ამ დროს "ქსამაქსის" მთავარ მწვრთნელად შვეიცარიელი ფრანსუა ჩიკოლინი მუშაობდა, რომელიც ერთ თვეში ესპანელმა ხუან კაპაროსმა შეცვალა. თუმცა, ამ რამდენიმე ხნის წინ კაპაროსი არანაკლებ ცნობილი ესპანელი სპეციალისტით ვიქტორ მუნიოსით ჩაანაცვლეს.
"ქსამაქსი" ჩეჩნების გუნდია და საინტერესოა, რომ მუნიოსი მანამდეც ჩეჩნებთან, გროზნოს "ტერეკში" მუშაობდა, მაგრამ სულ
ირაკლი ჩირიკაშვილს შვეიცარიაში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით - როგორ, რანაირად მოხვდა ამ გუნდში და მსგავს თემებზე.
- სიმართლე გითხრათ, თავიდან დაუჯერებლად გვეჩვენებოდა, რომ "ქსამაქსში" ჩაირიცხე.
- ეს ჩემთვისაც ძალიან სასიხარულო წინადადება იყო. სინჯებზე ჩამოვედი და საბედნიეროდ, დამიტოვეს.
- როგორ, რანაირად დაინტერესდა შვეიცარიული კლუბი?
- იყო ინტერესი, შემომთავაზეს სინჯებზე ჩამოსვლა და 10-დღიანი დაკვირვების შემდეგ კლუბმა ჩემთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმება გადაწყვიტა.
- გაგვიკვირდა და გაგვიხარდა - ცნობილი ესპანელი ფეხბურთელის, დავით ნავაროს გვერდით საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშის ხილვა პატარა ამბავი არ არის.
- დღევანდელი რეალობა ასეთია. მე რომ ჩამოვედი, იმ დროს ვიქტორ სანჩესიც დაიმატეს, რომელიც "ბარსელონას" ეკუთვნოდა, რამდენიმე დღეში კი ნავაროც ჩამოვიდა. ახლა უკვე ჩვენთან ოთხი ფეხბურთელია, რომლებიც შარშან პრიმერადივიზიონში თამაშობდნენ.
- ფაქტია, რომ ევროპული გუნდის მწვრთნელებს თავი მოაწონე და გუნდში აგიყვანეს. თავდაპირველად არ გაგიჭირდა სულ სხვა ტემპთან და მოთხოვნებთან შეგუება?
- რა თქმა უნდა, აქ თამაში შედარებით რთულია და ეს ყოველივე პირველივე ვარჯიშზე გამოჩნდა, უფრო ძალისმიერი თამაშია, მეტია მოძრაობა და ტაქტიკურ გადაადგილებებსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. შედარებით რთული ჩემპიონატია, მაგრამ თამაში შეუძლებელიც არაა.
- თანაგუნდელები როგორ დაგხვდნენ?
- ძალიან კარგად, საკმაოდ შეკრული გუნდია და მეგობრული ატმოსფეროა.
- პირველი მატჩები რატომ გამოტოვე?
- პირველ მატჩებში არ მითამაშია, რადგან საბუთების გაკეთება ვერ მოესწრო და შესაბამისად განაცხადშიც ვერ შემიყვანეს.
- "ქსამაქსში" ფეხბურთელთა სოლიდური კამპანიაა. ძირითად შემადგენლობაში შენი მოხვედრის შანსებს როგორ აფასებ?
- შანსებზე საუბარი და შეფასება ჩემი მხრიდან გაუმართლებელი იქნება. ყველაფერი მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. ჩემი საქმე ვარჯიშია და როცა ამის შესაძლებლობა მომეცემა, შეძლებისდაგვარად თავის უკეთ უნდა წარმოვაჩინო. "ქსამაქსში" 1 წელი ვიქნები. მეტი ჯერ არაფერი ვიცი, დროთა განმავლობაში გამოჩნდება, რა და როგორ იქნება.
- "ქსამაქსს" როგორ დაახასიათებდი?
- აქ შეკრებილი კონტიგენტი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საკმაოდ პერსპექტიული გუნდია. ვფიქრობ, რომ სწორად მუშაობის შემთხვევაში გუნდს კარგი მომავალი ექნება.
- ასე მგონია, ბედის ნებიერა უნდა იყო, რუსები ასეთ შემთხვევაზე ამბობენ, из грязи - в князи, ანუ საქართველოს ჩემპიონატიდან შვეიცარიის ერთ-ერთ ამბიციურ კლუბში მოხვედრას ვგულისხმობ.
- კარგ გუნდში მოსახვედრად აუცილებელი არაა, ბედის ნებიერა იყო. ყველაფერი უფლის ნებაა, ისე არაფერი ხდება.
- საქართველოში შენი შესაძლებლობები აშკარად ვერ გამოავლინე - ეს შენი მიზეზით მოხდა, ხელიც არავინ შეგიწყო თუ კიდევ სხვა რამ იყო?
- მიზეზებზე საუბარი დაუღალავად შეიძლება, მაგრამ ვიღაცაზე გადაბრალებას მიზანშეწონილად არ მივიჩნევ.. იმაზე საუბარს, თუ რა იყო წარსულში, მირჩევნია ჩემი საქმე ვაკეთო და მომავალზე ვიფიქრო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"