ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველმა მურთაზ დაუშვილმა უკრაინულ საიტ ua-football.com-ს სკანდალური ინტერვიუ მისცა, სადაც თავის ყოფილ კლუბ "ზესტაფონთან", უშუალოდ კი, მის პრეზიდენტ ილია კოკაიასთან დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბუბა დაუშვილი ლვოვურ კლუბს 2011 წლის ზაფხულის ბოლოს შეუთანხმდა, როდესაც "ზესტაფონთან" კონტრაქტი კიდევ 6 თვით აკავშირებდა. ზესტაფონურ კლუბში დაუშვილის ნაბიჯის გამო განაწყენდნენ და ნახევარმცველი დუბლებში გადაიყვანეს.

საქართველოს ჩემპიონებთან კონტრაქტის გასრულების შემდეგ, 2012 წლის დასაწყისში, დაუშვილი უკრაინაში გადაბარგდა, თუმცა "კარპატიმ" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ისე განახორციელა, რომ "ზესტაფონი" კომპენსაციის გარეშე დატოვა (იხილეთ ვრცლად).

საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში უკრაინული კლუბი თაღლითობაში დაადანაშაულა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ამ სქემაში თავად დაუშვილიც მონაწილეობდა (იხილეთ ვრცლად).

ua-football.com: მურთაზ დაუშვილი: "ილია კოკაიას ჩემი, როგორც ფეხბურთელის, მოსპობა სურდა".

როგორც წესი, ჟურნალისტი ეძებს მეთოდებს, რათა ფეხბურთელამდე მიაღწიოს და "პირიდან სიტყვა ამოგლიჯოს". "კარპატის" ნახევარმცველ მურთაზ დაუშვილთან საუბარი - განსაკუთრებული შემთხვევაა. ფეხბურთელმა თავად გამოძებნა ჟურნალისტთან შეხვედრის საშუალება. თანაც, ის ხელცარიელი არ მოვიდა და თან სკოლის რვეულიდან ამოხეული რამდენიმე ფურცელი მოიტანა, რომელზეც ქართული ასოებით რაღაც ეწერა.

დაუშვილმა უკრაინულად სულ რამდენიმე სიტყვა იცის და ამიტომ თან თარჯიმანი იახლა. აშკარად გაცეცხლებული ჩანდა...

- რა მოხდა, მურთაზ?
- პირველი რიგში, გთხოვ, ბუბა დამიძახე. სახელი მურთაზი საქართველოში 50-60 წლის ადამიანებს უფრო შეეფერებათ, მე კი ჯერ ახალგაზრდა ვარ...

თქვენთან სალაპარაკოდ სერიოზულმა პრობლემამ მომიყვანა.

დღეს საქართველოში, ერთი ადამიანის ძალისხმევით, ჩემს სახელს წამყვანი ტელეარხებითა და საიტებით ჩრდილს აყენებენ. ასე გაგრძელება უკვე აუტანელია, რადგან ამას ჩემი მშობლები და ახლობლები ხედავენ.

თქვენთან, უკრაინაში, ალბათ, ძნელად გასაგებია, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც ამდენ ტალახს ესვრიან. მით უმეტეს - სრულიად დაუმსახურებლად.

ბოლო წვეთი ვრცელი ინტერვიუ გახდა, რომელიც ქართულ საიტებზე გამოჩნდა.

- შეგიძლია თქვა, ვინ აკეთებს ამას?
- მას ილია კოკაია ჰქვია - ჩემი ყოფილი კლუბის, "ზესტაფონის" პრეზიდენტია.

- და რა გაქვთ გასაყოფი?
- ძალიან გრძელი ისტორიაა. დავიწყებ იმით, რომ "ზესტაფონში" 6 წელი გავატარე და ამ კლუბისთვის ყველაფერი გავიღე. შარშანწინ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და შესაბამისად, ჩემით საზღვარგარეთაც დაინტერესდნენ. თუმცა პრეზიდენტი საგულდაგულოდ მიმალავდა ყველა წინადადებას და მათ შესახებ არაფერს მეუბნებოდა.

ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ მაშინ, როცა "ზესტაფონთან" კონტრაქტის დასრულებამდე წელიწადი და სამი თვე მრჩებოდა, ჩემი შეძენით მოსკოვის "სპარტაკი" იყო დაინტერესებული. ჩემმა მეგობარმა ჯანო ანანიძემ მიამბო, რომ ვალერი კარპინს თავის გუნდში ჩემი ხილვა სდომებია.

თურმე, მოსკოველები ჩემში მილიონი დოლარის გადახდას თანხმდებოდნენ, კოკაიას კი ორნახევარი მილიონი მოუთხოვია.

- და რა არის იმაში ცუდი, რომ პრეზიდენტი ასე ძვირად გაფასებდა? ალბათ, მისი გუნდისთვის საჭირო იყავი...
- დიახ. კოკაიას მართლაც არ უნდოდა ჩემი გაშვება. თუმცა მისი დამოკიდებულება ფეხბურთელებისადმი სულაც არ ჰგავდა პრეზიდენტისას და ის უფრო მონათმფლობელურს მოგაგონებდათ. ეს მისი ინტერვიუდანაც ჩანს, სადაც ამბობს, რომ მე არაკაცურად მოვიქეცი, როდესაც "ზესტაფონიდან" წავედი. ის აცხადებს, რომ მე უმადური ვარ, რადგან ამ კლუბმა გამომზარდა - ჩამაცვა, დამახურა და გამომკვება.

მეც ისევე მაძლევდნენ ბუცებსა და სპორტულ ფორმას, როგორც სხვა მოთამაშეებს და საჭმელსაც სხვებთან ერთად ვჭამდი. რაშია ჩემ მიმართ კლუბის განსაკუთრებული ამაგი ან ჩემი დანაშაული?

მე ვთამაშობდი "ზესტაფონისთვის" და ძალისხმევას არ ვიშურებდი მისთვის! ამაში 1000 დოლარს მიხდიდნენ - სწორედ ასეთი იყო ჩემი ხელფასი, საიდანაც 400-ს ბინის ქირაში ვიხდიდი.

და ეს ადამიანი დღეს მე მადანაშაულებს იმაში, რომ გუნდი მივატოვე?

დიახ, მე წავედი "ზესტაფონიდან", მაგრამ ეს გავაკეთე მაშინ, როცა კლუბთან კონტრაქტი დამიმთავრდა. მე ვალში არავისთან ვარ!

- როგორც ვიცით, შენ "კარპატიში" კარიერის გაგრძელება ჯერ კიდევ ზაფხულში გადაწყვიტე...
- მთლად ასეც არ ყოფილა. სანდო პირისგან ვიცოდი, რომ "კარპატის" ჩემ მიმართ კონკრეტული ინტერესი ჰქონდა და "ზესტაფონთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ შემეძლო საკუთარი კარიერის მომავალზე მშვიდად ვყოფილიყავი.

არ დაგიმალავთ, გარკვეულწილად ეს დამეხმარა გადამეტანა ის საშინელი 6-თვე, რომელიც "ზესტაფონმა" ნამდვილ ჯოჯოხეთად მიქცია. გადამიყვანეს მეორე გუნდში, მაგრამ მოედანზე ვარჯიშის საშუალებაც კი არ მომცეს. ადგილი კარების უკან მიმიჩინეს და მთელი ჩემი ვარჯიში იქ მიმდინარეობდა.

ვერ ვიტყვი, რომ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ დამოკიდებულება უკეთესი იყო. ვთქვათ, დილით აკეთებდნენ სუპს, საღამოს მას გაცივებულს გვაჭმევდნენ. არა მხოლოდ მე, ყველას.

მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობის უსინდისობაში საბოლოოდ მაშინ დავრწმუნდი, როდესაც პირად პრობლემას შევეჯახე. ამის შესახებ საუბარი მიჭირს, მაგრამ შევეცდები გიამბოთ.

ერთ-ერთი თამაშის წინ დამირეკეს და მითხრეს, რომ დედაჩემი ძალიან ცუდად იყო და მას სასწრაფოდ ოპერაცია სჭირდებოდა. მე ყველაფერი მივატოვე და თბილისში გამოვიქეცი. ოპერაციისთვის თანხა მჭირდებოდა, ჩემი ხელფასი კი, როგორც უკვე გითხარით, 1000 დოლარს შეადგენდა.

