წელს გუნდისთვის ეს პირველი ერთობლივი ვარჯიში იყო, რადგან მანამდე სამედიცინო შემოწმების გამო, ლეგიონერები და რუსები ცალ-ცალკე ვარჯიშობდნენ.
19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდის მწვრთნელის ვალერი კარპინის განკარგულებაში მყოფ 25 ფეხბურთელთან ერთადაც ივარჯიშა.
სასიხარულოა, რომ ანანიძეს ტრავმები აღარ აწუხებს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. არადა, ფეხბურთელმა სწორედ ტრავმების გამო საკმაოდ ცუდი სეზონი ჩაატარა და მიმიდნარე სეზონში თავის გამოვლენის საშუალება პრაქტიკულად არ ჰქონია.
საგულისხმოა უკრანული "ოლექსანდრიას" ახალი თავკაცის ლეონიდ ბურნიაკის სიტყვები, რომელმაც ვალერი კარპინთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ დავით თარგამაძის ყოფილ კლუბს "სპარტაკის" რამდენიმე ლეგიონერი შეემატება. თურმე მას კარპინი დაჰპირდა, რომ რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს დაუთმობს, რომლებიც ნიჭის მიუხედავად, მოსკოვური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან.
ამის გათვალისწინებით, სრულიად შესაძლებელია საუბარი ჯანო ანანიძეზეც იყოს, მაგრამ ბურნიაკი სახელებს საჯაროდ ჯერ არ აცხადებს.
ასეა თუ ისე, ჯანო ჯერაც "სპარტაკის" ფეხბურთელია და გუნდს ზამთრის შეკრებაზე საემიროებში მიყვება.