იმ ფოტოზე ბეითსს ხელი ჰქონდა გადახვეული ქართველზე, ეს ბიჭი ჩვენთან უნდა დარჩესო, თითქოს ამის თქმა უნდაო...
რატი ალექსიძე მაშინ თბილისის "დინამოს" მეორე გუნდში თამაშობდა და სტაჟირებაზე გახლდათ "ჩელსიში". რატი ხელმეორედაც მიიწვიეს "სტემფორდ ბრიჯზე", მერე კი კონტრაქტიც გაუფორმეს - საქართველოს ჩემპიონატიდან მყის
ალექსიძე "დინამოში" დავით ყიფიანის მწვრთნელობისას დაწინაურდა. გუნდს დასჭირდა და ცენტრფორვარდი რატი მწვრთნელმა მარცხენა ნახევამცველად გაამწესა. ალექსიძემ ამ პოზიციაზეც გაამართლა, გოლები გაჰქონდა და საგოლე პასებსაც არიგებდა, რაც მთავარია, თამაშის წაყვანა შეეძლო, უკვე ლიდერი იყო.
"ჩელსიში" დამკვიდრებას კი მეტი და მეტი სჭირდებოდა. პროფესიონალური სპორტი ძნელად მოსანელებელი სირთულეა. ეს არ არის მხოლოდ ცხოვრების შანსი, ეს რისკია - ჯანმრთელობის და ცხოვრებაში რაღაცის დაკარგვის. სპორტსმენმა ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი, ალბათ, ეს არის მთავარი გამოცდა მისი ნებისყოფისთვის.
"ჩელსიში" დამკვიდრების საუკეთესო შანსი ალექსიძეს ალბათ მაშინ ჰქონდა, როცა გუნდის თავკაცად კლაუდიო რანიერი დანიშნეს, მაგრამ ვერა, ეს შანსიც გაიფლანგა.
მაშინ უცხო ხილი იყო კარგი საფეხბურთო ქვეყნებიდან საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება.
თბილისის "დინამო" ბადრი პატარკაციშვილს აყიდინეს და შესაძლებელი გახდა ძვირიანი პროექტების განხორციელება. რატი "დინამოში" დაბრუნდა. ხორვატმა ივო შუშაკმა კარგად აუღო ალღო ქართულ ზნეს. მაშინ ქართველები სხვანაირად ქართველობდნენ, ჩვენი მენტალიტეტი თითქოს უძრაობის ხანაში იყო ჩარჩენილი. შუშაკი ამას ჭვრეტდა, ისეთი ატმოსფერო შეჰქონდა "დინამოში", როგორიც მასაც აძლევდა ხელს და ფეხბურთელებსაც. "დინამოში" მუშაობის პირველ პერიოდში ხორვატმა საქმეს თავი კარგად გაართვა, ფეხბურთელებიც კარგად ათამაშდნენ, რატიც იმ ძველ რატის დაემსგავსა, "ჩელსიში" წასვლამდე რომ გვახსოვდა. ალექსიძემ მოახერხა და ხელახლა შეუდგა სპორტსმენობას.
შუშაკი "დინამოში" - არ ჩანდა იმის რესურსი, რომ ეს ხანგრძლივი პროექტი იქნებოდა. ივო წავიდა, მისი გუნდიც დაიშალა, ალექსიძემ რუსეთს მიეშურა, "როსტოვში" გადავიდა.
რატიმ რუსეთში დრო დაკარგა. ტრაგედია შეემთხვა პირად ცხოვრებაში - მოულოდნელად გარდაეცვალა მამა. ალექსიძე "როსტოვში" და ფეხბურთში აღარ ჩანდა, ავტოავარიაც კი შეემთხვა. მისი სპორტში დაბრუნების ცოტას თუ სჯეროდა, რადგან ამ იმედის საფუძველი თითქოს აღარ არსებობდა.
ორი წელი სპორტისთვის დიდი დროა, როცა უკვე 26-27 წლის ხარ, კარიერის პიკში უნდა იყო, რატი კი ფეხბურთისგან განზე აღმოჩნდა.
ალექსიძე ერთი შეხედვით ვერ არის კარგი მაგალითი ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, მაგრამ ბევრს შეუძლია ის, რაც მან გააკეთა?
ორწლიანი პაუზის შემდეგ რატიმ ვარჯიში დაიწყო, პულსი ორასამდე ადიოდა, მაგრამ ალექსიძე ისეთი ღონიერი გამოდგა, ყველა სიძნელეს მოერია და ფეხბურთში ხელახლა კი არ დაბრუნდა, არამედ ხელახლა გახდა ფეხბურთელი.
თბილისის "ლოკომოტივში" ის თავის მეგობრებთან მოხვდა, მწვრთნელებითა და ფეხბურთელებით შინაურული წრე შეიკრა, ეს ისეთი გარემო იყო, ალექსიძეს რომ ეხმარებოდა. რატიმ კიდევ ერთხელ მოაწონა თავი ყველას, დაამტკიცა, რომ ბევრი შეუძლია, ეროვნულ ნაკრებშიც კი დააბრუნეს.
ნაკრები ცოტა სხვა რამეა, სანაკრებო კლასი ძალიან მკაცრი განსაზღვრებაა და ყველაფერს არ პატიობს.
ფეხბურთელ ალექსიძის გზა კი გრძელდება. ის სტაბილურად თამაშობს უნგრულ "დიორში", მისი გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზეა, 33 წლის რატის ძველებურად ვეღარ გააქვს ბევრი გოლი, მაგრამ სულ მოედანზეა და ფეხბურთს თამაშობს.
არ ვიცი, დაწერს თუ არა ალექსიძე ავტობიოგრაფიულ წიგნს, ერთი კი ნამდვილად ვიცი - მისი ამბავიდან კარგი წიგნი გამოვიდოდა, ასეთების ბიოგრაფია ყოველთვის მძაფრი და საინტერესოა და აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, რამდენი მატჩი ჩაატარა და რამდენი გოლი გაიტანა.
კენ ბეითსიც მგონი არ ცდებოდა, რატი მართლაც რკინისებური გამოდგა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"