ხელფასს, როგორც წესი, ყოველი თვის 4 რიცხვში ვიღებდით. ხელფასამდე რამდენიმე დღე რჩებოდა და კლუბის ხელმძღვანელობას ვთხოვე, თანხა ადრე მოეცათ, რათა დედისთვის ოპერაცია გამეკეთებინა. უარით გამისტუმრეს - ხელფასს ვადაზე ადრე არავის ვაძლევთ და ვერც შენ მოგცემთო.

- მხოლოდ ეს იყო უარის მიზეზი?
- არა. ასევე მითხრეს, ეჭვი გვაქვს, ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ტოტალიზატორში ფსონებს აკეთებენო... გაოცებული ვიყავი, როდესაც ეს მიზეზი მოვისმინე. კიდევ კარგი, თანაგუნდელები დამიდგნენ მხარში. ამის შემდეგ კი ჭკუა ვისწავლე...

- ბოლო 6 თვე დუბლებში გაატარე?
- ...და საქართველოს ნაკრებში. დიდი მადლობა ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, რომელიც მხარს მიჭერდა. რომ არა შეკრებებზე გამოძახება, ძნელი სათქმელია, საფეხბურთო თვალსაზრისით, როგორი ვიქნებოდი დღეს. ქეცბაია შემადგენლობაში მაყენებდა და სათამაშო პრაქტიკა მქონდა.

ძალიან მადლიერი ვარ "ზესტაფონის" გულშემატკივრებისაც, რომლებიც ასევე მხარს მიჭერდნენ.

ილია კოკაია ჩემი, როგორც ფეხბურთელის, განადგურებას ცდილობდა. სასაცილო იყო - მან ჩემი დუბლებში გადაყვანა იმით ახსნა, თითქოს თამაშს მოვუკელი, მაგრამ კითხვაზე - მაშ, რატომ მიძახებდნენ ნაკრებში, - პასუხი არ ჰქონდა.

სამაგიეროდ, ქეცბაია გამოვიდა ტელევიზიით და თქვა: "ვერ გამიგია "ზესტაფონის" ხელმძღვანელობისა, რომელიც ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს დუბლებში ამყოფებს".

- ბოლოს როდის შეხვდი "ზესტაფონის" პრეზიდენტს?
- იანვრის დასაწყისში. მან თავის კაბინეტში მიმიწვია. იქ ბევრნი იყვნენ, ძირითადად, მისი მეგობრები... კოკაია კლუბთან ხელშეკრულების გაფორმებას მთავაზობდა და თან მარწმუნებდა, რომ კიევის "დინამოში" ან "დნიპროში", ჩემი სურვილისამებრ, გამიშვებდა. კოკაიამ სანაცვლოდ ასი ათასი დოლარი შემომთავაზა; უარის შემთხვევაში კი დამემუქრა, რომ სიცოცხლეს ჯოჯოხეთად მიქცევდა.

მე უარი ვუთხარი. ამ ყველაფრის შემდეგ მისი სიტყვების აღარ მჯერა და არც მისი მუქარის მეშინია. მე - პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და ცხოვრებაში ჩემთვის ფული ყველაზე მთავარი არაა, განსხვავებით ღირსებისგან. მე მას დედასთან დაკავშირებული ამბავი შევახსენე, რაზეც გაკვირვებული ტონით მითხრა: "რატომ არ დამირეკე?" მაგრამ ეს ბლეფი იყო.

- შენი აზრით, როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები?
- პირველ რიგში, მინდა ადამიანებმა სიმართლე გაიგონ. რამდენიმე დღის წინ ტელეეთერით გამოსვლისას კოკაიამ თქვა, რომ პროკურატურაში ჩემზე განცხადებას შეიტანს. არ ვიცი, ამით რისი თქმა სურს. მე არც არავინ მომიკლავს და არც არაფერი მომიპარავს. როგორც ჩანს, ამ გზით ჩემზე შურისძიება სურს და ჩემი ოჯახის აფორიაქება უნდა. სხვა ახსნა არ მაქვს.

