რეიტინგში 70-ე საფეხურზე ქვევით მყოფი ქვეყნის ფეხბურთელზე შრომის ვიზას არ გასცემენ...
- ამით ჩვენც დავინტერესდით და გვითხრეს, რომ ინგლისელებს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების წევრებზე განსხვავებული მიდგომები აქვთ.
- ანუ?
- თუ მოთამაშე ახალგაზრდაა და საკუთარი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებში თამაშობს, შესაძლოა, მისი პერსპექტივის გათვალისწინებით თამაშის უფლება დართონ და ეს ხელს არ შეგვიშლისო...
- ამ მიწვევებიდან უფრო რეალური და სასურველი რომელია?
- სასურველი ისაა, რომელიც ყველაზე მეტად დაინტერესდება. ჩემთვის ეს არის მთავარი ფაქტორი.
- ყველა დაინტერესებული კლუბი კონტრაქტს გთავაზობს თუ გასინჯვაზე გიწვევს?
- როგორც მე ვიცი, პირდაპირ კონტრაქტზეა ლაპარაკი.
- საქართველოში დარჩენას გამორიცხავ?
- გავიგე, რომ თბილისის "დინამო" დაინტერესდა. მაგრამ ხომ გეუბნებით, ჯერ არ ვიცი, სად ვითამაშებ. ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"