შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს "ხაზართან" 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ კახა ცხადაძემ მასპინძელთა თავკაცს, იუნის ჰუსეინოვს უხეში ფორმით მიმართა, მეტოქის გამარჯვება კი ცუდ მსაჯობას მიაწერა.
ინციდენტის გამო აზერბაიჯანის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ორივე მწვრთნელი სიტყვიერად გააფრთხილა.
მართალია, ორი დღის მერე "აზერიფუტბოლს" ჰუსეინოვმა განუცხადა, ცხადაძესთან საერთო ენა გამოვნახე და ჩვენ შორის ინციდენტი ამოწურულიაო, ცხადაძე ისევ და ისევ რჩება აზერბაიჯანული მედიის მთავარ თემად.
"დისციპლინარების გადაწყვეტილება არ გამკვირვებია. გაგანია სეზონის დროს ქვეყნის ერთ-ერთი
...არ მჯერა, რომ ელჩინ მამედოვს (იმ მატჩის მსაჯს) ლენქორანელი გულშემატკივრების შემორიგება სურდა, რომელთათვისაც მიმდინარე სეზონში "პერსონა ნონ გრატა" გახდა. არც ბაქოელთა გულშემატკივრებს დავეთანხმები, რომლებიც მამედოვს "შავი ძალების" წარმომადგენლად მიიჩნევენ, რომლებსაც გუნდის ჩემპიონობა არ სურთ.
საერთოდ, რა საჭირო იყო ხელი შეეშალათ "ინტერისთვის", რომელმაც აშკარად მოუკლო და ბოლო სამივე მატჩი წააგო? ასე მგონია, რომ მამედოვი პირველ გაძევებაზე შეცდა, მერე კი სტუმართა რეპლიკებმა გაამწარა და ასე გახდა მატჩის ანტიგმირი.
...თვითმხილველთა თქმით, მატჩის შემდეგ ცხადაძემ კოლეგას მიაძახა, სუფთა თამაშით ვერ მომიგებდიო. თუ მართლაც ასე მოხდა, ქართველი სპეციალისტი, პროფესიული ეთიკის თვალსაზრისითა და სტადიონზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, აშკარად არასწორად მოიქცა.
იუნის ჰუსეინოვს მსაჯობასთან რა კავშირი ჰქონდა? ცხადაძე აშკარად გაცეცხლდა და მოწინააღმდეგეებს სალაპარაკო მისცა. ამის გამო მისთვის უნდა მიეცათ არა სიტყვიერი გაფრთხილება, არამედ 2-3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, ვნებები რომ დაიცხროს და კოლეგებთან საქმეები აღარ არჩიოს.
საერთოდ, ცხადაძის ხასიათზე ლაპარაკობს ყველა, ვისაც არ ეზარება - მისი ის კოლეგებიც კი, ვინც მორალური თვისებებითა და წესიერებით არ გამოირჩევიან. დიახ, რთული ხასიათი აქვს, ასეთ ადამიანებთან მეგობრობა ძნელი, ზოგჯერ, სულაც საშიშია. ბოლომდე არც იცი, როდის და სად აფეთქდება და კრიტიკაზე რა რეაქცია ექნება.
მაგრამ, მეორე მხრივ, ის არც არავის სთხოვს მეგობრობას. თავისთვის მუშაობს, გუნდს აყალიბებს, ლიდერებს ქულებს ართმევს და თავდაჯერებულ ჩინოვნიკებს ამწარებს. დაე, გააგრძელოს იგივე სულისკვეთებით. ცხადაძის ეკლიანი ხასიათი ვის უშლის ხელს? კლუბის თანამშრომლებს? სხვათა შორის, გულწრფელად ვწუხვარ კლუბის ბოსების გამო, რომლებმაც მთავარი მწვრთნელის საქციელებისთვის ჯარიმებში მრავალი ათასი მანათი (1 მანათი დაახლოებით 1 ევროა. - რედ) გადაიხადეს. მაგრამ მათ არჩევანი გააკეთეს და, როგორც ჩანს, ცხადაძით კმაყოფილნი არიან".
დღეს აზერბაიჯანულ ფეხბურთს ცხადაძისნაირი ადამიანები სჭირდება", - ამბობს ჩემთვის პატივსაცემი კოლეგა "ფუტბოლ+"-იდან და აგრძელებს, რომ ასეთი პერსონები არღვევენ ჩვენი საფეხბურთო ცხოვრების ერთფეროვნებას, უსამართლობას კი ბრძოლას უცხადებენო.
ვერაფერს იტყვი, ამ პოზიციასაც აქვს არსებობის უფლება.
მაგრამ ცხადაძე, უპირველესად, საკუთარი კლუბის ინტერესებს იცავს და თამაშის წესები მის სასარგებლოდაც დარღვეულა. მეორეც, ერთი კაცი ომს ვერ მოიგებს. და სანამ ჩვენი საფეხბურთო ელიტა შიდა პრობლემებზე გულწრფელ ლაპარაკს არ დაეჩვევა, ცხადაძეები და რედნიკები (რუმინელი სპეციალისტი, ჰუსეინოვამდე რომ წვრთნიდა "ხაზარს" ) ჩვენს ფეხბურთს ვერ უშველიან", - წერს კიდევ ერთი აზერბაიჯანული ინტერნეტ-გამოცემა "ექსტრა-ტაიმი".
ასევე იხილეთ:
კახა ცხადაძე: "ღირს კი ასეთ ვითარებაში აზერბაიჯანში ჩემი დარჩენა?"
"კახა ცხადაძემ აზერბაიჯანში მოქცევა უნდა ისწავლოს!"
azerisport.com: კახაბერ ცხადაძის "საქმენი საგმირონი" აზერბაიჯანში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"