- ბუბა, კიდევ ერთ საკითხში გაგვარკვიე - "კარპატის" განაცხადში შენს გვართან "იჯარაა" აღნიშნული...
- საქმე ისაა, რომ როდესაც "ზესტაფონთან" კონტრაქტი ამომეწურა, ლვოვში "კარპატისთან" კონკრეტული შეთანხმების გასაფორმებლად მოვედი.

ყველაფერი რომ გადაწყვეტილი მეგონა, აღმოჩნდა, რომ "კარპატიმ" ჩემს ნდობით აღჭურვილ პირთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. პაუზა გაჭიანურდა. უკვე მთავრდებოდა სასწავლო-საწვრთნელი შეკრება, სადაც უნდა გაფორმებულიყო კონტრაქტი. კლუბში ამიხსნეს, რომ კონტრაქტს ჩემი ყოფილი კლუბის არაადეკვატური მოთხოვნებისა და ქმედებების გამო არ მიფორმებდნენ.

სწორედ ამიტომ, ჩემი სანდო პირის რჩევით, უკრაინაში შრომის უფლების შემდგომი გაგრძელებისთვის პირველი ლიგის საფეხბურთო კლუბისგან, "ლვოვისგან", წინადადება მივიღე. ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს უკანასკნელი ჩემთვის მისაღებ ნებისმიერ ძლიერ კლუბში გადასვლას დაუყოვნებლივ დათანხმებოდა.

ამის შემდეგ "კარპატიმ" კვლავ გამოიჩინა ჩემ მიმართ ინტერესი და იჯარის ვარიანტიც გამოჩნდა, რისი დასრულების შემდეგაც, იმედი მაქვს, ლვოვურ კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გავაფორმებ.

- შეიძლება "ზესტაფონის" პრეზიდენტთან კონფლიქტი "კარპატიში" შენს თამაშზეც აისახოს?
- მე ფეხბურთით ვცხოვრობ და მინდა საქართველოს ფეხბურთის თამაშით გამოვადგე და მსოფლიოში ვასახელო. სამშობლო და ოჯახი - ჩემთვის ყველაზე ფასეულია. მინდა ჩემს საყვარელ საქმეს პირნათელი ვაკეთებდე და ამ გზაზე წინ ვერავინ დამიდგება.

- ბოლო მატჩებიდან ისე ჩანს, რომ "მწვანე-თეთრების" გუნდის ნახევარდაცვის ლიდერად ყალიბდები...
- ჩემთვის სასიამოვნოა ამის გაგონება, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ უადგილოა. ისეთი გუნდისთვის, როგორიც "კარპატია", სირცხვილია აუტსაიდერთა შორის ყოფნა. უფსკრულიდან ყველანი ერთად უნდა ამოვიდეთ და ვიბრძოლოთ მაღალი ადგილებისთვის.

და კიდევ, უკრაინის თასი უნდა მოვიგოთ. ნახევარფინალში დონეცკის "მეტალურგს" დავუპირისპირდებით - გუნდს, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ჩემპიონატში დავმარცხდით. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რევანში ავიღოთ.

ესაუბრა ანდრეი შულგა
მკითხველის კომენტარები / 17 /
დაუშვილის ამბავი არც პირველი იყო და არც ბოლო, დაფიქრდით (ეს უფრო კოკაიას პირად ფანებს ეხებათ)რატომ არის ყოველთვის გაუგებრობა და სკანდალი მაინცდამაინც ზესტაფონში? ორი შრომითი ხელშეკრულებები, დაბალი ხელფასები ხშირად 500 ლარიც, არაადამიანური მიდგომა სპორტსმენის მიმართ...
დათო
20:35 15-09-2013
0
რას ერჩით ამ ბიჭს? სიმართლე რომ თქვა? ვინც არის ჩახედული ფეხბურთის საქმეებში იმან კარგად იცის რაც ხდება ქართულ ფეხბურთში,ერთი ნახეთ რა კონტრაქტებს უფორმებენ ბავშვებს 5 წლიანებს და და მართლა მონურს,რას ქვია არ გაუშვა სპარტაკში ან სხვა უკეთეს გუნდში? თვითონ რა უკეთეს პირობებს თავაზობს?
კოკაიას თავში აქვს ავარდნილი,
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული