ნიკოლოზ გელაშვილი: მეორე ბუნდესლიგა ალექსანდრე იაშვილმა მირჩია

AutoSharing Option
ნიკოლოზ გელაშვილი "ბოხუმთან" კონტრაქტის გაფორმების მეორე დღეს გერმანული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. სასიამოვნო ფაქტია, რომ საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელისა და ბომბარდირის მეორე ბუნდესლიგაში გადასვლას, თავად გერმანული სოლიდური გამოცემების რეზონანსი მოჰყვა.

თუ გულშემატკივართა კომენტარებსაც გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ქართველ ფეხბურთელზე დიდ იმედებს ამყარებენ, როგორც გუნდი, ასევე გულშემატკივრები და მედია.

"ლელო" ნიკოლოზ გელაშვილს გერმანული შთაბეჭდილებების და მედიასთან შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.

- შენით გერმანიის პირველი ბუნდესლიგის გუნდები იყვნენ დაინტერესებულნი, რატომ აირჩიე მეორე ბუნდესლიგის გუნდი?
- ჩემთვის არ არის ცნობილი, თუ რა გუნდები
დან იყო შემოთავაზება და სიმართლე გითხრათ, მერჩივნა, ამ გუნდში წამოვსულიყავი. როდესაც "ბოხუმის" დაინტერესებაზე გავიგე, თავიდანვე ვთქვი, მირჩევნია წავიდე ამ გუნდში, ვითამაშო, მეტი პრაქტიკა მივიღო და შევეჩვიო-მეთქი და შემდეგ სხვა გუნდში გადავიდე.

იმის შანსი არსებობს, რომ თავად "ბოხუმი" გადავიდეს პირველ ბუნდესლიგაში, აქ გამოვიჩინო თავი, ხომ ხვდებით, თამაში სადაც მომიწევს და სადაც ვჭირდები, იქ მირჩევნია მეც.

- გერმანიაში ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ. რომელმა მათგანმა გირჩია მეორე ბუნდესლიგა?
- ალექსანდრე იაშვილს ველაპარაკებოდი ძალიან ხშირად და მისი რჩევა იყო, რომ მეორე ლიგა ამერჩია. კობიაშვილსაც ველაპარაკე, დღესაც დამირეკა, ძალიან გახარებულები არიან და ორივეს რჩევა იყო, რომ ჯერ მეორე ბუნდესლიგა გამომეცადა.

შეიძლება, ჩემი გუნდიც გადავიდეს პირველ ბუნდესლიგაში და ამ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებებს, რისი იმედიც ძალიან მაქვს.

- ყველა ჩემპიონატს თავისი სპეციფიური ნიშნები აქვს, თუ მიიღე იგივე კობიაშვილისა და იაშვილისგან კონკრეტული რჩევები, რაზეც მეტი ყურადღება უნდა გაამახვილო თამაშისას?
- მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ენა არ ვიცი, ამისი არ შემეშინდეს და მორიდებულად არ ვიყო, არც გუნდში, არც მოედანზე.

- ენის ბარიერის დაძლევას როგორ აპირებ?
- მასწავლებელი ამიყვანეს, მოვემზადები, გულს დავუდებ, რომ ძალიან მალე ვისწავლო. ენის გარეშე ძნელი იქნება, უნდა გაიგო, რასაც მწვრთნელი გეტყვის, ფეხურთელებთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანია, ამიტომ აუცილებლად ვისწავლი.

- პრიმერადივიზიონის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს "ესპანიოლს" შენი დამატება სურდა, თუმცა საუბარი ჯერ იჯარაზე იყო, შემდეგ კი კონტრაქტზე. ბევრს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ესპანური გრანდი დაინტერესდეს და მას უარი უთხრას, რატომ არ წახვედი ესპანეთში?
- ამ გუნდზე ჩემმა მენეჯერმა მითხრა. მერჩივნა, წავსულიყავი ისეთ გუნდში, სადაც ნელ-ნელა იმ წარმატებისთვის მიმეღწია, რაც დაგეგმილი მაქვს. არ მგონია, რომ "ესპანიოლს" ვინმეს დამატება სურდეს და ამისი ფული არ ჰქონდეს, ან მისი შეძენა ვერ მოახერხოს პირდაპირი წაყვანის წესით. გერმანია ვამჯობინე, ასე გადავწყვიტე.

- სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა ჩაითვალოს, რომ შენს გადასვლას სრულიად გერმანული სპორტული მედია ეხმაურება და ისეთმა სოლიდურმა გამოცემებმა დაწერეს, როგორიც "კიკერია".
- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და "ბოხუმში" რომ მოვხვდი, ესეც სტიმულია ჩემთვის. მინდა, გავამართლო ჩემ მიმართ გამოჩენილი ინტერესი და ნდობა. პრესაში რომ იწერება, ესეც სტიმულია, მინდა მეტს მივაღწიო.

- როგორ ჩაიარა შენი და მედიის წარმომადგენლების შეხვედრამ, ვინ გიწევდა თარჯიმნობას ჟურნალისტებთან საუბრისას და ხომ არ ღელავდი?
- არა, არ ვღელავდი. ბატონი ნოდარ ახალკაცი მეხმარებოდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- შენი დებიუტი როდის უნდა შედგეს?
- შეკრება არ გამივლია, აქ იციან უვარჯიშებელი რომ ვარ და მითხრეს, შენთვის რამდენიც იქნება საჭირო, ერთი, ორი თუ სამი კვირა, მოგცემთ, რომ შეხვიდე ფორმაში და ითამაშო, ჩვენ არ გაჩქარებთო, ნელ-ნელა იქნება ყველაფერი. დებიუტი როდის იქნება, ეს ჯერ არ ვიცი, პირველი ვარჯიში დღესაა.

- "ბოხუმის" თავდამსხმელების მონაგარში არც თუ ისე ბევრი გატანილი გოლია და უჭირთ შეტევაში, ესეც ხომ არ ართულებს და ზრდის შენს პასუხისმგებლობას?
- რამდენად უჭირთ, ამას ვერ გეტყვით, ერთი თავდამსხმელი გაყიდეს "კიოლნში", მეორე ტრავმირებული ჰყავთ, ორი ახალგაზრდაა კიდევ. ვნახოთ, როგორ იქნება.

- ვიცი, რომ შენით "კიოლნიც" ინტერესდებოდა, მაგრამ "ზესტაფონმა" არენდაზე უარი უთხრა. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელისათვის შეურაცხმყოფელია არენდით წასვლა?
- "კიოლნიდან" რა, როგორ იყო, არ ვიცი, "ზესტაფონმა" რა გააკეთა, არც ეს. მაგრამ როდესაც გუნდი გიწვევს იჯარით, ნიშნავს, გრძელვადიან სინჯზე ხარ იქ. ერთი თვე რომ იყო სინჯებზე და არ იცოდე, შემდეგ რას გადაწყვეტს ის გუნდი, დაახლოებით ასეა, მერჩივნა, წამოვსულიყავი აქ და მომეწერა პირდაპირ კონტრაქტზე ხელი.

- "ზესტაფონს" შენი დატოვება სურდა, კლუბის პრეზიდენტმაც გთხოვა, თუმცა არ გადაგიფიქრებია. ამოწურა ნიკა გელაშვილმა თავი საქართველოში?
- არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ვთვლი, რომ საქართველოში ყველაფერი გავაკეთე, მინდოდა უკეთეს გუნდში გადავსულიყავი და უკეთეს ფეხბურთელებთან ერთად მეთამაშა. მე და კლუბის პრეზიდენტს გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შევთანხმდით რაღაცა პირობების სანაცვლოდ, რომ აუცილებლად გამიშვებდა კლუბიდან, რეალური წინადადების შემთხვევაში და აი, ფაქტი სახეზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული